ჩვენი კაცი თურქეთში - ინტერვიუ ვლადიმერ ლეკვეიშვილთან

AutoSharing Option
მშვილდოსანთა მწვრთნელი ვლადიმერ ლეკვეიშვილი და მისი შეგირდი ნატო ნასარიძე ქართული სპორტული ემიგრაციის პირველი ტალღის წარმომადგენლები არიან - სპორტული კარიერის გადასარჩენად ისინი ერთ-ერთი პირველები გაექცნენ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის პოლიტიკურ კატაკლიზმებს და ეკონომიკურ სიდუხჭირეს.

შორს არ წასულან - მეზობელ თურქეთს მიაშურეს, რომელიც მშვილდოსნობას მაშინ ჯერ კიდევ ეგზოტიკურ ხილად იცნობდა. ძალოსან კახი კახიაშვილის არ იყოს, მათ წასვლასაც დიდი ხმაური მოჰყვა, თუმცა მათ საკუთარი მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლეს და დაადასტურეს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგეს.

თურქეთში
მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ლეკვეიშვილი კი მთავარი მწვრთნელიც გახდა. მათ ჩასვლას უკავშირდება თურქეთში მშვილდოსნობის აღორძინება, რასაც უმადლიან კიდეც - ლეკვეიშვილი ახლა ფედერაციაში მუშაობს ფრიად საპასუხისმგებლო პოსტზე, ნასარიძე კი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ამასთან, თურქული სპორტის ისტორიაში კუთვნილ ადგილსაც მიაგებენ.

თუმცა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მათ არასოდეს შეუწყვეტიათ საქართველოსთან, აქაურ კოლეგებთან კავშირი. ხშირად მატერიალურადაც დახმარებიან ჩვენებს, ხოლო ანტალიის ტურნირში ბევრჯერ მიუწვევიათ თავის ხარჯზე. მით უფრო, ლეკვეიშვილი და ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.

ვლადიმერ ლეკვეიშვილი ახლახან ბათუმში იყო ჩამოსული, აჭარის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მიზეზთა გამო მხოლოდ მცირერიცხოვანი გუნდი ჩამოიყვანა, თუმცა ჩვენი ინტერვიუსთვის მისი ჩამოსვლაც საკმარისი იყო.

- როგორ მიდის თქვენი საქმეები თურქეთში, ხომ არ შეცვლილა ვითარება ბოლო პერიოდში?
- დღეისათვის ნაკრებში აღარ ვმუშაობ, ფედერაციაში ვარ გადასული მწვრთნელთა ინსპექტორად - დავდივარ სხვადასხვა ქალაქში და ვამოწმებ, როგორ მუშაობენ, როგორ ასწავლიან ისინი, ვინ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან - პირიქით. ჩემი დაწერილი მოხსენებებით განისაზღვრება, კონკრეტულ ქალაქსა თუ კლუბში რა დონეზეა განვითარებული მშვილდოსნობა და როგორ მუშაობს იქაური მწვრთნელი. აგრეთვე - როგორი ბაზა გააჩნიათ.

ასეთი მიდგომა ახალი შემოღებულია თურქეთში და ის მიზნად ისახავს ფედერაციის დახმარებას კონტროლის მექანიზმის შემუშავებაში. ბოლო პერიოდში თურქეთში მომრავლდნენ მშვილდოსნებიც და მწვრთნელებიც. მწვრთნელთა სემინარების ჩატარების შემდეგ ასობით სპეციალისტი იღებს ლიცენზიას. ერთი მხრივ, ეს მშვენიერია - სახეობა ვითარდება და სპორტსმენთა რაოდენობაც იზრდება.

ადრე თურქეთის პირველობაზე თუ 200-250 მსროლელი გამოდიოდა ორივე სახეობაში - კლასიკურშიც და მძიმე მშვილდშიც, ახლა 600-700 კაცი ისვრის. თუმცა მსურველი გაცილებით მეტია და ამიტომ გაჩნდა საჭიროება, როგორღაც გაიცხრილოს ეს მასა, რისთვისაც შემოიღეს კვოტები.

სადღეისოდ მშვილდოსნობა განვითარებულია თურქეთის 51 ქალაქში, კლუბების რაოდენობა კი ოფიციალურად 70-ზე მეტია. თითო სპორტსმენი, სულ ცოტა, 100 დოლარს იხდის თვეში, რითაც მწვრთნელიც დაინტერესებულია - მან უნდა იხადოს დარბაზის ქირა, კომუნალურები...

დღეს მშვილდოსნობა თურქეთში კომერციულ სპორტად იქცა და ამით ბევრი ოჯახი ინახავს თავს. მით უფრო - სტამბოლში, სადაც მინიმალური გადასახადი 100 ევროა. თან ბავშვების წლოვანებაც გაიზარდა - 5-7 წლიდან იწყებენ ვარჯიშს. თუმცა აქ მწვრთნელთა ცუღლუტობის მომენტიცაა - 5 ანუ თუნდაც 7 წლის ბავშვიდან რა გამოვა, დარჩება თუ არა მშვილდოსნობაში, კაცმა არ იცის, მაგრამ ისინი თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას იუმჯობესებენ.

მე რომ მკითხოთ, ინვენტარი თუ გაქვს, ასეთ პატარა ასაკში დაწყება არაა ცუდი - რაც უფრო ადრე ჩამოყალიბდება მისი ტექნიკა, მით უკეთესი.

საქართველოშიც არის ამის საშუალება, რომ თუნდაც 9-10 ასაკიდან დაიწყონ ვარჯიში. ეს საკითხი გადასახედია. მაგალითად, სიდნეიში 16 წლის კორეელმა გოგომ მოიგო ოლიმპიადა. დამეთანხმებით, მას ვარჯიშის 2-3 წლის სტაჟი არ ექნებოდა.

- როგორც ვიცი, ბათუმშიც თურქეთის ჩემპიონატის გამო ვერ ჩამოიყვანეთ უფრო მეტი მონაწილე...
- ისინი ახლა, ამ დღეებში ისვრიან თურქეთის პირველობაზე. იქ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაული - ყურბან-ბაირამი იყო, რის გამოც გადმოსწიეს ჩემპიონატი. მერე კიდევ გადასწიეს და დაემთხვა აქაურ შეჯიბრებას. ეს რომ არა, მინიმუმ, 30 სპორტსმენის ჩამოყვანას ვგეგმავდით. შარშან ასე ვიყავით ჩამოსულები.

ყველა დიდი სიამოვნებით გამორბის ბათუმში შეჯიბრებაზე, რადგან შავიზღვისპირეთში ეს ლამის ლას ვეგასია თავისი ბუნებით, ბულვარით, ხალხით, სამზარეულოთი...

- ეს სპორტსმენები რატომ ვერ მოხვდნენ იქაურ ჩემპიონატში და რა კრიტერიუმებია იქ მონაწილეთა შესარჩევად?
- შედეგის, ქულების მიხედვით აძლევენ მონაწილეობის უფლებას. თუმცა აქამდე ისინი ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლისთვის არაფერს იხდიდნენ, მომავალი წლიდან კი უკვე მოუწევთ გადახდა. ეს იდეა ფედერაციას მე მივაწოდე - წარმოიდგინეთ, 7-8 წლის ბავშვთა მშობლები 1000 ევროზე მეტს იხდიან ვარჯიშში ისე, რომ არც იციან, რა გამოვა მისგან და რატომ არ უნდა გადაიხადონ უკვე ჩამოყალიბებულმა, პროფესიონალმა სპორტსმენებმა?

წავიდა ის დრო, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო - დღეს მსოფლიოში ღარიბისთვის სპორტის კარებიც იკეტება უკვე.

- თქვენ რომელი სამსახური გერჩივნათ - ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა თუ ახლანდელი სამუშაო?
- სიმართლე გითხრათ, ახლა წყნარად ვარ. ალბათ, წლებს თავისი მიაქვს. პლუს, დღეს ჩემს ადგილზე ნატო ნასარიძეა - ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. ცოტა კი უჭირს - თაობათა ცვლის პროცესში არიან, მაგრამ სწორ გზას ადგას. მან ნაკრებიდან გაუშვა ძველი სპორტსმენები, ვისაც 4-5 მსოფლიოს ჩემპიონატზე უასპარეზია, მაგრამ შედეგი არ ჰქონდათ, 2 წრის მეტი არ გაუვლიათ. მათ ნაცვლად ნატომ ახალგაზრდები მოიყვანა, 16-17 წლის პერსპექტიული მოზარდები. ჯერ კი უჭირთ, მაგრამ ყველა საქმე გარკვეულ დროს ითხოვს და მე მჯერა მათი.

იშვიათია ისეთი სპორტსმენი, ვინც მყისვე აღწევს წარმატებას, როგორიც იყო, მაგალითად, ხათუნა ქვრივიშვილი, 2 წელიწადში ისეთი შედეგები რომ მოიპოვა, ან ცხონებული ლუბოვ ასატუროვა... ასეთები იშვიათი გამონაკლისია, უმეტესად კი 6-7 წელიწადია საჭირო, მშვილდოსნობაშიც და სხვა სახეობებშიც დამწყები სპორტსმენი გარკვეულ შედეგებამდე რომ მიიყვანო.

- თავიდან გარკვეული პრობლემები იყო, როგორც ჩასულებთან, თუმცა მოგვიანებით შეიცვალა ეს დამოკიდებულება. იქაურები ისევ უცხოდ აღგიქვამენ თუ საბოლოოდ გახდით მათთვის შინაური?
- ერთ მაგალითს გეტყვით - 9 თვე ვიმუშავე თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის შვილის მშვილდოსნობის კლუბში მწვრთნელად. როგორც მწვრთნელს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე მათთვის ბევრი გავაკეთე და დღეს ამის შედეგს ვიმკი - ვუტარებ ლექციებს, ვასწავლი, ვაკონტროლებ.

რაც შეეხება ნასარიძეს, მიმდინარე წლის სპორტულ ჟურნალში თავისი ფოტოთი დასახელებულია თურქეთის სპორტის ვარსკვლავთა შორის. მას დიდ პატივს სცემენ. ყველგან - სამინისტრო იქნება თუ სხვაგან, სადაც მშვილდოსნობაზეა ლაპარაკი, ნატო ნასარიძე არ ახსენონ, არ იქნება. არსებითად, მან გაუკვალა გზა თურქეთში მშვილდოსნობას და მის შემდეგ აღიზარდნენ იქაური მსროლელები. დღეს თვითონაც ასწავლის და ახალ სპორტსმენებს უზრდის თურქეთს.

- ქართულ მშვილდოსნობასთან კვლავაც აქტიურად თანამშრომლობთ...
- ძალიან გახარებული ვარ მათი წარმატებებით. რაც ჰქონდათ დაგეგმილი და რისკენაც ისწრაფვოდნენ, ყველაფერს ასრულებენ - მედალი ევროპული თამაშებიდან, ოლიმპიური ლიცენზია, გამარჯვებები სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირზე.

კარგად ვიცნობ თამაზ ფუტკარაძეს - გარდა იმისა, რომ ჩემი მამიდაშვილია, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია, გამოცდილი ადამიანი. ვიცი, როგორი მუშაა და როგორი ფსიქოლოგიის პატრონია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ევროპის თასებზეც და ევროპის თამაშებზეც შეეძლოთ წარმატებით გამოსვლა, ხოლო ოლიმპიურ ლიცენზიას რომ მოიპოვებდნენ, ამას თამამად ვამბობდი ყველგან.

ძალიან ძლიერი ქალთა ნაკრები გვყავს, თუმცა მათ გვერდით უკვე ვაჟებშიც ლაშა ფხაკაძე ძალიან პერსპექტიულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა, ტალანტი ბიჭია. წლების განმავლობაში ვადევნებ თვალს საქართველოს ნაკრებს და როგორც ქართველს, ერთი სული მაქვს, მათ მკერდზე ოლიმპიური მედალი დავინახო - ამაზე კარგი რა იქნება ჩემთვის!

ჯერ კიდევ საქართველოში უფროს მწვრთნელად მუშაობისას სულ ვითხოვდი, რომ მშვილდოსნობის ცენტრი გაგვეკეთებინა ბათუმში, რადგან თბილისი უფრო ქარიანი ადგილია, სიცივეა, ბათუმში კი კლიმატური პირობები შესანიშნავია. აი, ახლაც, ოქტომბერი მთავრდება და გარეთ ვისვრით, იდეალურ პირობებში. შემთხვევითი არ იყო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს აქ აკეთებდნენ შეკრებებს.

- საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?
- უსიკვდილოდ! 2-3 წელიწადში პენსიაზე გავდივარ და აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, დიდი სიამოვნებით. თამაზის ვეხუმრები კიდეც, უნდა ჩამოვიდე და ადგილი წაგართვა-მეთქი. თუმცა ეს მხოლოდ ხუმრობაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული