ზაზა მჭედლიძე: ამ ჩემპიონატზე ჩვენი სათქმელი ვთქვით

AutoSharing Option
თბილისში, ტანვარჯიშის სასახლეში გამართულ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა თითო ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი შეჯიბრების ორგანიზებით აღფრთოვანებულნი დარჩნენ.

შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის გენერალური მდივანი მაქს გიოტერი.

ზაზა მჭედლიძე:
- 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილი ვარ. მართალი გითხრათ, მოხმალავე ვაჟებისგან ველოდით ერთ ჯილდოს, მაგრამ ერთბაშად ორ მედალს, თანაც, ერთს უმაღლესი სინჯისას თუ მოვიპოვებდით, ნამდვილად არ მეგონა.

არადა, ჩვენმა ქალებმა ასპარეზობის პირველი დღე ოქროთი გახსნეს და თამასა ძალიან
მაღლა ასწიეს: შეუძლებელი შეძლო თეოდორა კახიანმა, რომელიც ოთხი წელიწადი ამერიკაში სწავლობდა და იქვე, პენსილვანიის უნივერსიტეტში, შესანიშნავი სპეციალისტის - გლონის ხელმძღვანელობით ფარიკაობაშიც იმაღლებდა ოსტატობას. სტუდენტურ ტურნირებშიც არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის, რომლებიც სამშობლოში ევროპის ჩემპიონობით დააგვირგვინა.

ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს დედაქალაქში კონტინენტის ბევრი ფავორიტი საფარიკაო ქვეყნის წარმომადგენელი დარჩა ოქროს მედლის გარეშე.

ბრინჯაო მოხმალავე სანდრო ბაზაძემ, ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონმა და რიოს ოლიმპიადის მონაწილემ მოგვიტანა. შარშან მსგავს შეჯიბრებაში იგი მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა. ამჯერად ორი საფეხურით წინ წაიწია და, როგორც ვთქვი, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მან ნახევარფინალი მომავალ გერმანელ ჩემპიონ ჰარტუნგთან დათმო.

სანდროს უფრო დიდი პოტენციალი აქვს და სამომავლოდ მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია. საგულისხმოა, რომ ბექა ბაზაძემაც კარგად იასპარეზა და წლეულსაც 16 საუკეთესოში მოხვდა. ევროპაში, სადაც მოხმალავეთა ელიტის წარმომადგენლები ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოსმედალოსნები არიან, მსგავსი რამის გაკეთება სპორტსმენის სტაბილურობაზე მიუთითებს. საგულისხმოა ისიც, რომ ჯგუფურ ტურნირში ბექამ ჰარტუნგიც კი დაამარცხა.

- ალბათ, მოხმალავე ვაჟთა გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებისგან უკეთეს შედეგს ელოდით...
- რა თქმა უნდა, რადგან ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო სარბიელზე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ არავის ჩამოუვარდებიან. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ტრავმა მიიღო მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელმაც "მოსკოვის ხმალზე" შესანიშნავად იასპარეზა. მისი ტრავმა რომ არა, შესაძლოა, გუნდურშიც ავსულიყავით კვარცხლბეკზე.

- ჩემპიონატის ორგანიზაციაზე რას იტყვით?
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აქტიური მხარდაჭერითა და დახმარებით, შეჯიბრებისთვის სერიოზულად მოვემზადეთ. შევიძინეთ თანამედროვე 12 საფარიკაო ბილიკი და ფიცარნაგები, ელექტროაპარატურა და სხვა მოწყობილობა. მხოლოდ საკუთარი ძალებით ყოველივე ამას და ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებას ვერ შევძლებდით.

არადა, ამ ტურნირს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სამომავლოდ უფრო დიდი პაექრობების სამასპინძლოდ გვქონდეს პრეტენზია. ვფიქრობ, გამოწვევას თავი გავართვით, რადგან სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ და მზად არიან, ჩვენთან ნებისმიერ დიდ ტურნირში საასპარეზოდ ჩამოვიდნენ ფარიკაობის სამივე დისციპლინაში.

- მოხმალავეების გარდა, სხვა დისციპლინების ჩვენმა წარმომადგენლებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს...
- წლეულს 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის პირველობაზე რაპირით ლუკა ღაღანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ნიჭიერი მუშკეტერია და მისგან წარმატებას თბილისშიც ველოდით. ჯგუფური ეტაპიც უნაკლოდ გაიარა, პლეი ოფშიც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ კვარცხლბეკს მაინც ვერ მიუახლოვდა. მოხმალავე დარია ანტონოვასა და დაშნით მოფარიკავე მაია გუჩმაზოვასგანაც უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავეებმა თავიანთი სიტყვა თქვეს. ახლა მთავარია, სხვა შეჯიბრებებისთვის მოვემზადოთ სათანადოდ და იქაც გავახაროთ ქომაგები.

მაქს გიოტერი:
- თბილისში უწინაც არაერთხელ ვყოფილვარ. რაც კონფედერაციის გენერალური მდივანი ვარ, სულ 23 ჩემპიონატი ჩამიტარებია და შემიძლია გითხრათ, რომ მათ შორის ეს იყო ყველაზე უკეთ ორგანიზებული შეჯიბრება.

კმაყოფილი ვართ იმითაც, რომ ამ საქმეში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას გვერდით ედგა სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. დიდი მადლობა საქართველოს ასეთი მასპინძლობისთვის.

თქვენ ღირსეულად დაიმსახურეთ სტუმართა სიყვარული და პატივისცემა, ტურნირზე კი - ორი მედალი. ეს დიდი წარმატებაა და იმ წინსვლის შედეგი, რასაც ბოლო წლებში ფარიკაობის ეროვნული ფედერაცია განიცდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული