ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ჩემპიონობას უმიზნებს

AutoSharing Option
ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა აღმავლობით ჩაატარა სლოვენიურ კოპერში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი და ზედიზედ ოთხი დამაჯერებელი მოგების შემდეგ, 28 თებერვალს კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის გერმანელ ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვას შეხვდება.

ნარიმანიძემ მთელი ტურნირი აღმავლობით ჩაატარა. მან პირველ წრეში ფრიად იოლად დაამარცხა ბერძენი არიადნა ჩორტი - 7:1. ჩორტიმ მხოლოდ პირველ წრეში "იჩორტავა" ცოტა, რომელიც ფრედ დასრულდა - 30:30. მომდევნო ორში ქართველმა ჩუბინმა ერთნაირი ანგარიშით, 29:28 იმარჯვა, ხოლო მეოთხე დამატებითში მისი უპირატესობა უფრო საგრძნობი
იყო - 30:26.

მერვედფინალში ნარიმანიძემ მასპინძლებს მოუკლა იმედი - სლოვენიელ ანა უმერს სამივე სეტში აჯობა და 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი იტალიელ ჯულია მამის ასევე 7:1 აჯობა. ამ შეხვედრაში ჩვენებურმა მოიგო პირველი ორი სეტი - 30:29; 29:28, მაგრამ მესამე, მოულოდნელად, ფრედ დასრულდა - 29:29. დაინიშნა პირველი დამატებითი სერია, სადაც ნარიმანიძემ 29:28 მოიგო და მეხუთე, გადამწყვეტი სეტი არც გახდა საჭირო.

ნახევარფინალში ქართველმა ჩუბინმა ისევ "მშობლიური" ანგარიშით", 7:1 დაჯაბნა საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული გერმანელი ლისა უნრუ (30:29; 29:29; 30:28; 29:28).

როგორც გითხარით, 28 თებერვალს ნარიმანიძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეორე გერმანელი, ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვა შეეცილება. აქვე გეტყვით, რომ ჩკალოვა ეროვნებით რუსია - ბაშკირეთში, ქალაქ სილანჯევოშია დაბადებული. ის პერიოდულად რუსეთის ნაკრებშიც გამოდიოდა, მერე გერმანელ მწვრთნელ ოლივერ ჰაიდნიზე გათხოვდა და დღემდე მასთან ვარჯიშობს, თუმცა მოქალაქეობა შეიცვალა.

ანალოგიურ წარმატებამდე ცოტა დააკლდა ნარიმანიძის შვილს - ციკო ფუტკარაძეს, ვინც ახალგაზრდებში გამოდის. ის ფინალში ვერა, მაგრამ მეოთხედფინალში კი გავიდა, სადაც უკრაინელთა მომავალ ფინალისტ სოლომია ჰნიპთან 3:7 დამარცხდა.

პაექრობა ფუტკარაძემ უკეთ დაიწყო და პირველი სეტი 29:28 მოიგო, მეორე ფრედ დასრულდა - 28:28, ამის შემდეგ კი ჩვენებურმა სამივე მომდევნო სეტი წააგო - 27:28, 28:30, 27:28. ამ წაგებამდე ფუტკარაძემ ორი შეხვედრა მოიგო.

პირველი მათგანი ცოტა უცნაურად დაიწყო სერბ მინა სიბალიჩთან - ორი სეტი ფრედ დასრულდა, მაგრამ მომდევნო ორში ქართველმა იმარჯვა და შემდეგ წრეში გავიდა. იქ საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხა - საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამეზე გასულ უკრაინელ სოფია ნოვიცკას 6:2 მოუგო.

ფუტკარაძემ ამ ოთხსეტიან პაექრობაში მხოლოდ მესამე დათმო, დანარჩენებში კი იმარჯვა.

ჩვენი ქალთა ნაკრების სხვა წევრებიდან მოულოდნელად პირველივე წრეში დამარცხდა გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა. არ ვიცით, ეს რამდენადაა სანუგეშო, მაგრამ ესებუამ დაძაბულ ბრძოლაში, გადასროლით წააგო მოლდოველ ალექსანდრა მირჩასთან.

ძირითადმა სამსეტიანმა მონაკვეთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - ფრედ, 29:29-ზე დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ მეტოქეებმა თითო გამარჯვება მიითვალეს. ჯერ ესებუამ იმარჯვა 29:27, მერე კი მირჩამ მოიგო 30:29 და სეტებში ანგარიში 3:3 გახდა. მეოთხეში ქართველმა ისევ 29:27 იზეიმა წარმატება, 5:3 დაწინაურდა და მეხუთე, გადამწყვეტ სერიაში ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ 26:28 წააგო და საერთო ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 5:5.

დაინიშნა თითო დამატებითი გასროლა, სადაც ესებუამ თავისი ისარი 9-იანში მოარტყა, მოლდოველმა - ათიანში და შემდეგ ეტაპზეც ის გავიდა.

იულია ლობჟანიძემ პლეი ოფის პირველ წრეში ესტონელ ლაურა ნურმასალუს 6:0 მოუგო, მაგრამ მერე ძლიერ გერმანელ კარინა ვინტერთან 3:7 წააგო.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი სამივე მანდილოსანი ხუთეულში მოხვდა - ლობჟანიძე მეორე იყო, ესებუა - მესამე, ნარიმანიძე - მეხუთე, თუმცა მეოთხეადგილოსანს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

ვაჟთა შორის პირველივე წრიდან გამოვარდა ლაშა ფხაკაძე - რუს ალექსანდრ კოზინთან 2:6 წააგო. ასევე პირველივე ეტაპზე დამარცხდა ახალგაზრდებში მოასპარეზე ვლადიმერ დოლიძე - იტალიელ დავიდ პასკუალესთან 1:7 წააგო.

გუნდური ტურნირის პლეი ოფში ჩვენგან მხოლოდ ქალთა ნაკრები გამოვა, რომელიც პირველი წრის შეხვედრას დღეს გამართავს ავსტრიელებთან.

შეგახსენებთ, რომ ესაა ევროპის ზამთრის, ანუ დარბაზის ჩემპიონატი, რომელიც არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე ტარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული