ბოლესლავ სხირტლაძისგან, სულ მცირე, ფინალს მოელიან

AutoSharing Option
ექვსი ათეული წელიწადი მიილია მას შემდეგ, რაც ქართველმა სპორტსმენებმა პირველად იასპარეზეს ოლიმპიურ თამაშებში.

1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე, სხვებთან ერთად, ოთხი მძლეოსანიც გამოდიოდა - ლევან სანაძე, ნინო დუმბაძე, ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი და ელენე გოკიელი. მათგან პირველი სამი სპორტსმენი შინ მედლებით დაბრუნდა.

რვა წლის შემდეგ იტალიის დედაქალაქ რომშიც ჩვენებურთაგან "სპორტის დედოფლის" ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა. სიმაღლეზე ხტომაში რობერტ შავლაყაძემ ამერიკელთა ჰეგემონია დაამხო და ჩემპიონობა მოიპოვა.

და აი, ნახევარი საუკუნის შემდეგ ლონდონის ზაფხულის თამაშებზე საქართველოდან მძლეოსანთა კვარტეტი ისევ წარდგება. ესენი გახლავთ წინა ორი ოლიმპიადის მონაწილე
110 მეტრზე თარჯრბენში დავით ილარიანი, სიგრძეზე მხტომელები - მაიკო გოგოლაძე და ბოლესლავ სხირტლაძე, 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მაჩეი როშიევიჩი.

ამ კვარტეტიდან 3 აგვისტოს მძლეოსნურ სექტორზე პირველი ბოლესლავ სხირტლაძე გამოვა. იგი 25 წლისაა. მძლეოსნობაში ვარჯიში მამამ - სამმაგ ხტომაში სპორტის ოსტატმა და საქართველოს ჩემპიონმა ალექსანდრე სხირტლაძემ დააწყებინა. კარგა ხანს გოგი გოზალიშვილთან იმაღლებდა ოსტატობას.

2010 წელს დიდი სპორტისთვის თავის დანებებას აპირებდა, რადგან მაღალ შედეგებს ვერ აჩვენებდა. დავით ილარიანის რჩევით დარჩა მძლეოსნობაში. ორი წლის წინათ ორგზის ოლიმპიელმა თავად იკისრა სხირტლაძის მწვრთნელობა. ალბათ, მსოფლიო სპორტის ისტორიაში იშვიათი შემთხვევა იქნება, მწვრთნელი და შეგირდი ერთად რომ იასპარეზებენ ოლიმპიურ თამაშებში.

ბოლესლავმა 2007 წელს 7,56 მეტრით პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. ორი წლის შემდეგ სარაევოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატსა და ისრაელის ღია პირველობაზე მესამე ადგილები დაიკავა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გააუმჯობესა შედეგები.

წლეულს საბერძნეთის სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებოდა. რამდენიმე დღით ადრე კი ისრაელის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც დავით ილარიანს უნდა ეასპარეზა.

ბოლესლავი მწვრთნელს საქომაგოდ და საშეჯიბრო გამოცდილების მისაღებად გაჰყვა თელ-ავივში. პირველივე ცდა შედეგიანი აღმოჩნდა - 8,12 მეტრზე გადახტა და ოლიმპიურ ნორმატივს ორი სანტიმეტრით გადაამეტა, რამაც ბოლესლავ სხირტლაძეს ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოუტანა.

მწვრთნელი და შეგირდი ვარაუდობენ, რომ ბოლესლავმა, სულ მცირე, ფინალში გამოსვლის უფლება უნდა მოიპოვოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიცენზიანტები. დავით ილარიანი - მესამე ცდა და დებიუტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
გახურეთ საქმე ამ წინასწარი ბლატაობით სულ მცირე ფინალი და ა.შ. აგე ოქრუაშვილმა ჩაისვარა ცირეკიძე ეხლა მიდის და პირველ ატაცში ჩაისვარა კარგით რა შეშვით ამ ზღაპრებს და ობიქტურად მივუდგეთ ყველაფერს ! სამწუხაროა მაგრამ ერთი მედლით არ დავამთავროთ ამდენი ბლატაობის გადამკიდე !
beqa
13:50 03-08-2012
0
მე ოქტომბრის არჩევნებში ნაცების გასხმას ველი.
odala
20:10 03-08-2012
0

სიახლეები პოპულარული