ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოთხი მძლეოსანი იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს სპორტის ისტორიაში მძლეოსნებმა სასახელო ფურცლები ჩაწერეს. განვლილ 60 წელიწადში მარტო ოლიმპიურ თამაშებში ჩვენი ქვეყნის "სპორტის დედოფლის" წარმომომადგენლებს თერთმეტი მედალი აქვთ მოპოვებული. ვიქტორ სანეევმა სამხტომში 1968 (მეხიკო), 1972 (მიუნხენი) და 1976 (მონრეალი) წლებში ოქროს მედლები დაიმსახურა.

რობერტ შავლაყაძემ სიმაღლეზე ხტომაში 1960 წელს რომის ოლიმპიადაზე ამერიკელთა ჰეგემონია დაამხო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ვერცხლის მედლებით დაიმშვენებს მკერდი ვიქტორ სანეევმა (სამხტომი, 1980 წ. მოსკოვი), ლევან სანაძემ (4X100 მ. რბენაში, 1952 წ. ჰელსინკი) და შუბის მტყორცნელმა საიდა გუმბამ (1980 წ. მოსკოვი), ხოლო ნინო
დუმბაძეს (ბადრო, 1952 წ. ჰელსინკი), ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილსა (200 მ. 1952 წ. ჰელსინკი და სიგრძეზე ხტომა, 1956 წ. მელბურნი) და მაია აზარაშვილს (4X200 მ. 1988 წ. სეული) ბრინჯაოს მედლები ხვდავთ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 60 წლის წინათ ფინეთის დედაქალაქში ოთხი ქართველი მძლეოსანი (ლევან სანაძე, ნინო დუმბაძე, ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი, ელენე გოკიელი) მონაწილეობდა და მათგან სამი მედლით დაბრუნდა სამშობლოში.

რვა წლის შემდეგ იტალიის დედაქალაქში საქართველო "სპორტის დედოფლის" ოთხი წარმომადგენლით (რობერტ შავლაყაძე, ალექსანდრე შჩერბინა, რევაზ ქვაჩაკიძე, იური დიაჩკოვი) წარსდგა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რობერტ შავლაყაძემ სიმაღლეზე ხტომაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში ალექსანდრე შჩერბინა მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

და აი, 52 წლის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ისევ ოთხი მძლეოსანი იასპარეზებს. ესენი გახლავთ 110 მეტრზე თარჯმრბენი დავით ილარიანი, რომელმაც უკვე მოსინჯა ძალები ათენისა და პეკინის ოლიმპიადებზე, ასევე, სიგრძეზე მხტომელები - მაიკო გოგოლაძე და ბოლესლავ სხირტლაძე, 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში საქართველოს სპორტულ ღირსებას მასიე როსიევიჩი დაიცავს.

ლონდონის საგზურის მფლობელ მძლეოსნებს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში შეხვედრა მოუწყვეს. ლიცენზიატებს მიესალმნენ და ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის თავკაცმა ალექსი ახვლედიანმა.

შეხვედრის დასასრულს ოლიმპიადის საგზურების მფლობელმა მძლეოსნებმა "ლონდონი 2012"-ის სალიცენზიო დაფაზე ხელმოწერები დააფიქსირეს.

გია ნაცვლიშვილი: "საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას ლონდონის ოლიმპიადის 4 საგზურის მოპოვება მინდა მივულოცო. ეს მართლაც დიდი წარმატებაა. "სპორტის დედოფლის" ერთად ამდენი წარმომადგენელი ერთ თამაშებზე აგერ ნახევარი საუკუნეა, არ გვყოლია.

ეს წარმატება დიდი გამარჯვებაა იმ თვალსაზრისითაც, რომ სპორტის ამ სახეობაში ხვალ-ზეგ უფრო მეტი მოზარდი ჩაებმება.

ამასწინათ ჩვენთან სტუმრად იყო ლატვიის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც გვითხრა, რომ ბალტიისპირელებს ლონდონის ოლიმპიურ დელეგაციაში თითქმის ნახევარი მძლეოსნები ჰყავთ.

საქართველოში თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ წინსვლა 2016 წელს რიოში ლიცენზიატთა 20 პროცენტი მაინც მძლეოსანი გვეყოლება".


ალექსი ახვლედიანი: "თავიდან ლონდონის 2 საგზურს ვგეგმავდით, სამი კი იდეალური შედეგი იქნებოდა. ასე ვთქვათ, "გეგმა" გადაჭარბებით შევასრულეთ და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ოთხი მძლეოსანი იასპარეზებს.

სამწუხაროდ, კიდევ ორის შანსი გავუშვით ხელიდან. სიმაღლეზე მხტომელმა ზურაბ გოგოჭურმა წლეულს ორჯერ გააუმჯობესა საქართველოს რეკორდი, 226 სანტიმეტრი დაძლია, სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად კი 2 სანტიმეტრი არ ეყო. ასევე, მცირედი დააკლდა საგზურამდე ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს.

თუმცა, დღემდე მიღწეული შედეგები იმის იმედს გვაძლევს, რომ ოთხი წლის შემდეგ რიოში ბევრად მეტი წარმომადგენელი გვეყოლება და სხვადასხვა სინჯის მედლებზეც გვექნება პრეტენზია.

ოლიმპიადამდე ჩვენი სპორტსმენები რამდენიმე დღეს თბილისში ივარჯიშებენ, შემდეგ რიგაში გაემგზავრებიან 12-დღიან საწვრთნელ შეკრებაზე, იქიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციასთან ერთად ლონდონს მიაშურებენ. იმედია, წარმატებით გაგვახარებენ.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ლონდონში საქართველოს სახელით გამოვა 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მასიე როსიევიჩი. 34 წლის მძლეოსანი წარმოშობით პოლონელია.

შვიდჯერ თავისი ქვეყნის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანია, სამჯერ ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებულ.

თავის სახეობაში მსოფლიო რეიტინგით 32-ეა. 12 წელიწადია, სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს. კარგა ხანია, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. როგორ მოხდა ეს? თავად როსიევიჩი გიამბობთ:
- პოლონეთის მძლეოსნობის ფედერაციასთნ პრობლემები შემექმნა.

დიდი სპორტისთვის თავი უნდა დაამენენებინა ან ფედერაცია შემეცვალა. ბევრი არ მიფიქრია - საქართველო ავირჩიე და, აი, რატომ: იცით, რომ ოლიმპიური თამაშები მსოფლიოში მშვიდობას ემსახურება, 2008 წელს კი რუსებმა, ზუსტად პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს, საქართველო დაბომბეს.

თქვენმა ქვეყანამ მაშინ მიიპყრო ჩემი ყურადღება. მერე ჩვენი საყვარელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ეწვია საქართველოს და აქ მას დიდი სიმპათიებით შეხვდნენ.

როცა იგი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით ევროპაში შექმნილი საშიშროების მიუხედავად, დიდი რისკის ფასად ჩამოფრინდა ვარშავაში და ასე მიუსამძიმრა პოლონელ ხალხს ქვეყნის მეთაურის დაღუპვა.

ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლებოდა, საქართველო არ შემყვარებოდა და "ქართველი" არ გავმხდარიყავი.

ბედნიერი ვარ, რომ 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოვიპოვე და ლონდონში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დავიცავ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული