უინტერესო დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თითქმის დასვენების დღე იყო, რადგან მედლების მხოლოდ ერთი კომპლექტი გათამაშდა - მამაკაცებს შორის 50 მეტრზე სპორტულ სიარულში. მძლეოსნობის ამ სახეობაში რუსები დომინირებენ, მაგრამ 14 აგვისტოს მასპინძელთა ნაკრების შანსები შემცირდა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტარტზე ვერ გავიდა მსოფლიოსა და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი სერგეი კირდიაპკინი.

თუმცა ნაკრების ლიდერის არყოფნაში თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ რუსეთის ნაკრების ახალგაზრდა წევრებს - ნოსკოვსა და რიჟოვს. 10-კილომეტრიან ნიშნულზე სწორედ ისინი ლიდერობდნენ, შემდეგ კი მათ ავსტრალიელი ჯარედ ტალენტი შეუერთდა.

კიდევ ათი კილომეტრის შემდეგ რუსებმა
ტალენტი მოიშორეს, თუმცა 25-ე კილომეტრზე ტემპს უკლეს და ლიდერთა დუეტი ხუთკაციან ჯგუფად გადაკეთდა. აშკარად ჩანდა, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მართლაც, ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე, ლიდერებში მხოლოდ ირლანდიელი რობერტ ჰეფერნანი და რიჟოვი დარჩნენ. ისინი კონკურენტებს 50 წამს უგებდნენ. დაწინაურებულთა ბრძოლაში ახალგაზრდა რუსმა ვერ გაძლო და ოქრო 35 წლის ირლანდიელს გადაულოცა. რუსებმა მეორე ლოკალური დუელიც წააგეს - ბრინჯაოსთვის პაექრობაში ტალენტმა ნოსკოვს გაუსწრო.

ჰეფერნანი 1983 წლის შემდეგ პირველი ირლანდიელია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა. 30 წლის წინ ჰელსინკიში 5000 მეტრზე გარბენი მოიგო იმონ კოგლენმა.

50 კმ. სიარული
1. რობერტ ჰეფერნანი (ირლ) 3:37.56
2. მიხაილ რიჟოვი (რუს) 3:38.58
3. ჯარედ ტალენტი (ავსტრა) 3:40.30

მედალი წესის დარღვევით?
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა ბადროს ტყორცნაში, ესტონელმა გერდ კანტერმა განაცხადა, რომ მეორე ადგილზე გასულმა პოლონელმა პეტრ მალახოვსკიმ არცთუ ისე პატიოსანი ხერხები გამოიყენა მის დასამარცხებლად.

"სექტორიდან გამოსვლის შემდეგ თავისი სროლების ანალიზისთვის მან პლანშეტური კომპიუტერი გამოიყენა, რაც, წესებით, აკრძალულია, - განაცხადა კანტერმა. - მეც მინდოდა საკუთარი გამოსვლის ვიდეოჩანაწერის ნახვა და გარკვეული კორექტივების შეტანა, მაგრამ სტადიონზე დამონტაჟებულ ტაბლოზე ჩემი გამოსვლები არ უჩვენებიათ".

თუმცა ესტონელმა აღიარა მეტოქეთა შესაძლებლობები და უარი თქვა შედეგების გაპროტესტებაზე.

"პროტესტის შეტანას არანაირი აზრი არ აქვს. ორივე მოწინააღმდეგე თითქოს სხვა ლიგიდან იყო",
- ამბობს ესტონელი მძლეოსანი.

დავამატებთ, რომ 34 წლის კანტერმა ზედიზედ მეხუთე ჩემპიონატზე მოიპოვა მედალი. ის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამერიკა ისევ წინაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული