უკმეხი კორეელი მწვრთნელი და ქართველი ჟურნალისტები

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამთავრდა საქართველოს პირველობა მშვილდოსნობაში, სადაც ქალთა ტურნირმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა - ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე გახდა, რომელმაც ფინალში ქრისტინე ესებუა დაამარცხა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ასმათ დიასამიძემ ლანა ვერულიძეს აჯობა.

თუმცა ფინალებამდე პლეი ოფში ერთი საინტერესო ორთაბრძოლა შედგა - მეოთხედფინალში ნარიმანიძეს საკუთარი შვილი ციალა ფუტკარაძე დაუპირისპირდა.

მერვედფინალში დედა ისვენებდა, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ სამი საუკეთესო - ესებუა, დიასამიძე და ნათია ცინცაძე, ფუტკარაძემ კი ბრძოლით მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური - გადასროლაში თეონა კუტალაძეს აჯობა. დედა-შვილის ორთაბრძოლა არც მთლად "ცალ კარში
თამაში" ყოფილა, თუმცა ნარიმანიძემ ფავორიტის იმიჯი სრულად გაამართლა და უპრობლემოდ მოიგო.

ვაჟთა შორის ლაშა ფხაკაძემ გაიმარჯვა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 665 ქულა დააგროვა და მისივე დამყარებული საქართველოს რეკორდი გვარიანად გააუმჯობესა. მან პლეი ოფიც დამაჯერებლად გაიარა და ფინალში მისი გასვლა არავის გაჰკვირვებია. აი, ცოტა მოულოდნელი მეორე ფინალისტიც ვინაობა - დავით ლეკვეიშვილი, რომელიც ძველი თაობის მსროლელია, ხოლო დღეს უფრო სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, ვიდრე - ვარჯიშით.

ამის მიუხედავად, ფინალშიც გავიდა და იქ ორი პერიოდიც მოიგო ანუ ჩემპიონობასთანაც ახლოს იყო. მედლებისთვის გამართული შეხვედრებიდან ეს იყო ერთადერთი, სადაც დამატებითი დრო გახდა საჭირო. იქ ყველაფერი მეორე გასროლაზე გადაწყდა, რომელიც ფხაკაძემ 10-იანში მოარტყა, მანამდე 9-იანი ჰქონდა, ლეკვეიშვილმა კი ცუდად ისროლა.

სხვათა შორის, შვილი ლეკვეიშვილსაც უმშვენებდა გვერდს - გიორგი ლეკვეიშვილი, თუმცა მშობლისა და შვილის პაექრობა ამჯერად არ გვიხილავს. ვაჟთა შორის მესამე ადგილზე ირაკლი ქვლივიძე გავიდა.

ძალიან გვსურდა, ამ წერილისთვის წერტილი აქ დაგვესვა, მაგრამ ამ პრობლემას - უცხოელი მწვრთნელისა და ქართველი ჟურნალისტების ურთიერთობის მტკივნეულ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით.

ეს რომ მხოლოდ მშვილდოსნობას ეხებოდეს ან ერთეული შემთხვევა იყოს, კიდევ გავჩუმდებოდით, მაგრამ მათ ცხვირაბზუება ჩვეულებრივ ამბად ექცათ, ჩვენ კი გამართლებად ვერ მივიღებთ, რომ ისინი თურმე საკუთარ სამშობლოშიც ასეთი უხიაგი ხასიათით გამოირჩევიან.

თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უბრალო განმარტებაზე უარის თქმა კიდევ არაფერი - ამას როგორმე ავიტანდით, გამაოგნებელი და მეტიც - შეურაცხმყოფელი ის დამოკიდებულება აღმოჩნდა, რაც კორეელმა საქართველოს ჩემპიონატის მიმართ გამოხატა - ეს ტურნირი ჩემს გეგმაში არ შედიოდა და ამიტომ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არააო!

სამწუხაროდ, ესეც სიმპტომურ ჩვეულებად ჩამოყალიბდა, როცა უცხოელებს ადგილობრივი პირველობა არ აინტერესებთ. თუმცა მათგან განსხვავებით, კორეელი დაესწრო მაინც და ორი დღის განმავლობაში თავისთვის, განცალკევებით მჯდარი ჭოგრიტით აკვირდებოდა ფარებს.

საუბედუროდ, ჩვენში გამუდმებით იმეორებენ, მთავარი შედეგიაო ანუ მედალი, თუმცა ავიწყდებათ, რომ ამა თუ იმ კონკრეტული სახეობის განვითარებაზე - გამართული სისტემის აწყობა ბავშვთა სპორტში, მოწვეულ მწვრთნელთა მონაწილეობით ადგილობრივ სპეციალისტთა გადამზადება... ამ შემთხვევაში შედეგებს უკვე ისინი მოიპოვებენ და უცხოელების მოსაწვევად ათმაგი თანხის გადახდა არ დაგვჭირდება.

მშვილდოსანთა ნაკრების კორეელმა მწვრთნელმა ენ ჰიუნგ სეუნგმა საუბარზე უარი პირველად ამსტერდამში, ევროპის ჩემპიონატზე წასვლამდე გვითხრა, მაგრამ მაშინ ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღეთ - გუნდმა მანამდე მსოფლიოს თასის ორი ტურნირი წააგო და ვიფიქრეთ, წაგებულის პოზიციიდან ლაპარაკი არ სურდა.

მაშინ მას უარის მიზეზი არ განუმარტავს, ახლა კი შეტევაზე გადმოვიდა და გახსოვთ, შარშან ვერულიძეზე რაღაც რომ მკითხეთო, გვიპასუხა.

შარშან, მსოფლიოს პირველობის შემდეგ მართლაც ვკითხეთ ვერულიძეზე, რატომ ვერ მოხვდა ის ნაკრებში, როცა ბოლო ორ ტურნირში ჩვენი გუნდიდან მეორე შედეგი აჩვენა და ოლიმპიურ ნორმატივამდე ცოტა დააკლდა. როცა კორეელს ეს განვუმარტე, რაღა მაინცდამაინც იმ ორი ტურნირის შედეგი დაგამახსოვრდაო!

ჯერ ერთი, ვერულიძე მეტად არსად წაუყვანიათ და მეორეც - იქნებ ჩვენ რაღაც სწორად არ (თუ ვერ) შევაფასეთ, ვერ დავინახეთ ის განსხვავებული, რაც დანარჩენ შეჯიბრებებში სხვებმა აჩვენეს, მწვრთნელი და სპეციალისტი იმისაა, რომ განგვიმარტოს, აგვიხსნას და სწორ გზაზე დაგვაყენოს, რათა ეს ყველაფერი მკითხველამდე მივიტანოთ, თორემ დარწმუნებული ვართ, მაშინ ვერულიძესთან დაკავშირებით ის კითხვა ქომაგსაც დაებადებოდა.

კორეელს ახლაც მხოლოდ კომენტარი ვთხოვეთ შეჯიბრებაზე ნაჩვენებ შედეგებზე და არა ვრცელი ინტერვიუ. როცა მას თუნდაც იმავე ფხაკაძის მშვენიერი მაჩვენებელი ჰქონდა ხელთ (შეგახსენებთ - ევროპის პირველობაზე ამაზე უკეთესი ქულა მხოლოდ ორმა მშვილდოსანმა აჩვენა, უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ რიბანს არ ჰქონია 665 ქულა), საკუთარი თავისთვის მშვენიერი პიარკამპანიის გაწევა შეეძლო, მაგრამ ისე უცნაურად იქცეოდა, ვკითხე კიდეც, ჟურნალისტებთან აქამდე ურთიერთობა თუ გქონია-მეთქი... რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, როცა თურმე რაღაც უკითხავთ მისთვის.

კიდევ კარგი, მასთან საუბარში საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი მეხმარებოდა, რომელმაც საკუთარი ყურით მოისმინა კორეელის სიტყვები. მასაც ვკითხე, როგორც ფედერაციის წარმომადგენელი, როგორ აფასებდა მწვრთნელის პოზიციას და თავად როგორ მიიჩნევდა, საქართველოს ჩემპიონატი ნაკრების მწვრთნელისთვის უნდა ყოფილიყო თუ არა მნიშვნელოვანი.

"ცხადია, საინტერესო უნდა იყოს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ აქ ნაკრების წევრები ისვრიან. მით უფრო, რომ ეს შეჯიბრება სალიცენზიო ტურნირის წინ ტარდება", - გვითხრა სანიშვილმა და დაგვეთანხმა, რომ ამ პრობლემის მოგვარება ფედერაციის ვალიცაა.

აქ უკვე ფედერაციების (და არა მხოლოდ მშვილდოსნობის) გასაკეთებელ საქმესაც მივადექით - ისინი უცხოელ მწვრთნელებს მარტო მაღალ ხელფასზე კი არ უნდა უთანხმდებოდნენ, მათ მედიასთან ურთიერთობასაც უნდა ავალებდნენ და თუნდაც მწვრთნელთა გადამზადებაში, როცა საამისოდ საგანგებოდ ვერ ჩამოჰყავთ უცხოელი ინსტრუქტორები, მათ ფაქტორს უფრო მეტად უნდა იყენებდნენ.

მედიასთან ურთიერთობას თუ თავიდანვე დაავალებენ მათ, მერე არც იმით მოუწევთ თავის მართლება, რომ ეს მწვრთნელები სამშობლოშიც ცუდი ხასიათით გამოირჩევიან - არა გვგონია, უცხოეთში ყველა ასეთი უკმეხი იყოს და მაშინ კეთილ ინებონ, ნორმალური ადამიანები შეარჩიონ.

დაბოლოს იმას ვიტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატზე დროშის აღმართვა და ჰიმნის თანხლებით დაჯილდოება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. გვჯერა, მომავალ პირველობებზე ასეც იქნება.

თაობათა ბრძოლა და უკმეხი კორეელი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული