რომ არა საგზურების განაწილების ცოტა უცნაური წესი, მინიმუმ, ორი მონაწილე მაინც უნდა გვყოლოდა - მსოფლიოს პირველობაზე პირად პირველობაში სალიცენზიო ზონაში ხათუნა ნარიმანიძეც შევიდა, მაგრამ ინდივიდუალურში ერთ ქვეყანას მხოლოდ ერთი საგზური ეძლეოდა.
თუმცა ეს ნამდვილად არაფერია იმასთან შედარებით, რაც იმავე ზემოაღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში ჩვენს ნაკრებს დამართეს - პრაქტიკულად, მოპოვებული სამი საგზური წაართვეს, როცა მასპინძელ იტალიასთან მოგებული შეხვედრა გადაათამაშებინეს.
ეს უსამართლობა რომ არა, ლონდონში
თუმცა სადღეისო რეალობა ისეთია, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ ესებუა გვეყოლება, რომელიც თავისი მეორე თამაშებისთვის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ემზადება.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დღეში ორჯერ ვარჯიშობს მარტო, თანაგუნდელების გარეშე. მისი და კორეელი მწვრთნელის სურვილი კი იყო, მასთან ერთად თუნდაც მხოლოდ ლაშა ფხაკაძეს ესროლა, როგორც თბილისელს (მოგეხსენებათ, ქალთა ნაკრების სხვა წევრები ბათუმიდან არიან და მათთვის შეკრების მოწყობა არ ხერხდებოდა), კორეელი ამაზე ფედერაციასაც დაეკითხა, მაგრამ ფედერაციამ მიიჩნია, რომ აჯობებდა, მწვრთნელი თუ მხოლოდ ესებუას მოამზადებდა და მთელი ყურადღება მასზე ექნებოდა კონცენტრირებული.
როგორც საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა გვითხრა, კორეელი ესებუას ყოველ გასროლას ვიდეოფირზე იწერს და მერე შეგირდთან ერთად არჩევს, რისი საშუალებაც გუნდთან ერთად მუშაობის შემთხვევაში არ ექნებოდა.
ესებუა ვაკეში 22 ივლისამდე ივარჯიშებს, მერე კი ლონდონში გაემგზავრება დელეგაციის პირველ ჯგუფსა და ნინო სალუქვაძესთან ერთად, რადგან ჩვენებურთაგან ყველაზე ადრე ის ჩაებმება თამაშებში - გახსნის დღეს, 27 ივლისს ოფიციალური ვარჯიშია, 28-ში კი პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"