ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა მორიგ ტიტულს "გაარტყეს" და წარმატებით დაასრულეს გამოსვლა ანკარაში დასრულებულ მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატში, სადაც გუნდურ ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ოლიმპიური სამეული შარშან აღებულ კარგ ტემპს წლეულსაც აგრძელებს და ოლიმპიური სეზონი ამაღლებულ ნოტზე დაიწყო. არადა, ჩვენებმა როგორ გუნდებს მოუგეს და ისეთთან წააგეს... რაც უნდა ვილაპარაკოთ სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე, ჩვენებურთა ბრინჯაოს ფასი ემატება იმის გათვალისწინებით, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში რუსებს მოუგეს.

თუმცა თამაზ ფუტკარაძის სამეულს - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ქრისტინე ესებუას, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ ხათუნა ნარიმანიძეს და იულია
ლობჟანიძეს
სუსტი მეტოქე არც მეოთხედფინალში ჰყავდათ (მერვედფინალში ჩვენები ისვენებდნენ), იტალიას ხვდებოდნენ.

აპენინელებს ამჯერად არ ჰყავდათ უპირობო ლიდერი, მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში ნატალია ვალეევა, მაგრამ ჰყავდათ ელენა ტონეტა და გვანდელინა სარტორი. თანაც, რაც უნდა იყოს, ზაფხულის, ანუ ოლიმპიურ დისტანციებზე მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული იტალია ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალაა და აკი ჩვენებს დიდი ომიც გადახდათ მათ დასამარცხებლად (თუმცა პირველად არ უგებენ მათ - შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოუგეს და თავად ხომ გაინაღდეს ლიცენზია, ისინი უსაგზუროდ დატოვეს), დამატებით სერიაში აჯობეს. თან მათ საკვალიფიკაციოში ერთი ადგილით გაგვისწრეს, მეოთხეზე გავიდნენ.

არადა, თავიდან ასეთ დასასრულს ძნელად იფიქრებდით, რადგან ჩვენებმა წააგეს ორი საწყისი პერიოდი (56:58; 56:60), თუმცა ლამის წარმოუდგენელი შეძლეს და მომდევნო ორში მოგებით (60:58; 55:54) საერთო ანგარიში გაათანაბრეს - 4:4.

თუმცა ანგარიშიდანაც ჩანს, ბოლო სერიაში როგორ სასწაულად გადაურჩნენ წაგებას. საბედნიეროდ, იტალიელებმა ჩავარდნას ვერც დამატებითში დააღწიეს თავი, ჩვენებმა კი, პირიქით, სტაბილურობა შეინარჩუნეს და მაქსიმალური შედეგი აჩვენეს - 30:20 მოიგეს, საბოლოო ანგარიში კი 5:4 გახადეს.

ალბათ, ფსიქოლოგიურად რთულმა ამ შეხვედრამ მათი ძალებიც შეიწირა და ნახევარფინალში პოლონეთთან 2:6 წააგეს. პოლონეთიც არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე, თუმცა მათ გადახალისებული შემადგენლობა ჰყავდათ, შარშანდელი სეზონიდან ლიდერები აკლდათ. თან იტალიაზე ძლიერები ნამდვილად არ არიან და ამიტომაა გასაკვირი ჩვენების წაგება.

მეორე ნახევარფინალში იაპონიამ რუსებს 5:1 მოუგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჩვენების მეტოქე რუსეთის გუნდი იქნებოდა. უძლიერესი შემადგენლობა არც მათ ჰყავდათ, თუმცა შესარჩევში მეექვსეზე კი გავიდნენ. ეს შეხვედრა შაბათს გაიმართა, ერთდღიანი შუალედით და ჩვენმა დასვენებულმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 6:2 მოუგო. რუსებმა მხოლოდ მეორე სეტში იმარჯვეს - 56:54, დანარჩენებში კი ჩვენი სამეული შეუვალი იყო: 58:57; 60:57. 58:56.

ამით ჩვენმა ნაკრებმა დაამთავრა ზამთრის სეზონი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ზაფხულის სეზონზე, ანუ ოლიმპიურ, 70-მეტრიან დისტანციებზე ვარჯიშში გადაერთვებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ! წარმატებები მომავალშიც!
koba
12:26 07-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული