უცნაური რეალობა მშვილდოსნობაში: აქცენტი ქალებიდან ბიჭებზე გადადის

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციამ გაარკვია იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც 25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ფრანგულ ნიმში გასამართ მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატში გამოვლენ.

მწვრთნელთა საბჭომ, ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ძირითადი აქცენტი 20-წლამდელ ბიჭებზე გააკეთა, ქართული მშვილდოსნობის ლოკომოტივად ქცეული ქალთა ნაკრები კი მხოლოდ ერთი მონაწილით იქნება წარმოდგენილი. თან, სახლში რჩება მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა!

ქალთა ტურნირში ჩვენგან მხოლოდ ხათუნა ნარიმანიძე გამოვა, ვაჟთა ნაკრებში კი ლაშა ფხაკაძე, ჯაბა მოსეშვილი და ზურაბ მესტვირიშვილი შევიდნენ, ოღონდ ესენი ახალგაზრდების ტურნირში ისვრიან და არა უფროსებში.

გადაწყვეტილება უცნაური
კი ჩანს, მაგრამ ეს კვარტეტი 24-26 იანვარს ხელვაჩაურში გამართული საქართველოს ზამთრის პირველობის შედეგებით შეარჩიეს. მოგეხსენებათ, მშვილდოსნობის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად თუ შეკრებაზე წასასვლელად კვოტები დააწესა და ახლაც გადაწყვიტეს, მტკიცედ დაეცვათ საკუთარივე კანონი.

დაწესებული კვოტა ამ ოთხეულმა შეასრულა, ან მიუახლოვდა მას. მაგალითად, ნარიმანიძეს ერთადერთი ქულა დააკლდა, მესტვირიშვილს - ორი, თუმცა ამისთვის ისინი არ დაუსჯიათ. აი, ფხაკაძემ და მოსეშვილმა კი შეასრულეს ნორმატივები. საერთოდ, იმ ტურნირზე პირველად მოხდა, ვაჟებმა ქალებს რომ გაუსწრეს შედეგებით.

ხელვაჩაურში მესტვირიშვილს მასპინძელმა მამუკა შუშაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი აჯობა, მაგრამ მესტვირიშვილს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა სასტარტოში და ნაკრებში ამიტომ შეიყვანეს. ვგონებთ, ფედერაცია სწორად მოიქცა, როცა მას შანსი მისცა - სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდა სპორტსმენისთვის დიდი სტიმული იქნება.

ჩვენი ნაკრები საფრანგეთში 23 თებერვალს გაფრინდება, 7 თებერვალს კი 14-კაციანი გუნდი - 7-7 ქალი და ვაჟი მწვრთნელების, თამაზ ფუტკარაძისა და გია მაკიევის მეთვალყურეობით, ურეკში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეკრებას გაივლის...

როგორც გითხარით, ესაა ზამთრის პირველობა, რომელსაც დარბაზის ჩემპიონატსაც უწოდებენ, რადგან დახურულ სივრცეში ტარდება, 18-მეტრიან დისტანციაზე. ნიმში გუნდის მწვრთნელი მაკიევი იქნება. ცოტა უცნაური შემთხვევაა, რომ ქალთა ნაკრები მხოლოდ ერთი მონაწილით იქნება წარმოდგენილი.

დაბალი სასტარტო შედეგების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ გუნდურში ჩვენებს მაინც შეუძლიათ სიურპრიზების შემოთავაზება, თუმცა, ალბათ, მწვრთნელთა საბჭოც მართალია, როცა დაწესებულ შიდაგანაწესს არ გადაუხვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული