მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ნარიმანიძე და ფხაკაძე მეოთხეზე დარჩნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ხათუნა ნარიმანიძე
ქართველმა მშვილდოსნებმა დანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დათმეს მესამე ადგილისთვის შეხვედრა შერეულ წყვილებში და მეოთხე ადგილზე დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ წყვილში ჩვენგან ლაშა ფხაკაძე და საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე მოხვდნენ, ბრინჯაოსთვის კი ჩინელებს ეპაექრებოდნენ.

შეხვედრაც აზიელთა გამარჯვებით დასრულდა - 5:3.

არადა, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ქართულმა წყვილმა პირველი სეტი 37:34 მოიგო და კარიერის უდიდესი წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. საფრთხე არც მეორეს შემდეგ იგრძნობოდა, რომელიც ფრედ დასრულდა - 35:35. დრამა ამის შემდეგ დაიწყო, როცა ჩვენებმა მიყოლებით დათმეს მომდევნო სერიები:
34:38; 31:36.

შეგახსენებთ, რომ ქართველებმა ტურნირში უკრაინა (6:2) და იტალია (6:0) დაამარცხეს, ნახევარფინალში კი ტაივანთან 0:6 წააგეს. შეჯიბრება კორეულმა დუეტმა ბო ბაე კიმ და ბონჩან კუმ მოიგო, თუმცა ამისთვის ფინალში დამატებითი გასროლა დასჭირდათ ტაივანელებთან - 5:4.

გუშინვე გაიმართა ფინალური ორთაბრძოლები უკლებლივ ყველა დისციპლინაში. ქალთა შორის ჩემპიონი ზემოხსენებული კორეელი კი გახდა, რომელმაც ფინალში საკვალიფიკაციო ეტაპის მომგებ ტაივანელ ში-ჩია ლინს სეტების მიხედვით 7:3 აჯობა. ბრინჯაოსთვის პაექრობაში მეორე კორეელმა - მისუნ ჩოიმ ინდოელი ლაქშმირანი მაჯი 6:4 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ვაჟებშიც კორეა დაეპატრონა, თუმცა ფინალში მეტოქედ არა აზიელი, არამედ ევროპელი ჰყავდათ - ვოოჯინ კიმმა ჰოლანდიელ რიკ ვან დერ ვენს 6:2 აჯობა. ბრინჯაოს იაპონელი ტაკაჰანუ ფურუკავა დაეუფლა - გადამწყვეტ შეხვედრაში ვენესუელელ ელიას მალავეს დამატებითი გასროლით 6:5 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ფურუკავამ გააგდო იტალიელთა ოლიმპიური ჩემპიონი მაურო ნესპოლი (6:0).

ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობა რუსებმა მოიპოვეს, რომლებმაც ნახევარფინალში კორეელების დამარცხების შემდეგ (5:4) ფინალში ინდოეთსაც იმავე ანგარიშით აჯობეს. ცხადია, მათთანაც დამატებითი ისრის გასროლა დასჭირდათ. მესამეზე კორეა გავიდა, რომელმაც იაპონიას 5:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეამ ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს პირველობა.

სამაგიეროდ, კორეა ვაჟებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, როცა იტალიას დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:0. მესამეზე ტაივანი გავიდა აშშ-ის დამარცხების შემდეგ: 6:2.

უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ჩვენებისთვის დანიური მსოფლიოს პირველობა მაინც წარმატებული გამოდგა - ქალებმა გუნდურში ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე პირადში სამი მონაწილე გვეყოლება და თან გუნდურშიც გამოვალთ; ქალთა ნაკრები საერთო ჩათვლაში მეხუთეზე გავიდა; ქალთა შორის მერვედფინალში ორი მონაწილე გვყავდა - ხათუნა ნარიმანიძე და ქრისტინე ესებუა, ხოლო ნარიმანიძე მეოთხედფინალში გავიდა და საბოლოოდ VI ადგილზე დარჩა, ესებუა კი IX იყო.

კარგა ხანია, ქართულ მშვილდოსნობას ამდენი და ასეთი დასათვლელი არ ჰქონია, თუმცა ეს მთლიანად წლევანდელ სეზონზე ითქმის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული