ქართველ მშვილდოსანთა მორიგი შანსი

AutoSharing Option
16 ივლისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის თასის გათამაშება იწყება ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა შორის, რომელშიც საქართველო სრული გუნდით მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდებს შორის ლაშა ფხაკაძე, ჯაბა მოსეშვილი, ლევან ჩიტიშვილი, თეონა კუტალაძე, თეონა არჯევანიძე და ნინო დევაძე გამოვლენ, ჭაბუკებში კი აკაკი ლეკვეიშვილი, არჩილ ფარსენაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ვლადიმერ დოლიძე, ციალა ფუტკარაძე, მედეა აბულაძე, დიანა გორგოშაძე და ანა დუმბაძე იასპარეზებენ.

ესაა ამ რანგის რიგით მეორე და დასკვნითი ტურნირი ამ სეზონში. შეგახსენებთ, რომ პირველი მაისში სლოვენიაში ჩატარდა და იქ ჩვენებმა მეტ-ნაკლები წარმატებით იასპარეზეს, თუმცა აღსანიშნავია,
რომ მაშინ ქართველთა უმეტესობა პირველად გამოვიდა უცხოურ ტურნირში.

ამის მიუხედავად, თავი არ შეურცხვენიათ და რამდენიმემ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა, ხოლო გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრმა ლაშა ფხაკაძემ საქართველოს რეკორდიც კი დაამყარა - 1301 ქულა (ოღონდ მოგვიანებით ეს მაჩვენებელი კიდევ 3 ქულით გააუმჯობესა).

ახლანდელი შემადგენლობა საკონტროლო შეჯიბრების შედეგების მიხედვით შეარჩიეს, თუმცა დოლიძე და დუმბაძე ბოლოს დაამატეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით - მათ გაისად გასამართავი მსოფლიოს პირველი ოლიმპიური თამაშები უწევთ და მისი საგზურის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ, რაც წლეულსვე მოხდება.

საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციას ამ გუნდებისთვის ბულგარეთში შეკრების მოწყობაც სურდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა და ჩვენები პირდაპირ შეჯიბრებაზე წავიდნენ, თბილისსა და ბათუმში გამართული ორი ტურნირით ზურგგამაგრებულები.

ბუქარესტში 15 ივლისს ოფიციალური ვარჯიში გაიმართა, 16-ში კი საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. შეჯიბრება 20 ივლისს დასრულდება ფინალური შეხვედრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული