ამ მნიშვნელოვანი სტარტის წინ, გადავწყვიტეთ გაგახსენოთ სპორტის ამ სახეობის ყველაზე ძველი რეკორდები, რომლის დამხობასაც ათეულობით წლებია ვერ ახერხებენ “სპორტის დედოფლის” ვარსკვლავები.
1. იარმილა კრატოხვილოვა (ჩეხოსლოვაკია)
800 მეტრი - 1.53,28 (1983 წლის 26 ივლისი, მიუნხენი)
რამდენიმე დღის წინ, მძლეოსნობაში ყველაზე ძველ რეკორდს 30 წელი შეუსრულდა. 1983 წლის 26 ივლისს, იარმილა კრატოხვილოვამ 800 მეტრი წუთსა და 53.28 წამში გაირბინა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: თავად სპორტსმენმა უკვე
2. მარიტა კოხი (გდრ)
400 მეტრი - 47,60 (1985 წლის 6 ოქტომბერი, კანბერა)
მალე 28 წელი შეუსრულდება კიდევ ერთ ცნობილ რეკორდს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა კოხმა ჯამში შვიდი რეკორდი დაამყარა 400 მეტრზე. ბოლო მათგანი - 47,60, რომელიც 1985 წელს ავსტრალიაში, მსოფლიოს თასზე დაფიქსირდა, დღემდე ხელშეუხებელია.
3. ფლორენს გრიფიტ-ჯოინერი (აშშ)
200 მეტრი - 21,34 (1988 წლის 29 სექტემბერი, სეული)
80-იანი წლების ბოლოს, ქალთა სპრინტში დიადი შეჯიბრებები იმართებოდა და ამის შედეგია ის, რომ იმ დროს დამყარებული რეკორდები დღემდე ძალაში რჩება. ამერიკელმა ფლორენს გრიფიტ-ჯოინერმა 1988 წელს ორი რეკორდი დაამყარა პრესტიჟულ დისტანციებზე: 100 და 200 მეტრზე. მისთვის სეულის ოლიმპიადის წელი არნახულად წარმატებული გამოვიდა: მან ჯერ კიდევ შესარჩევ ტურნირში ორჯერ შეძლო 100 მეტრზე საუკეთესო დროის დაფიქსირება. უშუალოდ ოლიმპიადა კი ამერიკელისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა: ორი რეკორდი ერთ დღეს 200 მეტრზე, აგრეთვე სამი ოლიმპიური ოქრო. ფლორენსი ისე სწრაფად გარბოდა, რომ მისი რეკორდები კვლავაც ძალაშია, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას უკვე უახლოვდებიან თანამედროვე სპრინტერები.
4. სტეფკა კოსტადინოვა (ბულგარეთი)
სიმაღლეზე ხტომა - 2,09 მეტრი (1987 წლის 30 აგვისტო, რომი)
სახელოვანი ბულგარელის შედეგს ძალიან მიუახლოვდნენ. ბლანკა ვლასიჩს მხოლოდ ერთი სანტიმეტრი დააკლდა ისტორიულ 2.09 მეტრამდე, რომელიც 26 წელია ხელშეუხებელი რჩება. სტეფკას მიერ მსოფლიოს 1987 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგს აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეეგუენ სპორტსმენები იმ აზრს, რომ ადამიანს შეუძლია ასეთ სიმაღლეზე გადებულ თამასაზე გადავლება. ვლასიჩმა უკვე სცადა 2,10 მეტრის აღება, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომაც კოსტადინოვას რეკორდი ჯერჯერობით არსებობს და კიდევ როდის მიიტანენ მასზე იერიშს, ჯერ გაურკვეველია.
5. გალინა ჩისტიაკოვა (სსრკ)
სიგრძეზე ხტომა - 7,52 მეტრი (1988 წლის 11 ივნისი, ლენინგრადი)
სსრკ აღარ არსებობს, ლენინგრადს სახელი გადაარქვეს, სამაგიეროდ, არსებობს ძმები ზნამენსკების მემორიალი, სადაც ჩისტიაკოვამ ზედიზედ ორი რეკორდი დაამყარა. 1988 წლის 11 ივლისს, საბჭოთა სპორტსმენმა ჯერ გაიმეორა წინა რეკორდი (7,45), რომელიც ტიტულოვან ამერიკელს ჯეკი ჯოინერ-კერსის ეკუთვნოდა. მაგრამ ჩისტიაკოვა ამით არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე წუთში შვიდი სანტიმეტრით შორს "გაფრინდა". დღევანდელ შედეგებთან თითქოს სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ უკვე 25 წელია საბჭოთა მძლეოსნის შედეგს ვერავინ აუმჯობესებს.
6. მაიკ პაუელი (აშშ)
სიგრძეზე ხტომა - 8,95 მეტრი (1991 წლის 30 აგვისტო, ტოკიო)
ამერიკელმა მაიკ პაუელმა ასევე დაამყარა მსოფლიოს რეკორდი სიგრძეზე ხტომაში, მაგრამ მისი მიღწევა სამი წლით "ახალგაზრდაა". პაუელმა ტოკიოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, ხუთი სანტიმეტრით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ცნობილ ბობ ბიმონს ეკუთვნოდ და 23 წელი გაძლო. ახლა, იგივე ასაკს უახლოვდება პაუელის რეკორდიც.
7. კევინ იანგი (აშშ)
400 მ/თარჯრბენი - 46,78 (1992 წლის 6 აგვისტო, ბარსელონა)
როგორც ჩანს, დიდი ხანი იარსებებს კევინ იანგის რეკორდიც. ამერიკელმა ბარიერისტმა თავისი საუკეთესო დრო ბარსელონას ოლიმპიადის დროს აჩვენა. მაშინ კევინმა შეწყვიტა ლეგენდარული თანამემამულის ედვინ მოზესის ჰეგემონია, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში ოთხი რეკორდი დაამყარა. მაგრამ, 1992 წლიდან 46,78 წამი ვერავინ დაიპყრო და ჯერჯერობით არ ჩანს მძლეოსანი, რომელიც იანგს მსოფლიოს რეკორდში შეეცილება.
8. სერგეი ბუბკა (უკრაინა)
ჭოკით ხტომა - 6,14 მეტრი (1994 წლის 31 ივლისი, სესტრიერე)
ღია არენებზე ბუბკამ მსოფლიოს 17 რეკორდი დაამყარა და მათგან საუკეთესო - 6,14 მეტრი არა მხოლოდ ბრწყინვალე შედეგია, არამედ მიუღწეველი ოცნება სხვა სპორტსმენებისთვის. ბუბკას რეკორდს, რომელიც იტალიის სესტრიერეში დამყარდა, 19 წელი შეუსრულდა. აქ მოყვანილ რეკორდებს შორის, ის ერთ-ერთი ყველაზე "ახალგაზრდაა", მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორი ათეული წლის შემდეგაც ის ამ სიაში იქნება. დღეს, ჭოკით მხტომელთა ტურნირებზე ოქროსთვის ბრძოლა, სადღაც 5.90-6.00 მეტრზე მიმდინარეობს.
9. იან ჟელეზნი (ჩეხეთი)
შუბის ტყორცნა - 98,48 მეტრი (1996 წლის 25 მაისი, იენა)
დაბოლოს, ძველი რეკორდებიდან ყველაზე "ახალგაზრდა" ცნობილი იან ჟელეზნის მიერ არის დამყარებული 1996 წელს. სამწუხაროდ, მაშინ არ დაფიქსირდა ისტორიული 100-მეტრიანი ნიშნული, მაგრამ მაინც უდიადესი შედეგი იყო. ისევე, როგორც ბუბკას შემთხვევაში, ჩეხის რეკორდსაც ვერავინ უახლოვდება. საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ამჟამინდელი შედეგები დაახლოებით ხუთი მეტრით უარესია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეტიცია დასრულდა, წინ მოსკოვია!