საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები ევროპის "დიდი პრიზის" ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ევროპის ზამთრის პირველობაზე მოპოვებული ვერცხლის შემდეგ მორიგ წარმატებას მიაღწია ბერძნულ ქალაქ მარათონში მიმდინარე ევროპის "დიდ პრიზზე".

ისინი პირად პირველობაში მთლად ასე წარმატებით ვერ გამოვიდნენ, თუმცა წარუმატებლადაც არ უსვრიათ, რადგან ორი მათგანი, ევროპის ზამთრის პირველობის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა მეოთხედფინალში გავიდნენ. ვაჟებში ორი წრე გაიარა ზურაბ მესტვირიშვილმა.

* * *
გუნდური პირველობის პლეი ოფში ჩვენგან მხოლოდ ქალები გავიდნენ, რომლის შემადგენლობაშიც, ნარიმანიძესა და ესებუასთან ერთად, იულია ლობჟანიძეც შედიოდა. მათ პირველ წრეში აზერბაიჯანს 6:2 მოუგეს, მერე კი
ბევრად სოლიდურ მეტოქეს, უკრაინასაც დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:0.

ჩვენებს ყველაზე ძლიერი მეტოქე მესამე წრეში შეხვდათ - მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული იტალია, რომელიც ერთადერთია, კორეელთა ბატონობა რომ შეარყია. მათ შემადგენლობაში პირადსა და გუნდურში მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი, მოლდოვური წარმომავლობის ნატალია ვალეევაც მოხვდა, ვინც ბოლო პერიოდში იშვიათად გამოდის, ამ ტურნირზე პირად პირველობას კი ადრევე გამოეთიშა.

თუმცა მარათონში ჩვენები ვერც მისმა ფაქტორმა შეაჩერა და ტიტულოვან მეტოქეს 5:3 აჯობეს.

შეხვედრა იტალიელთა უპირატესობით დაიწყო, მათ პირველი სეტი 51:46 მოიგეს. ამის შემდეგ ჩვენებმა უფრო მეტი ფხა გამოიჩინეს, მეორე პარტია 54:51 მოიგეს, მესამე ფრედ დასრულდა - 54:54, მეოთხეში კი 52:50 იმარჯვეს.

ფინალში თამაზ ფუტკარაძის შეგირდების მეტოქე მასპინძელი საბერძნეთი აღმოჩნდა (მარტა ანატოლი გკორილა, ევანგელისტა ფსარა, არიადნი ჩორტი). საბედნიეროდ, შეჯიბრების იშტაზე მოსული ქართველები ვერც მასპინძლებმა შეაჩერეს, ჩვენმა ნაკრებმა 6:0 მოიგო. მათ სამივე სეტში დამაჯერებლად იმარჯვეს: 53:45; 58:45; 54:45 და ოქროს მედლებსაც დაეუფლნენ. მესამეზე იტალია გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ პაექრობაში ესტონეთს ასევე 6:0 მოუგო.

* * *
ქალთა შორის ინდივიდუალურ პირველობაზე პლეი ოფის პირველ წრეში მხოლოდ ესებუა ისროდა, რომელმაც სამი წრე იოლად გაიარა, კოსოვოელ ლირიე შაჰიტის, ავსტრიელ ლაურენსე ბალდაუფსა და პოლონელ იოანა რზასას სამ სეტში მშრალი ანგარიშით, 6:0 მოუგო. ჩვენებურისთვის განგაშის პირველი ზარი მერვედფინალში გაისმა ფრანგ მელანი გობილთან, ვისაც დამატებით, მეხუთე სერიაში მოუგო 6:4. მეტოქეებმა პირველ ოთხ პარტიაში მორიგეობით იმარჯვეს და ანგარიში საყაიმო იყო 4:4.

საბედნიეროდ, ბოლო სერიაში ხასიათის უფრო მეტი სიმტკიცე ესებუამ გამოავლინა და 26:24 მოიგო.

ამავე ეტაპამდე ნარიმანიძეც უდანაკარგოდ მივიდა, თუმცა ის პირველ ორ წრეში ისვენებდა.

შეგახსენებთ, რომ ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 100-მდე მონაწილეს შორის მეორე იყო. მან პირველ შეხვედრაში ისევ დაამარცხა სლოვენიელი ანა უმერი 7:1, მერე კი მასაც საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა ესტონელ ლაურა ნურმსალუსთან, ვისაც ასევე დამატებით სერიაში აჯობა 6:4. ესებუას მატჩისგან განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ აქ პირველი ოთხი სერიის შემდეგ ჩვენებური 5:3 იგებდა და მდევრის როლში მეტოქე იყო, ნარიმანიძეს კი ამ სერიის არწაგება მართებდა. არც წააგო, სეტი ფრედ დასრულდა - 27:27 და მეორე ჩვენებურიც გავიდა მეოთხედფინალში.

არადა, შედეგებით ნურმსალუ დიდი ვერაფერი სპორტსმენია, მაგრამ ამ ტურნირზე ძლიერ ბელორუს ანა მარუსავას მოუგო, მის სიძლიერეზე კი ისიც მიუთითებს, რომ წინა წრიდან იტალიელთა მოლდოველი ჩუბინი, პირადსა და გუნდურში მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა გამოაგდო.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალამდე ვერ მივიდა ჩვენი მესამე მონაწილე იულია ლობჟანიძე. პირველ წრეში ნარიმანიძესავით ისიც ისვენებდა, როგორც განთესილი, მერე კი რუს აიანა დაშიევასთან 2:6 წააგო.

მეოთხედფინალში ქართულ-იტალიური დაპირისპირებები გაიმართა. ესებუას მეტოქე იქაური კლაუდია მანდია იყო, ნარიმანიძის - ელენა ტონეტა. სამწუხაროდ, აპენინელებმა ორივე შეხვედრა მოგვიგეს - ესებუამ 2:6 წააგო, ნარიმანიძემ 0:6.

იტალიელები ამ ტურნირში უჩვეულო წარმატებით გამოვიდნენ. მათ მეოთხედფინალის დანარჩენ ორ წყვილშიც ჰყავდათ მონაწილე, თუმცა ამასაც არ დასჯერდნენ, ყველამ მოიგო და, შედეგად, ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ კი ფინალშიც მხოლოდ იტალიელები გავიდნენ. ნახევარფინალში მანდიამ 6:2 მოუგო ტონეტას, სარა ვიოლიმ კი გვენდალინა სარტორის 6:5 აჯობა.

ეს ძალზე დაძაბული პაექრობა გამოდგა, სადაც ხუთსეტიანი ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვებული დამატებითმა გასროლამ გამოავლინა. ბოლო ისარი ვიოლიმ 10-იანში გაარტყა, სარტორიმ 9-იანში.

ამდენად, ტურნირის ბოლო დღეს, 28 მარტს, ფინალში ერთმანეთს მანდია და ვიოლი გაეჯიბრებიან, სარტორი და ტონეტა კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ. შედეგად, მთელ კვარცხლბეკს იტალიელები შეავსებენ, თუმცა მათ შორის არ იქნება იქაურთა ლიდერი ნატალია ვალეევა.

* * *
ვაჟთა შორის პლეი ოფები 26 მარტს დაიწყო, თუმცა პირველი წრე ჩვენი სამეულიდან მხოლოდ მესტვირიშვილმა გაიარა. მან გუშინაც წარმატებით დაიწყო გამოსვლა და რუს არსლან ბალდაუფს ხუთსეტიან პაექრობაში 6:4 აჯობა.

4 სერიის შემდეგ ანგარიში 4:4 იყო, მეხუთეში კი ქართველმა 28:27 იმარჯვა. მომდევნო წრეში მესტვირიშვილი პოლონელ კასპერ სირაკოვსკისთან 2:6 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გილოცავთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული