ქართველი მშვილდოსნები ბრძოლას ეჩვევიან

AutoSharing Option
ბუქარესტში გრძელდება ევროპის თასი ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა შორის.

უკვე დასრულდა პლეი ოფები პირად პირველობასა და შერეულ წყვილებში. ჩვენებურები მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, თუმცა რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტი მაინც მოხდა. ამ მხრივ უფრო ბიჭებმა ისახელეს თავი.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩავარდნის შემდეგ ლაშა ფხაკაძემ ლიდერის თვისებები და მებრძოლი ხასიათი პლეი ოფში გამოავლინა. პირველ წრეში მან საკმაოდ ძლიერი უნგრელი, სლოვენიის ანალოგიური ტურნირის მომგები არპად ბანდა რომ დაამარცხა, უკვე ვწერდით; 18 ივლისს კი ბანდას შესარჩევ ეტაპზე მეორეზე გასული რუსი გალსან ბაზარზაროვიც ზედ მიაყოლა - 6:4.

ასეთ
ძლიერ მეტოქეს ფხაკაძემ მოუგო პირველი სეტი - 28:26, მეორე ფრედ დაასრულა - 29:29, მესამე 26:29 დათმო, ამის შემდეგ კი ნებისყოფა მაქსიმალურად მოიკრიბა და მეტოქეს არაფერი დაუთმო - მეოთხე სეტში კვლავ მან იმარჯვა - 28:27 და სეტებში 5:3 დაწინაურდა.

ბოლო, გადამწყვეტ სეტში მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა, ფრედ დაასრულა - 27:27 და საბოლოო მოგებაც მას დარჩა. სამწუხაროდ, მეტი ვერ შეძლო და მომდევნო შეხვედრა მერვედფინალში იტალიელ მარკო გალფიონესთან სამ სეტში 0:6 წააგო.

პირველ წრეში მოგების შემდეგ 1/16-ფინალში დამარცხდა ჯაბა მოსეშვილიც, თუმცა შესარჩევი ეტაპის მომგებ ბელგიელ რობინ რამაეკერსს ფიცხელი ბრძოლა კი გაუმართა - მოსეშვილმა მოიგო ბოლო, მეხუთე სეტი, რასაც განსაკუთრებული მონდომება და ხასიათი, დიდი ნებისყოფა სჭირდება. ამით კი საერთო ანგარიში გაათანაბრა - 5:5.

წესისამებრ, დაინიშნა დამატებითი გასროლა, სადაც უფრო ზუსტი ბელგიელი აღმოჩნდა, რომელმაც 10:7 მოიგო და მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა, თუმცა ეს მცდელობა იქვე შეაწყვეტინა უკრაინელმა იგორ ომელჩენკომ.

ახალგაზრდებს შორის გოგოებში 18 ივლისს მხოლოდ თეონა კუტალაძე გვყავდა შემორჩენილი და ისიც შესარჩევში მეოთხეზე გასულ უკრაინელ ვერონიკა მარჩენკოსთან 0:6 დამარცხდა.

ასევე ერთი მონაწილე გვრჩებოდა ბიჭებში - არჩილ ფარსენაძე, რომელმაც 18-შიც იყოჩაღა - მეორე წრეში განთესილი მექსიკელი ლუის ესტებან ინფანტე 6:4 დაჯაბნა, თუმცა მერვედფინალში სლოვენიელ როკ ბიზჯაკთან 3:7 წააგო.

ამ ასაკის გოგოებში 1/16-ფინალში ბრძოლას ციალა ფუტკარაძე და გუნდის ყველაზე უმცროსი წევრი, 14 წლის ანა დუმბაძე აგრძელებდნენ. სამწუხაროდ, 18 ივლისს ორივემ პირველივე შეხვედრა დათმო - ფუტკარაძე ფრანგ მარინე მაირესთან 0:6 დამარცხდა, დუმბაძემ ბრიტანელ ბრიონი პიტმანს ერთი სეტი კი მოუგო, მაგრამ საბოლოოდ 2:6 წააგო.

18-შივე გაიმართა პლეი ოფები შერეულ წყვილებშიც, სადაც თავი უფრო ჭაბუკებმა გამოიჩინეს - ფარსენაძემ და ფუტკარაძემ ბრიტანულ წყვილს 139:130 მოუგეს.

მეორე წრეში ისინი მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ფრანგულ დუეტთან დამარცხდნენ - 142:150 და საბოლოოდ მეხუთეზე გავიდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ ბიჭების ჭაბუკთა ნაკრებმა სლოვენიაში გუნდურში იტალიას მოუგო.

ახალგაზრდებში მოსეშვილმა და კუტალაძემ მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ თურქულ დუეტთან წააგეს, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში - 136:138.

19 ივლისს ბუქარესტში პლეი ოფები გუნდურ ტურნირში გაიმართება. ახალგაზრდებს შორის ვაჟები მერვედფინალში ბრიტანელებს შეხვდებიან, ჭაბუკები - ბულგარელებს, გოგოები კი ორივე ასაკში რუმინელებს გაეჯიბრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული