თან პირველი ორი გასროლის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო - პირველი ისარი ორივემ 10-იანში გაარტყა, მეორე ცხრიანში, მესამეში კი ანგარიში 9:8 აღმოჩნდა მეტოქის სასარგებლოდ, რითაც მან სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
ნარიმანიძეს პირველ სეტშიც შეეძლო წარმატების მოპოვება, რომელსაც 2 გასროლის შემდეგ 20:19 აგებდა, მეტოქემ კი 8-იანში
ზოგადად, 30 ივლისს მან ბევრჯერ გაარტყა ათიანში, თუმცა ყველაზე საჭირო მომენტში უმტყუნა მიზანმა.
ქართველმა მეოთხე სეტიც მაქსიმალური ქულით დაიწყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ბოლო ისარი არცთუ ზუსტად ისროლა. აი, გადამწყვეტ, მეხუთე სეტში კი, ეტყობა, ნერვიულობამაც დარია ხელი და სამივე გასროლაში 8-იანი მოინადავლა, როცა კორეელმა ორჯერ 10-იანში გაარტყა. სეტიც მან მოიგო - 29:24. ასე გამოეთიშა ნარიმანიძე მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან.
გუშინდელი დღე შეჯიბრებას შემორჩენილმა ქართულმა დუეტმა წარმატებით დაიწყო. ისინი 1/16-ფინალში გავიდნენ, სადაც უფრო დიდი სენსაცია ქრისტინე ესებუამ შემოგვთავაზა - საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხეზე გასული ჩინელი ჯუემან ჭუ 7:3 დაამარცხა.
ამ წარმატებას მან სათავე პირველივე სეტში ჩაუყარა, როცა ზედიზედ ორი 10-იანი მოინადავლა და საბოლოოდ 29:28 იმარჯვა. მეორე ჩინელმა მოიგო - 29:25, მესამე კი ფრედ დასრულდა - 28:28 და ანგარიშიც კი 3:3 იყო. თუმცა ამის შემდეგ ჩვენს ვიცე-ჩემპიონს ინიციატივა არ დაუთმია და 10-იანებით "დაცხრილა" მეტოქე - 6-დან 4 ისარი ამ ნიშნულში გაარტყა, მეხუთე სეტში კი სამივეში მაქსიმალური შედეგი ჰქონდა: 28:27; 30:25 მის სასარგებლოდ.
ნარიმანიძემ იმავე ეტაპზე პირწმინდად დაჯაბნა იტალიელი გვანდელინა სარტორი - 28:27; 28:25; 29:27 და 6:0 საერთო ანგარიშით. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე მან მესამედ მოუგო იტალიელ სპორტსმენს გუნდურისა და შერეული წყვილების შემდეგ.
ქართული დუეტი მერვედფინალში დაიშალა - ესებუა ინდოელ ლაქშმირანი მაჯისთან სამივე პერიოდში დამარცხდა, ანუ 0:6 წააგო და ნარიმანიძე კენტად დარჩა, რომელმაც ინდონეზიელ იკა იულიანა როჩმავატის 7:3 სძლია.
ქართველმა პირველ სეტში 29:26 მოგების შემდეგ ცოტა მოუკლო და ჯერ ფრედ დაასრულა სროლები - 27:27, მერე კი საერთოდ წააგო - 30:27. თუმცა ამან გამოაცოცხლა და გადამწყვეტ მეოთხე სეტში სამივე ისარი 10-იანში გაარტყა. ეს ძალიან საშური იყო, რადგან კარგი სროლის მიუხედავად, მეტოქეც ფეხდაფეხ მისდევდა - პირველი ორი ისარი იმანაც 10-იანში "დასვა", თუმცა მეოთხეში ოდნავ დააცილა და ერთი ქულა დაკარგა - 30:29 ნარიმანიძის სასარგებლოდ, რომელმაც საერთო ანგარიში 5:3 გახადა. მას უპირატესობა არც მეხუთეში დაუთმია, რომელიც 10-იანით დაიწყო, რითაც მეტოქე საბოლოოდ გატეხა და სამიზნე სერიოზულად გაუმრუდდა - 28:24.
მეოთხედფინალში ნარიმანიძის დასანან წაგებაზე უკვე გითხარით, ქალთა ტურნირი კი აზიელთა კარნახით წარიმართა - ნახევარფინალში თითო ინდოელი, ტაივანელი და ორი კორეელი გავიდნენ. ნარიმანიძე საკვალიფიკაციოში ათეულში შესული ერთადერთი ევროპელი რომ იყო, თავის დროზე გაცნობეთ, მეოთხედფინალში კი მასთან ერთად ევროპელთაგან მხოლოდ უკრაინელი ვერონიკა მარჩენკო გავიდა...
ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა აშშ-ში გადასული ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი).
2 აგვისტოს ფინალში ოქროს მედლისთვის კორეელი კი და ინდონეზიელი ში-ჩია ლინი იასპარეზებენ, ბრინჯაოსთვის - მეორე კორეელი, მისუნ ჩოი და ესებუას მძლეველი ინდოელი მაჯი.
საბედნიეროდ, ამ წაგებით ჩვენებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი არ დამთავრებულა - დღეს, 31 ივლისს, ლაშა ფხაკაძე საგანგებო სალიცენზიო ტურნირში გამოვა და მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება, რაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიას მოუტანს; 2 აგვისტოს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს კი ის და ნარიმანიძე შერეულ წყვილებში ჩინურ დუეტს - ზემოხსენებულ ჭუს და ხეოსონ გუს გაეჯიბრებიან ბრინჯაოს მედლისთვის.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრებმა გუნდური ტურნირის პირველ წრეში იტალია გამოაგდო, რითაც რიო დე ჟანეიროს ლიცენზიებიც გაინაღდა - პირადშიც და გუნდურშიც. ისინი საბოლოოდ მეხუთეზე გავიდნენ, გაისად კი ბრაზილიაში ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში სამი მონაწილით გამოვლენ.
ვნახოთ, ისტორიაში პირველად დაემატება თუ არა მათ ვაჟი ოლიმპიელი მშვილდოსანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"