მასში ძალიან კარგად ჩაება ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე, რომელმაც 654 ქულა დააგროვა და X ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მერვეზე აღმოჩნდნენ 1 918 ქულით, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, თუმცა ვინ დაგვთარსა, რომ გახარება არ გვიწერია - პლეი ოფის პირველივე წრეში ჩვენი მეტოქე მეცხრეზე გასული იტალია იქნება!
ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ეს შეხვედრა დღეს, იქაური დროით დილის 9 საათზე დაიწყება. ღმერთმა ნუ ქნას
მსოფლიოს ჩემპიონატზე ურიგოდ არც ჩვენი მეორე ლიდერი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა გამოსულა, რომელმაც 640 ქულა დააგროვა (ბაქოსთან შედარებით, ეს 6-ით მეტია) და 29-ეა, იულია ლობჟანიძე კი 624 ქულით (-5 ბაქოსთან შედარებით) 67-ეა.
ვაჟებში ლაშა ფხაკაძემ 641 ქულა მოაგროვა და ზუსტად მე-40 ადგილზე გავიდა. არადა, ბაქოში მან პირადი რეკორდი 669-მდე გაზარდა და მეათე იყო! ის შედეგი ახლაც რომ გაემეორებინა, შესარჩევს მოიგებდა - რატომღაც დანიაში დაბალი მაჩვენებლებია და საკვალიფიკაციო იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაურო ნესპოლიმ მაგიური 666-ით მოიგო. ჯაბა მოსეშვილი 621-ით 112-ეა.
შერეულ წყვილებში ჩვენგან კვლავ ნარიმანიძისა და ფხაკაძის დუეტი გამოვა, რომლებსაც 1 295 ქულა დაუგროვდათ ჯამში, რაც მე-11 შედეგია.
პლეი ოფში ისინიც დღეს გამოვლენ და პირველ წრეში ვერონიკა მარჩენკოსა და მარკლიან ივაშკოს უკრაინულ დუეტს გაეჯიბრებიან. ამათში მოგებულს მომდევნო წრეში ვალეევა-ნესპოლის იტალიური წყვილი ელოდება - შეგახსენებთ, რომ ჩვენებმა მათთან ბაქოში შერეულის ფინალი წააგეს.
ქალთა პლეი ოფში სამივე ჩვენებური გავიდა, ამ ეტაპის პაექრობები კი ხვალ, 29 ივლისს გაიმართება. ესებუა პირველ წრეში პოლონელ მილენა ბარაკონსკას ხვდება, ნარიმანიძე - შვეიცარიელ ცელინ შობინგერს, ლობჟანიძე - ამერიკელ არიელ გიბილაროს.
ვაჟებში პლეი ოფში მხოლოდ ფხაკაძეა, რომელიც ასევე ხვალ ისვრის, მეტოქედ კი ეგვიპტელი აჰმედ ელ-ნემრი ერგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"