ქართველი მძლეოსნები მინსკში, პირველ საერთაშორისოზე

AutoSharing Option
მომავალ შაბათ-კვირას ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 1998-1999 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში მასპინძლებთან ერთად საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლებიც იასპარეზებენ საპრიზო ადგილებისთვის.

სწორედ, ამ წლებში დაბადებული გოგო-ბიჭები 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში მოსინჯავენ ძალებს. ასე რომ, მომავალი პაექრობებისთვის ისინი აქედანვე ემზადებიან. მინსკის საერთაშორისო ტურნირზე დებიუტი ექნებათ და ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ თეო მაჭარაშვილი (60 მეტრზე რბენა), ალინა ეფიმოვა (60 მ. თარჯებით), თამარ მახარაძე (სიგრძეზე ხტომა), გურამ სამხარაძე, გიორგი ონიანი (ორივე - უროს ტყორცნა), ალექსანდრა
ჟუკი (60 მ და 60 მ თარჯებით).

ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრების წინ ნორჩ სპორტსმენებს გუშინ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ოფისში (სეოკ-ი) შეხვედრა მოუწყვეს, რომელსაც მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი ესწრებოდნენ.

ალექსი ახვლედიანი: "დღევანდელი დღე არის დასტური იმ განსაკუთრებული ყურადღებისა, რომელსაც სახელმწიფო ბოლო დროს სპორტის მიმართ იჩენს. უწინ ეროვნული ნაკრების წევრებს უჭირდათ საზღვარგარეთ შეჯიბრებებზე გამგზავრება, საწვრთნელ შეკრებაზე ხომ, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.

დღეს კი 12-13 წლის გოგო-ბიჭებს ვაგზავნით საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც მძლეოსნობით განთქმული 5 ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ. იმ ნორჩი ათლტებისთვის, რომლებიც 2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან, მაის-ივნისშიც გვაქვს დაგეგმილი როგორც თბილისსა და უცხოეთში საწვრთნელი შეკრებები დასაოსტატებლად, ისე გამოცდილების მისაღებად საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ეს არ არის შემთხვევითი, რადგან 2015 წლის თბილისის ფესტივალზე მედლების ყველაზე მეტი კომპლექტი სწორედ მძლეოსნობაში გათამაშდება და გუნდურ ჩათვლაში საქართველოს დელეგაციის წარმატებაც სწორედ "სპორტის დედოფლის" შედეგებმა უნდა განსაზღვროს".

ირაკლი სამყურაშვილი: "თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და მისთვის დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით უნდა ვემზადოთ. საამისოდ, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - 2012 წელი საბაზო უნდა გახდეს იმ გუნდების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც სამი წლის შემდეგ საქართველოს დედაქალაქში იასპარეზებენ. ეს, ცხადია, მძლეოსნობასაც ეხება. ჩვენი ნორჩი სპორტსმენებისთვის მინსკის ტურნირი იქნება პირველი გასვლა საერთაშორისო სარბიელზე და წარმატებას ვუსურვებ. მინდა აღვუთქვა ახალგაზრდებს, რომ ყველა პირობა ექნებათ შექმნილი მაღალი შედეგების საჩვენებლად. ბელარუსული ტურნე ჩვენი გოგო-ბიჭებისთვის სასარგებლო და გამოცდილების მომტანი უნდა გამოდგეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული