დავით ილარიანი ლონდონის ოლიმპიადაზე ნახევარფინალს უმიზნებს

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე "სპორტის დედოფალს" კალოობა აქვს - ყოველდღიურად მედლების რამდენიმე კომპლექტი თამაშდება.

მძლეოსნურ ბილიკებზე 7 აგვისტოს ორი ქართველი სპორტსმენიც გამოჩნდება. 110 მეტრზე თარჯებით წინა ორი ოლიმპიადის მონაწილე დავით ილარიანი მოსინჯავს ძალებს (ასპარეზობას 13:10 სთ-იდან დაიწყებს), ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძე იასპარეზებს (22:05 სთ-იდან).

დავით ილარიანი 31 წლისაა. მძლეოსნობაში 1997 წლიდან ვარჯიშობს. ჯერ სერგო ქავთარაძე ამეცადინებდა, შემდეგ - გოგი გოზალიშვილი. ორი წელიწადია, დამოუკიდებლად იმაღლებს ოსტატობას. განვლილი 15 წლის განმავლობაში არაერთ შეჯიბრებაში მიუღია მონაწილეობა.

2003 წელს სტამბულში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე
110 მეტრი თარჯებით 14,03 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი ერგო, რაც პირველი დიდი წარმატება იყო საერთაშორისო სარბიელზე. 2007 და 2009 წლებში ზარნიცასა და სარაევოში მსგავს შეჯიბრებებზე ოქროს მედლები დაიმსახურა.

სიმაღლეზე ხტომასა და 110 მეტრზე თარჯრბენში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა 2004 წლის ივნისში უკრაინის ღია ჩემპიონატში იასპარეზა და 110 მეტრი 13,69 წამში დაფარა, რითაც ანატოლი მოშიაშვილის მიერ 33 წლის წინათ დამყარებული საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა და ათენის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.

ელადის დედაქალაქში საკუთარი შედეგის გამეორება ვერ შეძლო და 56 მონაწილეს შორის 32-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვისაც რამდენიმე სალიცენზიო ტურნირში სცადა ბედი. იღბლიანი 2008 წლის ივნისი აღმოჩნდა - ისრაელის ღია ჩემპიონატში 110 მეტრზე თარჯრბენი 13,67 წამით მოიგო - საქართველოს რეკორდიც დაამყარა და ჩინეთის დედაქალაქშიც გაემგზავრა.

დავით ილარიანმა ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის რამდენიმე სალიცენზიო ტურნირში იასპარეზა.

ნორმატივის შესასრულებლად ყოველთვის მცირედი აკლდებოდა, წლეულს ბულგარულ სლოვენში კი "გეგმას" გადააჭარბა - 110 მეტრი თარჯებით საქართველოს რეკორდით - 13,58 წამში დაფარა და ოცნება მესამედ აისრულა. ესეც ივნისში მოხდა.

"პეკინის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავედი. ლონდონში ვეცდები, ნახევარფინალს ვუწიო", - მითხრა ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების წინ ილარიანმა...

* * *
7 აგვისტოსვე სახტომ ორმოსთან ვიხილავთ 20 წლის მაიკო გოგოლაძეს. იგი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია. "სპორტის დედოფალს" ცხრა წლის წინათ გაუშინაურდა, თუმცა სიგრძეზე ხტომასა და თარჯრბენში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

წლეულს თებერვალში, საწვრთნელი შეკრებისას, ბელარუსის ზამთრის ღია ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა, მერე 5,76 მეტრით საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი მოიგო.

2 მაისს სოფიაში, ბულგარეთის ღია ჩემპიონატში, რომელიც სალიცენზიო ტურნირიც იყო, 6,67 მეტრზე გადახტა და 58 წლის წინათ თბილისის "დინამოს" სტადიონზე საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონისა და ორი ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილის მიერ დამყარებული საქართველოს რეკორდი 42 სანტიმეტრით გააუმჯობესა, თან ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივს ორი სანტიმეტრით გადაამეტა...

ივნისი - დავით ილარიანის თვეა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული