მსოფლიოს ჩემპიონატი: ქალებმა შედეგი აამაღლეს, იულია ლობჟანიძე ლიდერობს

AutoSharing Option
თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში დაიწყო მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ქალთა ტრიო მონაწილეობს.

როგორც იქნა, ამ შეჯიბრებისთვის მოხერხდა ნაკრებში უკრაინიდან გადმობირებული იულია ლობჟანიძის ჩართვა, რითაც ჩვენი ტრადიციული სამეული დაირღვა, თუმცა ძველი შემადგენლობის ორი წევრი - ხათუნა ნარიმანიძე და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა კი დარჩნენ.

წინასწარ ვიტყვით, რომ ბელეკში ჩვენთვის საინტერესო ფაქტი მოხდა - ქართული დუელი გაიმართა, ჩვენგან საუკეთესო შედეგით კი ჯერჯერობით ლობჟანიძე გამოირჩევა.

საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველთაგან ყველაზე უკეთ ნარიმანიძემ ჩაატარა და საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა - 1324 ქულა, რაც
26-ე ადგილი აღმოჩნდა.

ლობჟანიძე 1310-ით 39-ეა, ესებუამ კი შედარებით სუსტად ისროლა - 1287 ქულა და 68-ე ადგილი. ნარიმანიძემ არათუ შეასრულა ჩვენივე ფედერაციის მიერ ნაკრებში მოსახვედრად დაწესებული ნორმატივი - 1320 ქულა, არამედ ცოტათი გადააჭარბა კიდეც. მან ოთხივე სერია სტაბილურად ისროლა და მუდმივად 30-ეულში იყო.

ლობჟანიძე კვოტას მნიშვნელოვნად მიუახლოვდა და ძირითადში მანაც სტაბილურად ისროლა, ანუ ყველა სერიაში დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის ქულები დააგროვა, მაგრამ თავიდან ყველაზე გრძელ - 70-მეტრიან დისტანციაზე გაუჭირდა. იქ ყველაზე ცუდად ისროლა - 318 ქულა.

სამწუხაროდ, ჩვენი სამეული მნიშვნელოვნად ჩამორჩა ლიდერებს. ასე მაგალითად, შესარჩევი კორეელმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (პირადსა და გუნდურში) კი ჯაე ბუმმა მოიგო 1376 ქულით, მეორეზე ტაივანელი ია-ტინ ტანია 1371-ით, მესამეზე - ისევ კორეელი ჰიუ ჯინ ჩანი 1369-ით.

ამერიკელთა ქართველი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) მე-14-ეა 1340 ქულით.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენს მანდილოსნებს 3921 ქულა დაუგროვდათ, რაც მე-11 შედეგი აღმოჩნდა და 3 ოქტომბერს მერვედფინალში მექსიკელებს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში ვერ გავიდა მსოფლიოს მოქმედი გუნდური ჩემპიონი იტალია. ალბათ, გახსოვთ, ორი წლის წინ ტურინში მათ პირველ წრეში როგორ სკანდალურად მოუგეს ჩვენებს, როცა დასრულებული შეხვედრა გადაათამაშებინეს.

2 სექტემბერს ბელეკში პლეი ოფები პირად პირველობაში გაიმართა და სწორედ აქ შედგა ქართული დუელი - 1/24-ფინალში ერთმანეთს ლობჟანიძე და ნარიმანიძე შეხვდნენ.

მანამ სამივე ქართველმა წარმატებით იასპარეზა - ლობჟანიძემ რუმინელ სიმონა ბანცილას არ დაუტოვა შანსი და 7:1 მოუგო. ესებუამაც იმავე ანგარიშით და ასევე დამაჯერებლად დაჯაბნა ფრანგი ნაომი ბრიანე, ნარიმანიძეს კი შედარებით გაუჭირდა კანადელ ვირჯინია ჩენიერთან, თუმცა ფრიად მებრძოლი ხასიათიც გამოავლინა - პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ მომდევნო სამში იმარჯვა და პაექრობაც მოიგო საერთო ანგარიშით 6:4.

პლეი ოფის მომდევნო წრეში უკვე ქართული დუელი გაიმართა, სადაც ნაბრძოლმა ნარიმანიძემ კიდევ ერთხელ იომა მედგრად და საქმე გადასროლამდე მიიყვანა, იქ კი 9:8 წააგო.

პირველი სეტი ფრედ დასრულდა - 27:27, მეორეში ნარიმანიძემ 25:17 იმარჯვა. ლობჟანიძემ მესამეში გაათანაბრა ანგარიში - 27:25 და იქვე დაწინაურდა კიდეც - 28:25, მაგრამ ნარიმანიძემ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, იმავე ანგარიშით უკვე თვითონ იმარჯვა და ძირითადი დროც ფრედ დასრულდა - 5:5. როგორც გითხარით, დამატებითში ლობჟანიძის ნასროლი ისარი 9-იანში მოხვდა, ნარიმანიძისა - 8-იანში და შეხვედრაც უკრაინიდან გადმობირებულმა ქართველმა 6:5 მოიგო.

სამწუხაროდ, ამავე ეტაპზე დამარცხდა ესებუაც, ვინც ბრაზილიელი სარა ნიკიტინის წინააღმდეგობა ვერ დაძლია უაღრესად დრამატულ ბრძოლაში - ჩვენებური სულ ბოლო, დამატებით სერიაში გატყდა.

პირველი ორი სეტი ფრედ დასრულდა - (26:26; 27:27), მესამე მეტოქემ 28:27 მოიგო, თუმცა ესებუას აღმოაჩნდა ძალა და მეოთხეში საერთო ანგარიში გაათანაბრა - 28:27 უკვე თვითონ იმარჯვა და ანგარიში სეტების მიხედვით 4:4 გახდა. სამწუხაროდ, დამატებითში ჩვენებურმა ასე ვეღარ იყოჩაღა, თუმცა იმ პერიოდის დაძაბულობაზე საკმაოდ დაბალი შედეგიც მიუთითებს - ბრაზილიელმა 25:24 მოიგო და საერთო ანგარიშშიც 6:4 იმარჯვა.

3 ოქტომბერსვე ბელეკში, გუნდური ტურნირის გარდა, ინდივიდუალური პირველობის პლეი ოფებიც გაიმართება. ლობჟანიძე 1/16-ფინალში შესარჩევში მეშვიდეზე გასულ 1355-ქულიან რუს ინა სტეპანოვას შეხვდება.

ქალების შეჯიბრება იქაური დროით 9.30-ზე დაიწყება და პლეი ოფი 11 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში გამოვლინდებიან ფინალისტები, 14.30-დან კი სასროლეთი გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა. ის ტურნირიც ნახევარფინალის ჩათვლით ჩატარდება, ფინალური პაექრობები კი უკლებლივ ყველა დისტანციაზე 6 ოქტომბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული