ქართველი მშვილდოსნები პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც 12-16 აგვისტოს ქალაქ ვროცლავში მსოფლიოს თასზე გამოვლენ.
იქ ქალთა ნაკრები სრული შემადგენლობით გაემგზავრა, ანუ ის სამეული წავიდა, რომელმაც ორიოდ კვირის წინათ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა: მსოფლიოს ექსჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე.
მათ ორი ვაჟი დაემატათ - ლაშა ფხაკაძე და პარალიმპელი ზვიად დუმბაძე.
საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ამოცანაა, ფხაკაძე რაც შეიძლება მეტ ტურნირზე ატაროს, რადგან ოლიმპიადის საგზურის მოპოვება რეალურად შეუძლია; ბათუმელი დუმბაძე კი პარალიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძვის და
ვროცლავში დღეს საწვრთნელი ვარჯიშია, ხვალ კი პირველი საშეჯიბრებო დღეა, გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი და გამოვლინდებიან პლეი ოფის მონაწილენი როგორც პირად პირველობაში, ასევე გუნდურსა და შერეულ წყვილებში.
ხვალვე, ნაშუადღევს ჩატარდება პლეი ოფის საწყისი ეტაპი გუნდურში, ზეგ კი ანალოგიური შეჯიბრება უკვე პირად პირველობაშია. 14-15 აგვისტო გუნდურსა და შერეულ წყვილებს ეთმობა სხვადასხვა დისციპლინაში, 16-ში კი მედლებისთვის გადამწყვეტი, ფინალური ბრძოლებია.
ამის შემდეგ ჩვენები მსოფლიოს თასის სხვა ეტაპზე აღარ გამოვლენ. ეს ამ რანგის რიგით მესამე შეჯიბრებაა და ერთი კიდევ რჩება, მაგრამ ის ჩვენთვის ძალიან შორს ტარდება - 8-13 სექტემბერს კოლუმბიურ მედელინში იმართება. იქ წასვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და არც შეუტანიათ კალენდარში. ამდენად, კოლუმბია კი გამოირიცხა, თუმცა ჩვენები სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებას მაინც ვერ ასცდნენ - 14 სექტემბერს მომავალი ოლიმპიადის მასპინძელ რიო დე ჟანეიროში ოლიმპიადის სატესტო შეჯიბრება ტარდება, სადაც გამოსვლა აუცილებელია.
ანალოგიური ტურნირები სპორტის ყველა სახეობაში ტარდება თამაშების მასპინძელ ქალაქში და განკუთვნილია როგორც ორგანიზატორთა გამოსაცდელად, ასევე - სპორტსმენთა ადაპტაციისთვის, რათა შეეჩვიონ ოლიმპიურ ბაზას. ასეთ შეჯიბრებებში უკვე ლიცენზირებულ ათლეტებს იწვევენ და საორგანიზაციო-საშეჯიბრებო საკითხები ზუსტად ისე ტარდება, როგორც თავად ოლიმპიადაზე იქნება. ამით ორივე მხარე - ორგანიზატორიც და მონაწილეც რეპეტიციას გადის თამაშებისთვის.
თავდაპირველ კალენდარში არც ეს ტურნირი იყო გათვალისწინებული, მაგრამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეჰპირდათ დაფინანსებას, როგორც აუცილებელი შეჯიბრებისას. იმედია, ბრაზილიაში ჩვენებიც იასპარეზებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"