მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: პირადი უმედლოდ დავასრულეთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ ანკარაში მიმდინარე მშვილდოსანთა ზამთრის მსოფლიოს პირველობაზე კი გაიბრძოლა, მაგრამ პირად პირველობაში მაინც ნაადრევად დავასრულეთ გამოსვლა და უმედლოდ დავრჩით.

ჩემპიონატი 2 მარტს დაიწყო და მაშინვე გაიმართა პლეი ოფის საწყისი ეტაპი, რაც ჩვენებიდან მხოლოდ ესებუამ გადალახა. თუმცა ისიც თანაგუნდელს, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ ხათუნა ნარიმანიძეს ხვდებოდა, გუშინ კი პლეი ოფის მეორე წრეში ესებუამ უკრაინელი ლიდია სიჩენიკოვაც დაამარცხა - 6:4.

ეს პაექრობა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - ჩვენმა ჩუბინმა მოიგო პირველი და მესამე სერიები (თანაც, ორივე ერთნაირი ანგარიშით, 30:29), უკრაინელმა -
მეორე და მეოთხე (30:27; 28:27). წესით, გადამწყვეტი სერიის მოგება ესებუას უწევდა და ლოგიკური ჯაჭვი არც მან დაარღვია - 28:27 მოიგო.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალმა მას სახეირო ვერაფერი მოუტანა - ჩვენი მსროლელი გერმანელ ლიზა უნრუსთან 4:6 დაამარცხდა. ამ შეხვედრის პირველი სერია გერმანელმა მოიგო - 29:27, რასაც ესებუას გაბრძოლება მოჰყვა. ჩვენებურმა ჯერ ზედიზედ ორი სეტი დაამთავრა ფრედ და ორივე 29:29, მეოთხეში კი 30:29 იმარჯვა და საერთო ანგარიშიც გაათანაბრა: 4:4. თუმცა დამატებით სერიაში უფრო მობილიზებული გერმანელი გამოდგა და 29:26 მოიგო.

უნრუმ ნახევარფინალში უკრაინელი ვერონიკა მარჩენკოც დაამარცხა და ფინალში პოლონელ ნატალია ლესნიაკს შეხვდება. ბრინჯაოსთვის მარჩენკო და იტალიელი კლაუდია მანდია იბრძოლებენ.

ვაჟთა შორისაც ერთი მონაწილე გვყავდა დარჩენილი - ყველაზე ახალგაზრდა ზურაბ მესტვირიშვილი, თუმცა ისიც განწირული ჩანდა, რადგან მეტოქედ საკვალიფიკაციოს მომგები ამერიკელი ბრედ ელისონი ჰყავდა.

ელისონმა წინა წრეში ლაშა ფხაკაძესაც მოუგო და მესტვირიშვილსაც 7:3 სძლია. მესტვირიშვილმა ის კი შეძლო, რომ ფრედ დაასრულა მეორე (30:30) და მოიგო მეოთხე (30:29), დანარჩენები კი წააგო.

ელისონმა მეოთხედფინალში ჯაბა მოსეშვილის მძლეველ ბელორუს ალექსანდერ ლიანუშევსაც აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში უკრაინელ სერგეი მაკარევიჩთან წააგო. ვაჟთა შეჯიბრება უკრაინელთა საშინაო საქმედ იქცა - ფინალში მაკარევიჩის მეტოქე თანაგუნდელი ჰეორჰი ივანიცკი იქნება.

დღეს ჩემპიონატში გუნდური პირველობის დღეა. შეგახსენებთ, რომ პლეი იოფში ჩვენი ოთხივე ნაკრები მოხვდა. ქალები, რომლებიც პლეი ოფში მეხუთე ადგილით გავიდნენ, იტალიელებს შეხვდებიან, ხოლო მეექვსეადგილოსანი ვაჟები - გერმანელებს. ახალგაზრდებში გოგოების მეტოქე და ბიჭებისაც საფრანგეთია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქრისტინე ესებუა 8 საუკეთესოში მოხვდა, რაც არ უნდა იყოს ცუდი შედეგი...
koba
12:16 04-03-2016
0
მესტვირიშვილი კარგი მსროლელია სავარაუდოდ. ბევრი ათიანში გაარტყა. უბრალოდ მეტოქე აღმოჩნდა ძალიან ძლიერი. წარმატებები! სასიხარულოა, რომ ყველა ნაკრები კონკურენტუნარიანი გვყავს - ქალთა, კაცთა, ბიჭებიც და გოგონებიც!
koba
12:14 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული