სამაგიეროდ, ქომაგები გააკვირვა რუსმა ალექსეი ლოვჩევმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორი მსოფლიო რეკორდით (აკვრასა და ორჭიდში) მოიხვეჭა - 475 (211+264), თანაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამჯერ ავიდა.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ფენომენალურმა შედეგებმა მაშინვე დააეჭვა სპეციალისტები, თურმე არცთუ უსაფუძვლოდ.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს მოხშირებული დოპინგსკანდალები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა -
რუსებმა სინჯის შედეგები გააპროტესტეს და დამატებითი გამოკვლევა მოითხოვეს. ამ დღეებში კანადის ქალაქ მონრეალის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში აღებულმა B სინჯმაც დოპინგის კვალი აჩვენა.
გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძეს დუშეთში შევეხმიანეთ, სადაც იგი ნაკრების წევრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება.
- ცუდი არავისი გამიხარდება, მაგრამ სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, - გვითხრა მან. - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლოვჩევს დოპინგის კვალი რომ აღმოუჩინეს, რუსებმა, მოგეხსენებათ, გაასაჩივრეს.
საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ძალიან იშვიათად, პირველი მაჩვენებელი შეიცვალოს. ასეც მოხდა. ორიოდე დღის წინ შევიტყვეთ, რომ B სინჯმაც დაადასტურა დადებითი შედეგი. თუმცა არც ეს არის საბოლოო პასუხი, რადგან რუსებს თვის ბოლომდე აქვთ სააპელაციო პერიოდი. ამის შემდეგ გახდება ყველაფერი ნათელი.
ანტიდოპინგური სააგენტო ორივე სინჯის პასუხებს თუ დაადასტურებს, მაშინ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ახალი კანონმდებლობით, ლოვჩევს ნულიდან ოთხ წლამდე დისკვალიფიკაცია ელის. მას ჩემპიონობაც ჩამოერთმევა და ოქროს მედლებიც, მომდევნო ადგილებზე გასული ათლეტები კი ერთი საფეხურით აინაცვლებენ.
ლაშა ტალახაძე ორ ოქროსა და ერთ ვერცხლს მიიღებს, ხოლო ირაკლი თურმანიძეს, რომელმაც ატაცში 202 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ამ დისციპლინაში ბრინჯაოს მედალი შეხვდება.
- საოლიმპიადე სამზადისზე რას იტყვით?
- ახალი სეზონისთვის ბიჭები ნელ-ნელა იღდგენენ ჩვეულ სპორტულ ფორმას, მონდომებით ვარჯიშობენ. 8 აპრილს ნორვეგიაში ევროპის ჩემპიონატზე სრული გუნდით გავემგზავრებით და ვეცდებით, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ, მერე კი რიოს ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულად მოვემზადებით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"