ქრისტინე ესებუა: ლონდონში ოქროსთვის ვიბრძოლებ, მეორე ადგილი არ მაკმაყოფილებს

AutoSharing Option
მშვილდოსნობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა ქართველთაგან პირველი ოლიმპიელი იქნება, ვინც ლონდონის თამაშებზე გახსნის დღესვე ჩაებმება ასპარეზობაში, ის 27 ივლისს ისვრის.

დღეს ჩვენი პრეს-კლუბის სტუმარი სწორედ უფროსებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი (ოღონდ უკრაინის სახელით) ესებუა იქნება, რომელიც ოლიმპიადის გარდა ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება.

- ოლიმპიადისთვის მზადება რამდენად ნაყოფიერად და გეგმაზომიერად წარიმართა, შეასრულეთ დასახული გეგმა?
- მზადება თანდათან დასასრულისკენ მიდის, იარაღის მოსარგები გარკვეული ტექნიკური სამუშაოები დაგვრჩა. გუშინწინ ისრებიც ჩამოგვივიდა, ახლა მას მოვარგებთ ანუ ტექნიკურად ყველაფერი მზად იქნება.

ეს იმავე ფირმის ისრებია,
რომლითაც აქამდე გამოვდიოდით, მაგრამ ახალ ისრებს გამოცდა სჭირდება - თითოს 500 გასროლა მაინც, ვაიდა რამე ტექნიკური წუნი არ ჰქონდეს. ორ კომპლექტს ვიღებთ, რომლიდანაც 12 კარგს ვარჩევთ. უცხოეთში ამას მანქანით ამოწმებენ, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვაქვს.

პირადად მე გარკვეული სახის შესწორებები დამრჩა, მაგრამ ვვარჯიშობთ და ეს საქმეც წინ მიდის. ლონდონში ხუთი დღით ადრე ჩავდივართ და იქაურ კლიმატურ პირობებთან შესაგუებლადაც გვექნება დრო. როგორი ქარია, როგორი ამინდია - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სახეობაში.

რაც მთავარია, ძალიან კარგი, საბრძოლო განწყობით მივდივარ ოლიმპიადაზე. ზოგი მეუბნება, რომ მთავარი ოლიმპიადაზე მონაწილეობააო, რაზეც ვპასუხობ, ეგ სიამოვნება ორჯერ უკვე გამოვცადე და საკმარისია, ახლა კი წარმატების დროა-მეთქი.

- იტალიაში შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარმა უსამართლობამ უარყოფითად ხომ არ იმოქმედა განწყობაზე?
- იტალიაში მომხდარის გახსენებაც არ მინდა, რადგან, პრაქტიკულად, ჯიბიდან ამოგვიღეს ლიცენზიები. ფაქტობრივად, ოლიმპიადაზე ვიყავით მთელი გუნდი და უკვე ლონდონზე ვფიქრობდით. ერთმანეთს ვულოცავდით, ოლიმპიადაზე მივდივართო და უცებ ერთ საათში ხელახლა გამოგვიძახეს საასპარეზოდ! ეს შოკი იყო ჩვენთვის, ცივი შხაპი!

იტალიელებთან მოგების შემდეგ ტაივანელებთან საპაექროდ ვემზადებოდით, უკვე გუნდურში წარმატებაზე ვფიქრობდით, როცა ისევ უკან დაგვაბრუნეს.

ეს ფსიქოლოგიურად ძნელი მომენტია - რატომ, რისთვის, რა მოხდა? ეს ფიქრები გიტრიალებს თავში და იბნევი, ვერც ტექნიკაზე ფიქრობ და ვერც ვერაფერზე. ამის მიუხედავად, იტალიელებთან ცუდად არც მეორე შეხვედრაში გვისვრია და მხოლოდ ახლო ათიანით წავაგეთ.

- თუ იცით, რომ ამერიკელებმა წინასწარი გათვლებით ვერცხლის მედალი მოგანიჭეს? სხვათა შორის, თქვენს თანარაიონელ მანუჩარ ცხადაიას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონობა უწინასწარმეტყველეს...
- არა, პირველად მესმის, მაგრამ ძალიან კარგი, თუ ასეა. მათ თუ ვერცხლი მომანიჭეს, მე ოქროსთვის ვიბრძოლებ, რადგან მეორე ადგილი არ მაკმაყოფილებს.

ძალიან მიხარია, რომ ხობიდან ორნი მივდივართ ოლიმპიადაზე მე და ცხადაია. პირველად რომ გავიგე მის შესახებ, არც კი დავიჯერე, რომ იქიდან ასეთი სპორტსმენი იყო. ვმეგობრობ ბათუმელებთან, თბილისელებთანაც, მაგრამ ხობი პატარა რაიონია და მისი ასეთი წარმატება განსაკუთრებით მიხარია.

დიდი მადლობა ბატონ გოდერძი ბუკიას, რომელიც დიდი ხანია, არ მინახავს. საქართველოში ჩემს დაბრუნებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის და თავიდან სპონსორიც იყო - აქ ჩამოსულს პირველი მშვილდიც მან მიყიდა და რამდენჯერმე შეჯიბრებაზეც დამაფინანსა. ძალიან კარგი პიროვნებაა, მისთვის აქამდე მადლობა არც გადამიხდია და მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ეს ახლა ვუთხრა ამ ყველაფრისთვის.

- აქამდე ტურნირებზე ყოველთვის გუნდთან ერთად გამოდიოდით, ახლა კი მარტო მოგიწევთ ასპარეზობა. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?
- ეს მართლაც ძნელია და უკვე მიჭირს - ყოველდღიურ ვარჯიშებზეც ვგრძნობ გუნდის ნაკლებობას. როცა გუნდთან ერთად ვარ, მათიც მეიმედება, ახლა კი უკვე მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. პეკინში მე და ხათუნა ნარიმანიძე ვიყავით მხოლოდ, მაგრამ როცა სროლისას უკან მედგა, დიდი იმედი იყო ჩემთვის. თან როცა შედეგს იწერს, მშვიდად ვარ - ჩემიანია და ვიცი, არაფერს დამაკლებს.

ახლა მხოლოდ მე და მწვრთნელი მივდივართ და არ ვიცი, ვინ დადგება ფართან მაჩვენებლების ჩასაწერად. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მისიაა, რადგან მასზე ბევრია დამოკიდებული. შეიძლება სადავო მომენტი იყოს, 9-იანია თუ 10-იანი. ოდნავადაც რომ ეხებოდეს ზოლს, უკვე 10-იანია, მაგრამ ვინც ეს ნიუანსი არ იცის, შეიძლება 9-იანი ჩამიწეროს. ამიტომაა საჭირო იქ მცოდნე ადამიანის დადგომა.

სამწუხაროდ, ჩვენთან შედეგებს ელექტროტექნიკა არ აფიქსირებს, როგორც - ტყვიის სროლაში. მით უფრო, ადრე სამი მსაჯი იყო, ახლა - ერთია და რასაც ის იტყვის, კანონია.

- სხვა ქვეყნებში გადასულ ქართველებს ტურნირებზე ხშირად ხვდებით. მათთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ძალიან კარგი, მეგობრული. ამერიკაში გადასულ ხათუნა ქვრივიშვილსა და თურქეთის სახელით მოასპარეზე ნატო ნასარიძეს ძალიან ხშირად ვხვდები და ყოველთვის მიხარია მათი ნახვა. სამწუხაროა, რომ ოლიმპიადაზე ნასარიძე ვერ მოხვდა.

- ქალთა სპორტში ხშირია კონკურენციით გამოწვეული შური და ბოღმა. მშვილდოსნობაში ამ მხრივ როგორაა საქმე? მით უფრო, აქ ასაკობრივი განსხვავება ძალიან დიდია.
- არა, ყველა ძალიან მეგობრულად ვართ ერთმანეთთან - ვესალმებით, ვეკონტაქტებით და ვქომაგობთ კიდეც. ახლები იქნებ არ არიან დიდი ხნის ნაცნობებივით კონტაქტურები, მაგრამ მერე ისინიც ეჩვევიან. აი, პლეი ოფების შემდეგ საერთოდ მეგობრები ვხდებით ერთმანეთისთვის.

- თილისმა თუ გაქვთ?
- ადრე მქონდა - ბებიას ნაჩუქარ ნივთებს ასანთის კოლოფით ვატარებდი, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა. თან ხან ერთ შეჯიბრებაზე დამრჩა, ხან - მეორეზე და ნელ-ნელა მივეჩვიე უმისობას. ახლაც ისევ ისე მიდევს სახლში, იმავე კოლოფში, მაგრამ უკვე აღარ დამაქვს.

- ყველაზე ერთგული ქომაგი ვინაა?
- ალბათ, მამა, რომელიც ამ ბოლოს აქტიურად მქომაგობს. შეძლებისდაგვარად შეჯიბრებებზეც დადის.

თუმცა გადამეტებული ქომაგობა იქნებ არცაა კარგი. მაგალითად, ტურნირებზე ფედერაციის ხელმძღვანელობა რომ გვესწრება, დაძაბულები ვართ, თუმცა შარშან მსოფლიოს პირველობაზე ისინიც იყვნენ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც, მაგრამ ისე ვიყავი შეჯიბრებაზე გადართული, არც ვაქცევდი ყურადღებას, ვინ იყო ტრიბუნაზე. ვიცოდი, ეს ბოლო შანსი იყო და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა წარმატებისთვის.

Sportall.Ge- მსოფლიოს პირველობაზე ფინალში ჩილელ ასტრიდ ვან ლემონენთან წაგებას რით ახსნით, როცა მანამდე ბევრად ძლიერებს მოუგეთ?
- ვფიქრობ, ჩემი თავი ვერ გავაკონტროლე და უფრო შედეგზე გადავერთე. ვერ მოვახერხე საშეჯიბრო ატმოსფეროდან იმგვარად გამოთიშვა, ზემოთ რომ ვთქვი. სროლისას მხოლოდ მწვრთნელს უნდა უსმინო, აკონტროლო ქარის მიმართულება, რასაც ფარზე დაყენებული დროშით ვაკეთებთ, და უნდა იყო მშვიდად. ფსიქოლოგიურად უნდა იყო ძლიერი. სამწუხაროდ, ჩვენ ფსიქოლოგი არ გვყავს.

- მშვილდოსნობის გარდა სპორტის სხვა სახეობით თუ იყავით გატაცებული?
- ჯერ კიდევ უკრაინაში წასვლამდე საქართველოში ცხოვრებისას კარატეზე დავდიოდი - პირველ ან მეორე კლასში ვიქნებოდი. უკრაინაში ძიუდოშიც ვვარჯიშობდი, მაგრამ საბოლოოდ მშვილდოსნობას შემოვრჩი. ალბათ, ამაში დიდი როლი ოჯახურმა ტრადიციამაც ითამაშა - დედაც მშვილდოსანი იყო და ჩემი უფროსი და-ძმაც ვარჯიშობდა, მაგრამ მათ ადრე დაანებეს თავი.

მშვილდოსნობა ჩემთვის ისეთი რამე გახდა, ზოგჯერ მესიზმრება კიდეც - ხან კვარცხლბეკზე ვდგავარ, ხან - გაბრაზებული ვარ და კარგად ვერ ვისვრი, ან მწვრთნელი მავარჯიშებს და ამგვარები. ჩემი პირველი მწვრთნელი მონიკა სიმუნსი მასწავლიდა, ძილის წინ შენი ტექნიკა გონებაში გაიმეორე, ვითომ ისვრიო. სხვათა შორის, კორეელმაც იგივე მითხრა და მაშინ გავიფიქრე, რომ სკოლა ყველგან ერთია-მეთქი.

- კარიერის განმავლობაში რამდენიმე სრულიად განსხვავებულ მწვრთნელთან მოგიწიათ ურთიერთობა - უკრაინელი მონიკა სიმუნსი, ქართველი თამაზ ფუტკარაძე, ახლა - კორეელი. ძნელი იყო ამ განსხვავებულ ხალხთან ურთიერთობა და რომელთან გიადვილდებოდათ მუშაობა?
- როგორც ვატყობ, ფსიქოლოგიური მომენტია მთავარი. მაგალითად, კორეელი პირდაპირ ითხოვდა ჩვენგან, მისი ფსიქოლოგიით გვესროლა. ახლა კი მივეჩვიე მის სტილს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ნასწავლიდან გადაწყობა არ იყო იოლი. მონიკამ გამზარდა და მისი დღემდე უსიტყვოდ მესმის იმის მიუხედავად, რომ რვა წელიწადია, საქართველოში ვარ. ახლაც ხშირად ვესაუბრები სკაიპით და რჩევა-დარიგებებს არ მაკლებს. იქაც რამდენჯერმე ვიყავი ჩასული მასთან სავარჯიშოდ და ორჯერ აქაც ჩამოვიყვანეთ დასახმარებლად.

- კორეელი საკმაოდ მკაცრია. გაგიჭირდათ მის სტილთან შეგუება?
- ის თავიდანვე ამბობდა, რომ ფსიქოლოგიურად არ ვიყავით მზად და თავიდან ამაზე გვავარჯიშებდა, აი, მის სიმკაცრესთან შეგუება კი დასაწყისში მართლაც გაგვიჭირდა. ყვირილს საერთოდ ვერ ვიტან და სხვასაც რომ უჯავრდებოდა, ჩემზე ესეც მოქმედებდა.

რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც, რომ ყვირილს ვერ ვიტანდი, მაგრამ ეს შენზე კარგად მოქმედებსო, მომიგო.

არადა, სიმუნსს არათუ უყვირია, ხმამაღლაც კი არ უთქვამს არაფერი, მაგრამ მის ხელში ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი და ევროპის პრიზიორიც.

კორეელი ადრე გვეუბნებოდა კიდეც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უფრო მკაცრიც გახდებოდა და სავარჯიშო დატვირთვასაც გაზრდიდა, რაც შეასრულა კიდეც. ახლა უფრო მეტსაც გვიყვირის და ადრე თუ დილით 7-დან 10-მდე ვვარჯიშობდით, ახლა 12-დე ვისვრით. თუმცა ეს მოგვიხდა კიდეც. განსაკუთრებით - ბიჭებს.

- კარიერის შემდეგ მწვრთნელობას აპირებთ?
- ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, თუმცა ეს საქმე მიყვარს და დაკარგვა არ მსურს. ძალიან მინდა, ხობში გავხსნა მშვილდოსნობის აკადემია.

სამწუხაროდ, საქართველოში პირობები არაა კარგი - არც მინდორია, არც - დარბაზი. ახლა ოლიმპიადისთვის "ლოკომოტივზე" ვვარჯიშობთ.
ერთხელ თამაში იყო და ჩვენ სხვაგან მოგვიხდა გადანაცვლება.

იქვე სადაც ვემზადებით, ბიჭებმა ქვეწარმავალიც ნახეს - მისი ისე მეშინია, მარტო იქ ვერანაირად ვერ ვისვრი. ვფიქრობ, ბაზების არარსებობაა ის მიზეზი, რის გამოც მშვილდოსნობა საქართველოში არაა იმდენად პოპულარული დიდი წარმატებების მიუხედავად. მინიმალური პირობები არის, მაგრამ თავად იცით, როგორ დარბაზში ვვარჯიშობ - იქ ვინ მოიყვანს შვილს? ერთხელ მოვიდა ვიღაც, შვილის მოყვანა უნდოდა, მაგრამ გადახედა დარბაზს და მერე აღარ გამოჩენილა.

მშვილდოსნობას რეკლამაც აკლია - ზოგმა არც იცის მისი არსებობა. მაგალითად, ორი დღის წინ ვიღაცას გაუკვირდა, როცა გაიგო ჩემი მშვილდოსნობა, ეგ კიდევ არსებობსო. მშობლებს ურჩევნიათ, შვილები უფრო პოპულარულ სახეობებში - ფეხბურთზე, კალათბურთზე, ჭიდაობაზე, ძიუდოზე მიიყვანონ.

არადა, ტალანტი ჩვენს ახალგაზრდებს არ აკლიათ, რადგან ეს ქართულ ხასიათში ზის. მაგალითად, გვყავს ძალიან ნიჭიერი ბიჭი - ირაკლი ქვლივიძე, ხოლო ლაშა ფხაკაძეს ლიცენზიის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი სეტის მოგება დააკლდა. მას ისე მონდომებით ვქომაგობდით ამერიკაში, სალიცენზიო ტურნირში... ვფიქრობდით, ჩვენ ვერ ავიღეთ გუნდური საგზური, მაგრამ ჯანდაბას, ამან მოიპოვოსო.

ამის მიუხედავად, საქართველოში მშვილდსონობა მაინც ვითარდება - რიოს ოლიმპიადაზე უკვე ვაჟთა ნაკრებიც გვეყოლება, ძალიან მონდომებულები არიან; საქართველოს ჩემპიონატში შეუდარებლად მეტი მონაწილე გამოდის, იზრდება კონკურენცია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია ნაცვლიშვილი: ლონდონიდან ქართველების 7-8 მედალს ველოდები
ქრისტინე ესებუა ლონდონის ოლიმპიადისთვის მარტო ემზადება
უკმეხი კორეელი მწვრთნელი და ქართველი ჟურნალისტები
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა საამაყოა. რომ ასეთი ამბიციური ამორძალები გვყავს! გვიხარია და ვგულშემატკივრობთ.
giorgi
10:40 23-07-2012
0
წარმატებას გისურვებთ ქრისტი, ლაშა და მისი საძმო ავღანეთიდან. აუცილებლად ოქრო გვჭირდება დანარჩენს კი საქართველოში რო დავბრუნდებით იქ მოგილოცავთ.
gia01011981
06:33 23-07-2012
0

სიახლეები პოპულარული