კოპენჰაგენში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს ორი ქართველი შემორჩა - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა 1/16-ფინალში გავიდნენ.
ესებუამ პირველ წრეში პოლონელი მილენა ბარაკონსკა 6:2 დაამარცხა, თუმცა არც ერთი სეტი არ წაუგია - პირველი ორი ფრედ დასრულდა (27:27; 25:25) და მეტოქემ ის ქულები ამით მიიღო. სამაგიეროდ, მომდევნო ორში ქართველმა 29:26; 29:27 იმარჯვა, შემდეგ ეტაპზე კი იმავე ანგარიშით ფრანგ ლაურა რუჟერის სძლია. მასთან ესებუამ მხოლოდ მესამე სეტი წააგო - 24:27, დანარჩენები კი 29:25; 27:26; 27:23 მოიგო.
თავიდან ნარიმანიძემაც 6:2-ზე მოიგო შეხვედრა, ოღონდ შვეიცარიელ ცელინ შობინგერთან. ჩვენებურმა მხოლოდ სეტი წააგო - 21:26, დანარჩენებში კი ასეთი ანგარიშით იმარჯვა: 27:28; 28:26; 26:22. მეორე წრეში მონღოლი მიროსლავა დანზანდორჯი ბევრად იოლად ჩამოიცილა გზიდან - 7:1 მოუგო. ის ერთი ქულაც პირველ სეტში დაუთმო, რომელიც ფრედ დასრულდა - 29:29, ხოლო სხვებმა ქართველის უპირატესობით ჩაიარა: 26:25; 28:25; 27:24.
დღეს ის იტალიელ გვანდოლინა სარტორის ხვდება.
ქალთა ნაკრებიდან გუშინ მხოლოდ იულია ლობჟანიძე დამარცხდა - ამერიკელ არიელ გიბილაროს 6:2 კი მოუგო, მაგრამ ტაივანელ შუ ჩი იუანთან 0:6 წააგო.
ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ფხაკაძემაც, თუმცა გაუჭირდა ამის გაკეთება ეგვიპტელ აჰმედ ელ-ნემრთან - 6:4 მოუგო. გამარჯვება მან მხოლოდ ბოლო, დამატებით მეხუთე სერიაში მოიპოვა, რომელიც 27:24 მოიგო. სამწუხაროდ, გერმანელ ფლორიან ხალუნდთან ვერაფერს გახდა და 1:7 წააგო.
მისთვის მთავარი შეჯიბრება 31 ივლისს გასამართავი სალიცენზიო ტურნირია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"