ქართველმა მშვილდოსნებმა მაჩვენებლები გაიუარესეს

AutoSharing Option
ანტალიაში დაიწყო მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპი მშვილდოსნობაში, სადაც 11 ივნისს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები დასრულდა.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები იქ გადახალისებული შემადგენლობით გამოდის - ნაკრების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამჯერად მხოლოდ ახალგაზრდები წაიყვანეს და შედეგიც შესაბამისია, ქართველები ცხრილის ქვედა ნახევარში დამკვიდრდნენ.

მოლოდინისამებრ, ვაჟთა შორის ჩვენგან საუკეთესო ლაშა ფხაკაძეა, თუმცა მისი მაჩვენებელი ვერ არის მთლად დამაიმედებელი - 1266 ქულა დააგროვა და 133 მონაწილეს შორის 69-ე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მას დაახლოებით ერთი თვის წინ, მაისში სლოვენიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ თასზე 1301 ქულა ჰქონდა, რითაც
საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ეს მაჩვენებელი ახლაც რომ გაემეორებინა, მე-40 ადგილამდე ააღწევდა. ფხაკაძე ანტალიაში ყველაზე უკეთ ბოლო სერიაში გამოვიდა, 30-მეტრიან დისტანციაზე, სადაც 351 ქულა დააგროვა, რაც ამ სერიაში 33-ე შედეგი გამოდგა. 90-იანზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - 297 ქულა, დანარჩენებში კი, შესაბამისად, 310 და 308 დააგროვა.

ვაჟებში ჩვენგან მეორე ჯაბა მოსეშვილი აღმოჩნდა - 1202 ქულა და 93-ე ადგილი, არჩილ ფარსენაძე კი 1180-ით 96-ეა. ესენიც გვარიანად ჩამორჩნენ თავიანთ სლოვენიურ მაჩვენებელს, სადაც მოსეშვილს 1221 ქულა ჰქონდა, ფარსენაძეს - 1285, თუმცა ბათუმელი მსროლელი მაშინ ჭაბუკებში გამოვიდა, სადაც შედარებით მოკლე დისტანციებია.

ვერ გეტყვით, რატომ გააუარესეს შედეგები ჩვენებმა - იარაღის პრობლემაა, რამე ტექნიკური ხარვეზი თუ რა მოხდა.

მართალია, წინა შეჯიბრება ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ტურნირი იყო, აქ კი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები გამოდიან; ვითვალისწინებთ ჩვენებურთა ასაკსაც - ლამის მამისტოლა ხალხთან უწევთ ჭიდილი, მაგრამ დისტანციები ერთი და იგივეა, თუ ფარსენაძეს არ ჩავთვლით.

მანდილოსნებში ყველაზე უკეთ ციალა ფუტკარაძემ ისროლა - 1124 ქულა და 66-ე ადგილი 82 მონაწილეს შორის. თეონა კუტალაძე 1218-ით 68-ეზე გავიდა, მედეა აბულაძე კი 1166-ით 77-ეა.

ამათაც გააუარესეს სლოვენიური მაჩვენებლები, თუმცა უნდა ითქვას, რომ იქ ფუტკარაძე და აბულაძე 17-წლამდელებში ასპარეზობდნენ. რატომღაც აკაკი ლეკვეიშვილი და ანა დუმბაძე საერთოდ არ გამოსულან ტურნირში.

შერეული წყვილი ამჯერად ფხაკაძემ და ფუტკარაძემ შეადგინეს, რომლებსაც ჯამში 2490 ქულა დაუგროვდათ, ეს კი 25 მონაწილეს შორის 22-ე შედეგია.

ამდენად, ისინი პლეი ოფში, ანუ 16 საუკეთესოში ვერ გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ვაჟები 3648 ქულით 29-ს შორის 23-ეზე აღმოჩნდნენ და ქალები კი 3608-ით მე-16 ადგილზე გავიდნენ და მხოლოდ ერაყელი მანდილოსნები ჩამოიტოვეს. ვაჟები პლეი ოფში ვერ გავიდნენ, ქალები კი 14 ივნისს მერვედფინალში საკვალიფიკაციოს მომგებ კორეელებს შეხვდებიან.

12 ივნისს, პირადი პირველობის პლეი ოფში, ფხაკაძე 1/48-ფინალში ბრაზილიელ ბემარდო ოლივეირას გაეჯიბრება, ფარსენაძე ჩინელ შუაი ჭანს შეხვდება, მოსეშვილი - ხუან იგნასიო როდრიგესს. კუტალაძე 12 ივნისს იმავე ეტაპზე ფრანგ ნაომი ბრიანსს გაეჯიბრება, ფუტკარაძე - მექსიკელ მარიანა გარსიას, აბულაძე - ბელორუს ალენა ტოლკაჩს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული