აჭარული შეჯიბრების ახალი პერსპექტივა - ქართული მშვილდოსნობის დიდი მიზნები

AutoSharing Option
წარმატებით ჩატარებულმა აჭარის 21-ე ტრადიციულმა ტურნირმა მშვილდოსნობაში მასპინძლებს ახალი იმედები აღუძრა.

არსებობის ხანგრძლივ ისტორიაში ეს ყველაზე ძლიერი შეჯიბრება გამოდგა, თუმცა არა მხოლოდ მონაწილეთა სიმრავლის გამო - მასში 12 გუნდის 100-მდე მსროლელი ისროდა, არამედ სპორტსმენთა შემადგენლობითაც - ლიცენზირებულ მასპინძლებს თავი რომ დავანებოთ, მონღოლეთისა და პოლონეთის გუნდებში ამ ზაფხულს მსოფლიოს პირველობაზე ნამყოფი მშვილდოსნები გამოდიოდნენ.

საერთოდ, ეს ორი ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა, როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი, თუმცა სიძლიერით ჯერ ამათი შედარება იმ ორთან არ შეიძლება. რუსებს მხოლოდ ორი მონაწილე ჰყავდათ, მაგრამ ერთი მათგანი
ქალთა ნაკრების სათადარიგო წევრია, მისმა უფროსმა დამ - ქრისტინა ტიმოფეევამ კი ივნისში ბაქოში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა ევროპულ თამაშებზე და მხოლოდ გადასროლაში წააგო ბრინჯაოს მედალი (აქვე შეგახსენებთ, რომ აგვისტოში რუსები გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ).

ასეთი სიძლიერის შეჯიბრებამ მასპინძლებს ბიძგი მისცათ და მათ უკვე დაიწყეს ფიქრი სამომავლო ტურნირზე, სადაც კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ელოდებიან. ანგისას სტადიონზე, სადაც ეს შეჯიბრება ტრადიციულად იმართება, ჯერ სათანადო პირობები არაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება იქაურობის სერიოზულ რემონტს იწყებს - ტურნირის პარალელურად, სტადიონის მოპირდაპირე მხარეს ტრაქტორი მუშაობდა, რომელიც სასტუმრო კომპლექსისთვის საძირკვლის ჩასაყრელად ნიადაგს ამზადებდა. იქ იქნება სასადილოც და სხვა დამხმარე ნაგებობები, რაც სპორტულ კომპლექსს სრული მუშაობისთვის სჭირდება.

შესაბამისად, მოეწყობა სტადიონის მთელი ტერიტორია, თუნდაც მისასვლელი გზა მოასფალტდება, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ესეც რომ არ გააკეთოს, უკვე აჭარის მშვილდოსნობის ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა გეგმავს საგაისო ტურნირის უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას. თუ სხვა საშველი არ იქნება, მზად არიან, თავად გააკეთონ რაღაცები საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოსაგვარებლად. მაგალითად, აპირებენ თავად გააკეთონ სპორტსმენებისთვის ისეთი ადგილი, სადაც იარაღს გამართავენ.

ამჯერად ქოლგები დაუდგეს, თუმცა ეს წვიმისგან ბოლომდე მაინც ვერ იფარავდა, იქ გადახურული კი მთელი სასტარტო ბილიკის გასწვრივ გაკეთდება და ბევრად დაცული იქნება. ერთი სიტყვით, არის რაღაც პატარა პრობლემები, რომელთა გადაჭრას დიდი თანხები არ სჭირდება, მაგრამ ყველაფერს აჯობებს, ადგილობრივი ხელისუფლება იმ ბაზას სათანადოდ თუ მიხედავს.

მით უფრო, ბათუმს ყველა პირობა აქვს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. ამჟამად თურქეთში დასაქმებული ვლადიმერ ლეკვეიშვილიც ლაპარაკობდა იმაზე, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბათუმს აქვს პერსპექტივა, მშვილდოსნობის რეგიონულ ცენტრად იქცეს. ლეკვეიშვილი იმასაც იგონებდა, თავის დროზე როგორ დაიწყო არსებობა ამჟამად მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად შერაცხილმა ანტალიის ტურნირმა.

1991-93 წლებში, როცა ჩვენ იქ ჩავედით, ამ შეჯიბრებაზე 3-4 გუნდი თუ ჩამოდიოდაო, მითხრა მან. მათი გამოცდილება კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება, ტურნირმა პრესტიჟი შეიძინოს. თან საგულისხმოა ის გარემოება, რომ წლეულს ჩვენთან ჩამოსვლა იკადრეს და ისურვეს პოლონეთისა და მონღოლეთის დარმა ძლიერმა გუნდებმა. მონღოლებმა აზიის თასზე გამოსვლა იუარეს და აქ ჩამოვიდნენ. ალბათ, გაისად სხვებიც გვესტუმრებიან, ამას კი ხელს ქართული მშვილდოსნობის ავტორიტეტის ზრდაც უწყობს.

ამის მაგალითად არა მხოლოდ ამათი სტუმრობა, არამედ ისიც გამოდგება, რომ ინდოელებმა აქედანვე დაიბევეს ჩვენები გაისად მარტში, ერთობლივ შეკრებაზე სპარინგ-პარტნიორად. არადა, მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატია, ინდოეთი ფინალში გადის, თუმცა სპარინგად იქით გვეპატიჟება.

თან ქართული მხარე საერთაშორისო ასპარეზზეც აპირებს გასვლას - სურთ, ევროპის ან მსოფლიოს "დიდი პრიზის" მასპინძლობა მოიპოვონ. ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, რასაც მალე პირველი ნაბიჯიც მოჰყვება. ასეთი ტურნირისთვის ბრძოლა ძნელი იქნება, თან საერთაშორისო კალენდარი, მინიმუმ, ერთი წლით წინასწარაა გაწერილი, მაგრამ ჩვენები მარტონიც არ იქნებიან - ამ იდეას სიტყვიერად მხარს უჭერენ მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტი მარიო სკარცელა და მისი ევროპელი ქვეშევრდომი უგურ ერდენერი.

იტალიელ სკარცელას ბათუმელი რძალი ჰყავს - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ნატალია სალუქვაძე და თურმე მოყვრებთან სტუმრობისას ძალიან მოსწონებია ბათუმი, რომელიც მართლაც ლამაზია, ევროპული სტილის ქალაქი.

რაც შეეხება თურქ ერდენერს, ისიც ახლოს იცნობს ქართულ მშვილდოსნობას, საქართველოს და თურმე მზადაა, თვით რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბებაშიც კი დაგვეხმაროს, ოღონდ ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს და საქართველოდან ელოდება პირველ ნაბიჯებს. თუ "დიდი პრიზის" მასპინძლობა მოვიპოვეთ, ეს უკვე ძლიერი მსროლელების ჩამოსვლის გარანტიაა, ოღონდ მისი ჩატარება ყველგან შეიძლება - საქართველოს სხვა ქალაქშიც, აჭარის ტრადიციული შეჯიბრება კი შეიძლება დარჩეს მორიგ საერთაშორისო ტურნირად. ოღონდ მისი გამართვის ვადაა შესაცვლელი - ის, ძირითადად, ოქტომბერში ტარდება, როცა ბათუმში წვიმების სეზონია.

წლეულსაც წვიმაში გაიხსნა, თუმცა ეს არაფერია შარშანდელთან შედარებით, როცა ქალაქი დაიტბორა. მათ შორის - სასტუმრო "სტამბულიც", სადაც უცხოელები იყვნენ გაჩერებულნი. თურმე მისი პირველი ნაწილიც წყალმა დაფარა. წვიმას უცხოელებიც უჩიოდნენ, თუმცა იმის მომსწრეც არაერთხელ გავხდი, რამდენად მოსწონდათ ბათუმი. ამას ქართული სამზარეულოც უნდა დავუმატოთ. მართალია, "სტამბულში" ქართულ-თურქული სამზარეულოს ნაზავი იყო, მაგრამ პროდუქცია ხომ ადგილობრივია და გავიგონე, ერთ დილით საუზმეზე ებრაელმა მწვრთნელმა ქალბატონმა როგორ გადაულაპარაკა მეორეს, რა გემრიელი კერძებია, როგორი პროდუქცია აქვთო.

მოკლედ, ბათუმი ყოველთვის დარჩება მშვილდოსნების საყვარელ ადგილად, მაგრამ კარგი იქნება, ეს ტურნირი სექტემბერში ან ისეთ დროს თუ გაიმართება, როცა ზღვის სეზონია და ტენიანობაც ნაკლები. თუმცა აქ ისევ საერთაშორისო კალენდართან მივდივართ - თითქმის ყოველ თვეში რომელიმე "დიდი პრიზია" ჩასმული, მის ახლოს კი რიგით შეჯიბრებაზე ძლიერი მსროლელები არ ჩამოვლენ. და მაინც - ეს პრობლემა არ გვგონია გადაუჭრელი.

აი, მაგალითად, იმ გუნდების უმრავლესობა ახლა ბათუმიდან სომხეთში წავიდა ნუნე აბრამიანის მემორიალში მონაწილეობისთვის, მონღოლები კი სულაც ტაილანდში გაფრინდნენ.

სომხეთში დღეს ქართველი მშვილდოსნებიც წავლენ, ოღონდ ბათუმი, თბილისი და ქუთაისი იქაც ცალკე გუნდებად გამოვლენ. თბილისიდან იქ პარალიმპელებიც წავლენ. აჭარა 14-კაციანი გუნდით წავა და მათაც ეყოლებათ პარალიმპელი. თან ისვრიან ასაკობრივი ნაკრებების ის ლიდერები, რომლებიც ავადმყოფობის გამო ბათუმში არ გამოსულან - ციკო ფუტკარაძე და ანა დუმბაძე.

ბათუმური შეჯიბრების დასრულების შემდეგ რამდენიმე მონაწილეს კომენტარი ვთხოვეთ.

ხათუნა ნარიმანიძე (საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): ეს შეჯიბრება აქამდე ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა - 100-მდე მონაწილე ჩამოვიდა, რაც ძალიან მიხარია.

ჩვენების შედეგი ვერაა მთლად კარგი, მაგრამ მეც რომ მესროლა, სხვა სურათი იქნებოდა. თუმცა ამჯერად ჩემი სურვილიც იყო, რომ ახალგაზრდებისთვის მიმეცა შანსი და თან მეც მაინტერესებდა მათი გამოსვლა, რომ გამეგო, რისი შესაძლებლობა აქვთ. გამოჩნდა ახალი კადრიც - ანა ცხომელიძე, რომელმაც სულ 5-ჯერ ივარჯიშა 70-მეტრიან დისტანციაზე, მაგრამ ურიგოდ არ უსვრია. ახლა ჩვენი მსროლელები სომხეთში წავლენ და იქ კიდევ გამოვცდით, თბილისში დაბრუნებულები კი საქართველოს თასზე იასპარეზებენ.

ქრისტინე ესებუა: (საქართველო, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი): ახალი მშვილდი მქონდა - ამერიკული "ხოითის" ფირმის და ამ ტურნირზე ვამოწმებდი. შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. რასაც ველოდი, ის არ გამოვიდა, თუმცა კიდევ კარგი, უარესი რომ არ მოხდა. ფინალში მე თვითონ ვერ ვიმუშავე, ბოლომდე ვერ გამოვავლინე თავი. ახალ იარაღს ოლიმპიადამდე კიდევ შევამოწმებ. ამისთვის კიდევ 2-3 სტარტია საჭირო და ვნახოთ, თუ არ გაამართლებს, ისევ ძველს დავუბრუნდები, რომელიც "ხოითისა" და კორეული "ვინ-ვინის" ნაზავია.

პაველ გოსპოდინოვი (აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრებაა, 11 გუნდი იყო ჩამოსული, მსროლელებიც ბევრად ძლიერები იყვნენ, ვიდრე - ადრე და კარგი შეჯიბრება გამოვიდა. ჩემი გუნდის გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ.

იან ლახი (პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ბათუმში პირველად ვარ, მომეწონა აქაურობა. ტურნირიც კარგი გამოვიდა, მაგრამ ცუდია, წვიმები რომ დაგვესწრო. ალბათ, აჯობებს სექტემბერში ჩატარება. ცუდია ისიც, რომ ჩემმა სპორტსმენმა - ვიოლეტა მიშორმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო იულია ლობჟანიძესთან; ცუდია ისიც, რომ ქრისტინე ესებუამ ჩემს სამ სპორტსმენს მოუგო პლეი ოფში, სხვა მხრივ კი, ყველაფერი კარგი იყო.

ვიოლეტა დანზანდორჯი (მონღოლეთის ნაკრების წევრი): კმაყოფილები ვართ ტურნირზე ჩვენი ნაკრების გამოსვლით, კარგად ვიასპარეზეთ და კარგი სტარტი გამოგვივიდა. ბათუმიც ძალიან მოგვეწონა, თუმცა წვიმამ კი შეგვაწუხა. გაისადაც ჩამოვალთ, თუ კალენდარს დავამთხვევთ ჩვენს გეგმებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული