როგორც ირკვევა, სპორტსმენი მხოლოდ კონსერვირებული ბოსტნეულით იკვებება, რომელსაც ციხის მაღაზიაში ყიდულობს. ამის გამო პისტორიუსი ძალიან გახდა და პროთეზები აღარ ერგება.
მძლეოსანმა სრულფასოვან კვებაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც სხვა პატიმრებისგან მუქარა მიიღო. ისინი უკმაყოფილონი არიან ციხეში პისტორიუსის პრივილეგირებული მდგომარეობით. ციხის ადმინისტრაციას სურდა, სპორტსმენის კამერაში პირადი საშხაპე დაემონტაჟებინა, რამაც სხვა პატიმრები გააბრაზა - ისინი ოსკარის მოწამვლით დაიმუქრნენ.
თებერვლის შუა რიცხვებში
სამხრეთ აფრიკის კანონმდებლობის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც ხუთი წლით არიან გასამართლებულნი არაგანზრახ მკვლელობისთვის, 10 თვის შემდეგ შეუძლიათ სასჯელი არა ციხეში, არამედ საკუთარ სახლში, შინაპატიმრობაში მოიხადონ.
პროკურატურას სურს, კვალიფიკაცია შეუცვალოს პისტორიუსის განაჩენს - აამოქმედოს განზრახ მკვლელობის მუხლი, რაც ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას. სპორტსმენის ოჯახი გააპროტესტებს პროკურატურის ამ გეგმას.
გასული წლის ოქტომბერში ოსკარ პისტორიუსს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა 2013 წლის 14 თებერვალს თავისი შეყვარებულის, რივა სტენკამპის მკვლელობისთვის. სამხრეთაფრიკელმა სპორტსმენმა გოგონა მძარცველად მიიღო და მას ოთხი ტყვია დაახალა. სტენკამპი თავში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა.
პისტორიუსი პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონია. ასევე, მონაწილეობა მიიღო ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაში. მის ანგარიშზეა 4x400 მეტრზე ესტაფეტაში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"