დაბადების დღისთვის რიოს საგზური - ინტერვიუ ლაშა თორღვაიძესთან

AutoSharing Option
ამას წინათ ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმატიში მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა ქვემოალვანელმა სამხტომელმა ლაშა თორღვაიძემ, რომელმაც 16.87 მეტრით სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა და რიოს თამაშების საგზური მოიპოვა.

იგი 23 წლისაა - 1993 წლის 26 მაისს დაიბადა. მოსწავლეობისას მძლეოსნობაში ვარჯიში მამამ დააწყებინა - ჯერ გრძელ მანძილებზე დარბოდა, მერე სპრინტში გადაერთო, 2008 წლიდან სამხტომში ცდის ძალებს.

- მამა ყოფილი მძლეოსანია, - მითხრა ლაშამ. - საბჭოთა პერიოდში ბევრი თუში მისდევდა სპორტის ამ სახეობას. ტრადიციის შესანარჩუნებლად, მამამ ქვემო ალვანში მძლეოსნობის სექცია ჩამოაყალიბა. მეც მან გამიკვალა
გზა.

- რბენით დაიწყე, კარგი შედეგებიც გქონდა. "პროფილი" რატომ შეიცვალე?
- 2004 წელს ბორჯომში 800 მეტრზე რბენაში მაია აზარაშვილის თასი მოვიგე. მერე რამდენიმე სხვა შეჯიბრებაშიც მივაღწიე წარმატებას, მაგრამ გული მაინც ხტომებისკენ მიმიწევდა, რადგან თუშების უმეტესობას, მათ შორის - მამაჩემსაც, ჭაბუკობისას უფრო ეს სახეობა იტაცებდა. ოჯახშიც ბავშვობიდან მესმოდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ვიქტორ სანეევის სახელი. იგი ჩემი კერპი გახდა.

კარგა ხანს მამა, რატომღაც, სამხტომში ვარჯიშს მიკრძალავდა. 2007 წელს ალვანელ სპორტსმენებს მშობლიურ თუშეთში გვქონდა საწვრთნელი შეკრება. მაშინ შედგა ჩემი ნათლობა: მამაჩემის შეგირდ ვასო ელანიძეს შევეჯიბრე. 10.5 მეტრზე გადავხტი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმავე წელს თბილისში ერთ-ერთ ტურნირში 12 მეტრი იოლად დავძლიე. 2009 წელს საქართველოს პირველობა 15,42 მეტრით მოვიგე. 16 წლის ვიყავი. ეს შედეგი მაშინ ჭაბუკთა შორის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

- 2010 წელს სინგაპურში ახალგაზრდების პირველ ოლიმპიურ თამაშებში უნდა გეასპარეზა...
- დიახ, მაგრამ ტრავმებმა შემიშალა ხელი. საერთოდაც, სამხტომი გამორჩეულად ტრავმული სპორტია. ბევრჯერ ვიწვნიე სიმწარე. 2011 წლის ზაფხულისთვის მაინც შევძელი სათანადოდ მომზადება და ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე 15,49 მეტრით მეორე ადგილი დავიკავე - შვეიცარიელმა რობერტ კლარკმა სანტიმეტრით მაჯობა.

ამ შეჯიბრებამდე ორი კვირით ადრე საფრანგეთში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. ფინალის დღეს კუნთი დამეჭიმა და სამი ცდა არც გამომიყენებია. 15.04 მეტრით მერვე ვიყავი. რომ არა ეს ტრავმა, ტრაბზონში კლარკი ვერ მომიგებდა. მეორე ადგილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან ის ვერცხლი საერთაშორისო სარბიელზე მოპოვებული პირველი დიდი ჯილდო იყო.

2012 წელს ბარსელონაში ჩავედი იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ლატვიაში საწვრთნელი შეკრებისას კუნთი დამეჭიმა. თბილისში რომ ვყოფილიყავი, ესპანეთში, ალბათ, არც წავიდოდი. ჩვენმა პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა მეგობრებს - ლატვიელ და უკრაინელ ექიმებს სთხოვა დახმარება. სწორედ მათი თანადგომით შევძელი ტურნირზე გამოსვლა და 16 მეტრით მე-6 ადგილი დავიკავე.

* * *
მომდევნო ორი წელიწადი ლაშა თორღვაიძეს ტრავმების გამო, ფაქტობრივად, გაუცდა. 2013-ში ალმათის საერთაშორისო ტურნირზე დაიზიანა ფეხი, 2014-ში ჯერ ამიერკავკასიის ზამთრის ჩემპიონატი მოიგო, მერე ბაქოში გაემგზავრა და იქ მიღებული ტრავმის მოშუშებას მთელი წელიწადი მოანდომა.

სამაგიეროდ, შარშანდელ სეზონს მომზადებული შეხვდა. ჯერ საქართველოს ზამთრის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, მერე ზალცბურგში (ავსტრია) საერთაშორისო ტურნირზე იყო პირველი.

ტალინში, ახალგაზრდა მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა თორღვაიძესაც შეეძლო მსგავსი წარმატებისთვის მიეღწია - 4 ნახტომის შემდეგ საუკეთესო სამეულში შედიოდა. ბოლო ორ ცდაზე რუსმა მეტოქემ აჯობა. საბოლოოდ 16.33 მეტრით მე-4 ადგილი დაიკავა - ჩრდილოელ მეზობელს 13 სანტიმეტრით ჩამორჩა.

- ლაშა, შენთვის ყველაზე ფეხბედნიერი წლევანდელი სეზონი გამოდგა...
- თბილისის ზამთრის პირველობა 16.62 მეტრით რომ მოვიგე, საკუთარი თავი დავარწმუნე, ოლიმპიური ნორმატივის შესრულება შემეძლო. მართლაც, პირველსავე საერთაშორისო ტურნირზე ალმატიში 16.87 მეტრით ოცნება ავისრულე.

სამხტომელთა ასპარეზობის დაწყებამდე მოთელვაზე ვიყავი, რადიოინფორმატორმა რომ გამოაცხადა - ბირთვის კვრაში თბილისელმა ბენიკ აბრამიანმა სალიცენზიო ნორმატივი შეასრულაო. ამან ჩემზე დადებითად იმოქმედა, მოტივაცია გამიზარდა.

ძალიან გამიხარდა, რომ რიოს ოლიმპიადის საგზური მოვიპოვე, თან 17-მეტრიან ზღვარსაც მივუახლოვდი. ეს იყო 24 მაისს და საკუთარ თავს დაბადების დღისთვის კარგი საჩუქარი ვუძღვენი. მესიამოვნა ისიც, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის აეროპორტში საზეიმო შეხვედრა მოგვიწყვეს.

- ახმეტელებიც იქნებოდნენ...
- სამწუხაროდ, არავის გავხსენებივარ. მეტსაც გეტყვით: სამი წლის წინათ მე და მამაჩემი თბილისში რომ გადმოვედით, რადგან რაიონში დასაოსტატებლად სათანადო პირობები არ არის, ორივეს სტიპენდიები მოგვიხსნეს, აქაოდა, ჩვენს რაიონს აღარ ეკუთვნითო. რას იზამთ, უარესებიც ხდება.

- სამომავლოდ რას გეგმავ?
- ევროპაში ახლა რეიტინგით მე-4 ვარ და ვეცდები, სტაბილურობა შევინარჩუნო, შედეგები გავაუმჯობესო. ერთ თვეში სლოვენიაში ბალკანეთის პირველობაზე გამოვალ, იმ შეჯიბრებიდან ორი კვირის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზებ, რომელსაც ამსტერდამი უმასპინძლებს.

ყველაფერს ვიღონებ ქომაგების გასახარებლად, მერე კი სპეციალური პროგრამით რიოს თამაშებისთვის მოვემზადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული