"სპორტის დედოფლის" ქართული კვარტეტი

AutoSharing Option
ლონდონში 2012 წლის ზაფხულის თამაშებში საასპარეზოდ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში ოთხი მძლეოსანიც გაემგზავრა.

როგორ არიან ისინი მზად პასუხსაგები პაექრობებისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი:

- წლევანდელ სეზონში საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის, რადგან "სპორტის დედოფლის" ოთხმა წარმომადგენელმა ლონდონის ოლიმპიადის საგზურები მოიპოვა. გაუმჯობესდა ექვსი ეროვნული რეკორდი, ზოგი ისეთიც, წლების განმავლობაში ხელუხლებელი რომ იყო.

ყოველივეს მიუხედავად, უკმაყოფილების გრძნობა მაინც გვრჩება, რადგან კიდევ ორი საგზურის მოპოვების შანსი ხელიდან გავუშვით: სიმაღლეზე ხტომაში ზურაბ გოგოჭურს, რომელიც 226 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო,
სალიცენზიო ნორმატივის შესრულებამდე 2 სანტიმეტრი დააკლდა, ხოლო ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს საგზურამდე 90 სანტიმეტრი არ ეყო.

არადა, არც ერთი მაჩვენებელი იყო დაუძლეველი და არც მეორე. გოგოჭურიცა და რიგიშვილიც ახალგაზრდები არიან, დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებენ და 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე არა მარტო ლიცენზიანტები, არამედ მედლების რეალური კანდიდატებიც იქნებიან, ისევე, როგორც ის სპორტსმენები, რომლებიც ძალებს ლონდონის ოლიმპიურ სარბიელზე მოსინჯავენ: დავით ილარიანმა, ბოლესლავ სხირტლაძემ, მაიკო გოგოლაძემ და მაჩეი როშევიჩმა რამდენიმე შეჯიბრებაში იასპარეზეს. საწვრთნელი შეკრებები ჰქონდათ თურქეთში, ბულგარეთში, ბელარუსში, ბოლო 12-დღიანი მომზადება კი ლატვიაში გაიარეს. გოგოლაძეს ბევრი გაუცდა ტრავმის გამო, მაგრამ ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.

შვიდ აგვისტომდე, სანამ სარბიელზე გავა, ლონდონშიც მოასწრებს კონდიციების ამაღლებას. ქართველ მძლეოსანთაგან სხირტლაძე სიგრძეზე ხტომაში 3 აგვისტოს იბრძოლებს ფინალში მოსახვედრად.

7 აგვისტოს, ასევე, სიგრძეზე ხტომაში იასპარეზებს გოგოლაძე, ხოლო ორი ოლიმპიადის მონაწილე ილარიანი 110 მეტრზე თარჯრბენში აიღებს სტარტს. 11 აგვისტოს სპორტულ სიარულში მაჩეი როშევიჩი გამოვა. იმედია, ქართველი ათლეტები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული