საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებს ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ისევ ხელი მოეცარა და კვლავაც შარშან მსოფლიოს პირველობაზე მოპოვებული ერთი საგზურის ამარა დარჩა.
არადა, ამერიკულ ოგდენში მიმდინარე მსოფლიოს თასის რიგით მესამე გათამაშებაში, რომელიც, პარალელურად, სალიცენზიო ტურნირიცაა, სანუკვარ მიზნამდე ერთადერთი მოგება აშორებდათ!
მას შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრების პლეი ოფში ზედიზედ დაამარცხეს გერმანიისა და საფრანგეთის ძლიერი გუნდები, საბოლოო წარმატება არც ისე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ჩვენები ჯერ ნახევარფინალში დამარცხდნენ მექსიკასთან, მერე კი იაპონიასთანაც დათმეს მესამე ადგილისთვის შეხვედრა.
ამით გუნდმა ლიცენზიების მოპოვების
ორი მარცხი მექსიკასთან
ოგდენში ჩვენს ქალებს მექსიკელები ნამდვილ რისხვად ექცნენ, რომლებმაც გუშინწინ ორჯერ მოგვიგეს - ჯერ საკუთრივ მსოფლიოს თასზე, მერე კი გვიან ღამით - სალიცენზიო ტურნირში.
სალიცენზიოში გერმანელთა და ფრანგთა ძლევაზე უკვე გაცნობეთ, რაზეც აღარ შევჩერდებით, თუმცა ამ ორი აღსანიშნავი გამარჯვებით გამოწვეული ოპტიმიზმი მალევე გაგვინელდა - სამწუხაროდ, ნახევარფინალში ჩვენებმა მექსიკასთან რევანში ვერ შეძლეს და მორიგი გმირობით ვეღარ გაგვახარეს.
პირველი შეხვედრის დარად, მექსიკელები ახლაც თავიდანვე დაწინაურდნენ - პირველი ნახევრის ანუ ორი პერიოდის შემდეგ 109:101 გვიგებდნენ. ბოლო ორ სერიაში ჩვენებმა მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს და ორივე მოიგეს, მაგრამ - ბევრად მცირე უპირატესობით და პირველ ნახევარში დაკარგულის ანაზღაურება ვერ შეძლეს.
მექსიკელთა საბოლოო წარმატება უკვე მესამე პერიოდის შემდეგ გაცხადდა - ქართულმა ტრიომ ეს სერია 52:50 კი მოიგო და საერთო ანგარიში 2 ქულით შეამცირა- 153:159, მაგრამ დარჩენილ სერიაში ექვსქულიანი ჩამორჩენის აღმომფხვრელები არ ჩანდნენ. მართლაც, ბოლო პერიოდში ჩვენებმა მხოლოდ მინიმალური სხვაობით იმარჯვეს - 54:53, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც მექსიკელებს დარჩათ: 212:207.
ლონდონის გზა იაპონიამ ჩაგვიხერგა
წაგების მიუხედავად, ჩვენებს სალიცენზიო სამეულში მოხვედრის შანსი მაინც რჩებოდათ - საამისოდ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იაპონელები უნდა დაემარცხებინათ.
ორთაბრძოლა ქართველთა უპირატესობით დაიწყო - პირველი სეტი 55:52 მოიგეს, მაგრამ მერე გუნდი აირია, მოიშალა და შედეგებსაც უკლო. მომდევნო სამ სეტში მათ ერთხელაც ვერ გადააბიჯეს 50-ქულიან ზღვარს და 49, 48, 48 ქულა დააგროვეს. 8-იანებს თავი დავანებოთ, ამ გადამწყევტ ეტაპზე ორჯერ 7-იანი, თითოჯერ კი 6-იანი და სულაც 5-იანი გაარტყეს!
ამ ფონზე იაპონელთა გამარჯვება ლოგიკურია - 212:200. ამდენად, ჩვენებმა შარშან მსოფლიოზე მომხდარის შემდეგ, როცა მასპინძელ იტალიასთან მოგებული შეხვედრა გადაათამაშებინეს, რაც საგზურების დათმობად დაგვიჯდა, მეორედ დაკარგეს ლიცენზიები.
ქვრივიშვილი უკვე რიოზე ფიქრობს
სალიცენზიო ტურნირი აშშ-ს ნაკრებმა მოიგო, თუმცა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით, რადგან მექსიკელებთან ძირითადი დროც და დამატებითიც ფრედ დასრულდა - 213:213; 27:27.
ძალზე დრამატულად წარიმართა დამატებითი სერია, სადაც სამივე მონაწილე თითო ისარს ისვრის. პირველი ორი ცდის შემდეგ მექსიკელები 19:17 დაწინაურდნენ, მაგრამ მესამე ცდაზე მათმა წარმომადგენელმა 8-იანს გაარტყა, ამერიკელმა ჯენიფერ ნიკლოშმა - 10-იანს და ანგარიში გაათანაბრა - 27:27. საბოლოოდ ნიკლოშის ეს 10-იანი ორმაგად ფასეული გამოდგა, რადგან ანგარიშის გათანაბრების გარდა, გამარჯვების მომტანიც აღმოჩნდა - ორივე გუნდს თითო 10-იანი ჰქონდა, მაგრამ ნიკლოშისა უფრო ახლოს იყო ცენტრთან და მოგებულიც ამან გამოავლინა.
ამერიკელთა გუნდში კვლავაც გამოდიოდა საქართველოდან წასული ოლიმპიური პრიზიორი (ჩვენი სახელით) ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), რომლის შვილი - ლევანი იქაურთა ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდის. ხათუნა იმედოვნებს, რომ დედა-შვილი 2016 წელს აშშ-ს ღირსებას ერთად დაიცავენ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე.
ამდენად, ოლიმპიადაზე ქალთა ტურნირში ადრევე გასულ იტალიას, ინდოეთს, ჩინეთს, კორეას, რუსეთს, დანიას, ბრიტანეთს, ტაივანს და უკრაინას ამჯერად მექსიკა, აშშ და იაპონია დაემატნენ.
გერმანია და საფრანგეთი თითო მონაწილით დავტოვეთ - გერმანელთაგან მსოფლიოს მესამე პრიზიორი ელენა რიხტერი გამოვა, ფრანგთაგან - ევროპის ექს-ჩემპიონი ბერენჟერე შუ, ვინაც შარშან მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რიხტერთან დამარცხდა.
ანგარიშგასაწევი გუნდებიდან თითო მონაწილე ეყოლებათ პოლონეთს, ესპანეთს, ბელარუსს, ინდონეზიას, მალაიზიას, ჩილეს, კოლუმბიას...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"