გამოცდების შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობით თბილისში მძლეოსნობის 22-მა მწვრთნელმა საერთაშორისო სემინარებში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც თურქი სპეციალისტი მეჰმეთ კალე ხელმძღვანელობდა.

10-დღიანი სწავლების შემდეგ გუშინ გამოცდები 13-მა მწვრთნელმა (გიორგი გოზალიშვილი, დავით მანთიძე, ვასილ მახარაძე, მიხეილ გაფრინდაშვილი, ქრისტინე რურუა, მარიამ მინაშვილი, კახაბერ ხომერიკი, დავით ცუცქირიძე, ზურაბ ტალიკიშვილი, დავით ილარიანი, თამარ შანიძე, ინდირა გრიგორიანი, ირაკლი გოზალიშვილი) წარმატებით ჩააბარა. მათთვის საერთაშორისო სერთიფიკატების გადაცემას მიეძღვნა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მძლეოსნობის დიდუბის მანეჟში გაიმართა.

- ბევრ ქვეყანაში ჩამიტარებია სწავლება, მაგრამ ასეთი თბილი, საქმიანი
ატმოსფერო, ფედერაციის მესვეურთაგან ამგვარი ყურადღება არსად მიგრძვნია. მწვრთნელებიც ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევიან, რაც საერთო საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - გვითხრა მეჰმეთ კალემ. - ადამიანთა რესურსის მხრივაც ისეთი კარგი ბაზა გაქვთ, რომ სამომავლოდ თქვენს სპორტსმენებს ნამდვილად შეეძლებათ საერთაშორისო სარბიელზე მეტი წარმატების მიღწევა.

დავით ილარიანი, საქართველოს ნაკრების წევრი: ჯერ მოქმედი სპორტსმენი ვარ და ინტენსიურად ვემზადები ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ ვისარგებლე შემთხვევით და მწვრთნელთა სწავლებაშიც მივიღე მონაწილეობა. დიდი მადლობა სეოკ-ს, ჩვენსა და საერთაშორისო ფედერაციებს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი სემინარებისთვის.

თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ვფიქრობ, კარგი ცოდნა მივიღე. საქართველოს ნაკრების წევრები ხშირად ვეხმარებით ერთმანეთს, რადგან ერთი გუნდი ვართ და საერთო წარმატებისთვის ვიბრძვით. ამ სწავლების შემდეგ შემეძლება არა მარტო მეგობრებს, არამედ საკუთარ თავსაც პირად მწვრთნელთან ერთად პროფესიული დახმარება გავუწიო ვარჯიშის სისტემის გასაუმჯობესებლად.

ალექსი ახვლედიანი, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: დამოუკიდებლობის შემდეგ მძლეოსნობის მწვრთნელთა გადასამზადებლად საერთაშორისო სწავლება ჩვენთან პირველად ჩატარდა, რისთვისაც მადლობა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას, რომელმაც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ინვენტარიც გამოგვიგზავნა.

გულახდილად გეტყვით, რომ გამოცდების შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა: საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე 13 მწვრთნელი სამომავლოდ დიდი სტიმულია უფრო ნაყოფიერი გარჯისათვის და წარმატებების მისაღწევად. გამოცდები ვინც ვერ ჩააბარა, ისინი სხვა მწვრთნელებთან ერთად კიდევ ერთხელ გაივლიან სწავლებას, რომელიც რამდენიმე თვეში გვაქვს დაგეგმილი.

- ზამთრის სამზადისზე რას იტყვით?
- ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შევუდექით. 5 ნოემბრიდან 30-დღიან საწვრთნელ შეკრებას დავიწყებთ იმ სპორტსმენებისთვის, რომლებსაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურების მოპოვების შანსი აქვთ. გაისად მარტში სტამბოლი ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. იმ შეჯიბრებაში 3-4 ჩვენი ათლეტიც იასპარეზებს. ახლა მანეჟში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ცოტა გაზიფიცირების პრობლემამ შეგვაფერხა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და დარბაზის გათბობას ერთ თვეში ჩავრთავთ, რაც სპორტსმენებს მოსამზადებელ პირობებს საგრძნობლად გაუუმჯობესებს.

ერთიც მინდა დავძინო: ამას წინათ 1998-1999 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭების შეჯიბრი ჩავატარეთ. ეს ის ასაკია, რომლის წარმომადგენლებმაც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა იასპარეზონ. ნაკრებისთვის პერსპექტიული მოზარდები შევარჩიეთ. ვფიქრობთ, ისინი თბილისში ჩამოვიყვანოთ, რადგან აქ სერთიფიცირებულ მწვრთნელებთან ვარჯიშის უკეთესი პირობები ექნებათ, მაგრამ ჯერ სკოლისა და საცხოვრებლის პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი. მჯერა, რომ ამ სირთულესაც თავს გავართმევთ და წინსვლა აქაც გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული