საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციამ საახალწლოდ 18 ნავი მიიღო

AutoSharing Option
25 წელიწადზე მეტია, საქართველოს აკადემიურ ნიჩბოსნობაში ნავები არ შეუძენია. და აი, საახალწლოდ სპორტის ამ სახეობის ეროვნულმა ფედერაციამ ჩინეთიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 18 ახალი ნავი მიიღო, რაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის, ქუთაისის, მცხეთისა და ფოთის მერიების დამსახურებაა (აქვე დავძენთ, რომ ერთადგილიანი ნავები 4750, ხოლო ორადგილიანი - 7200 დოლარი ღირს).

ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჩინური ქარხანა "სვიფტის" მესვეურებმა გაითვალისწინეს ჩვენი ფედერაციის ეკონომიკური მდგომარეობა და თავიანთი ნაწარმი საქართველოს 25-პროცენტიანი ფასდაკლებით მიჰყიდეს, თანაც ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, მათი ტრანსპორტირებისა და განბაჟების თანხებიც გადაიხადეს.

- ეს შენაძენი ჩვენთვის ნამდვილად დიდი საახალწლო საჩუქარია, - გვითხრა ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მცხეთის სანიჩბოსნო სკოლის დირექტორმა ვიტალი გრძელიშვილმა. - 25 წელიწადი ველოდით ამ დღეს.

იმდენად დიდი იყო სიხარული, რომ ფოთელი სპორტსმენები ხალისით მუშაობდნენ ნავების გადმოტვირთვაზე, ხოლო ქუთაისში სანიჩბოსნო სკოლის ხელმძღვანელები და მერიის წარმომადგენლები ღამის ორ საათამდე გველოდებოდნენ.

ამ სიხარულისთვის, ჩვენი ნიჩბოსნების სახელით, მადლობა სპორტის სამინისტროს, კერძოდ, ბატონ ლევან ყიფიანს, ამ ნავების შეძენის მთავარ ინიციატორს.

საქართველოში ჩამოტანილი 18-ვე ნავი მაშინვე თბილისს, მცხეთას, ქუთაისსა და ფოთს გადავუნაწილეთ. ნავების ნახევარი საშეჯიბროა, ნახევარი კი - სავარჯიშო.

- გამოდის, რომ მომავალი წლიდან ტურნირებზე საკუთარი ნავებით გაემგზავრებით...
- ამდენი ხნის განმავლობაში ნიჩბოსნების საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციითა და თხოვნით ასპარეზობის ორგანიზატორები უზრუნველყოფდნენ ჩვენს სპორტსმენებს საშეჯიბრო ელიტნავებით.

რადგან შინ მოძველებული ნავებით ვვარჯიშობდით, ტურნირებზე ორი-სამი დღის განმავლობაში გვიჭირდა მათთან შეგუება და შედეგებიც არასასურველი იყო. წარმოიდგინეთ, საბჭოთა "მოსკვიჩიდან" ახალთახალ "მერსედესზე" რომ გადაგსვან.

აი, ასეთ დღეში ვიყავით აქამდე. მომავალი წლიდან კი ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება, რადგან უახლესი მოდელის ნავებით ვივარჯიშებთ, თუმცა ტურნირებზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა, ისევ ორგანიზატორების ნაწყალობევი ნავებით მოგვიწევს ასპარეზობა, რადგან მათი ტრანსპორტირება ძვირი ჯდება და ჩვენს ფედერაციას სათანადო სახსრები არა აქვს. თან ნავების გადასაზიდი სპეცკონსტრუქციაც არ გაგვაჩნია.

- თქვენი სკოლის ბაზაზეც მინდა გკითხოთ...
- მცხეთის სანიჩბოსნო სკოლა 1974 წელს გაიხსნა. მას თავისი ბაზა ჰქონდა. მცხეთაში მსგავსი კიდევ სამი სანიჩბოსნო ობიექტი იყო, მაგრამ 2005 წელს ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა ოთხივე შეიწირა. საბედნიეროდ, ყოფილი დოსააფის ტერიტორიაზე 2000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გამოგვიყვეს, სადაც 2011 წელს დაიწყო და წლეულს დამთავრდა ორსართულიანი ბაზის მშენებლობა, რომელსაც აქვს ელინგი 30 ნავზე, მწვრთნელებისა და სპორტსმენებისთვის გასახდელები და საშხაპეები, სველი წერტილები, ასევე, ტრენაჟორების დარბაზი, ადმინისტრაციის საოფისე, საექიმო და ნავების შესაკეთებელი ოთახები, კვების ბლოკი.

სულ ორივე სართული 600 კვადრატულ მეტრზე მეტია. ბაზის კეთილმოწყობის სამუშაოები 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მცხეთის ხელმძღვანელობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეფერხდა.

მოგეხსენებათ, მცხეთის რაიონს ცალკე გამოეყო ქალაქის მუნიციპალიტეტი, რომელსაც 2015 წლიდან თავისი ბიუჯეტი ექნება და იქ ჩვენი სკოლის ბაზის კეთილმოწყობასაც გაითვალისწინებენ. კერძოდ, ამ შენობის წინ გაკეთდება 80-მეტრიანი სანაპირო ზოლი - ნავმისადგომი; ჩატარდება გარეგამწვანების სამუშაოები. ვფიქრობთ, გაზაფხულზე შევძლებთ ბაზის საზეიმო გახსნასა და საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას.

მცხეთას ნიჩბოსნობაში დიდი ტრადიციები აქვს - აქ უამრავი სახელოვანი სპორტსმენი გაიზარდა. დღესაც გვყავს მათი მიმდევრები. ზაზა ნადირაძემ კანოეთი წლეულს 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის პირველი თამაშების საგზური მოიპოვა. აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს 9 წევრიდან 7 მცხეთელია.

ხშირად ვმართავთ საერთაშორისო შეჯიბრებებს - სომეხი და აზერბაიჯანელი ნიჩბოსნები გვსტუმრობენ ხოლმე. სხვებსაც სურთ ჩამოსვლა, მაგრამ მათი ღამისთევის პრობლემა გვაქვს.

გვინდა, მცხეთის მესვეურებს ვთხოვოთ, ნიჩბოსნობის ბაზის ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის შენობა აგვიშენონ, რომელიც არა მარტო სრულფასოვანი საწვრთნელი შეკრებებისთვის გამოგვადგება, არამედ საერთაშორისო ტურნირებისას უცხოელი სპორტსმენები მოსვენებას და ღამის გათევას შეძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთაის რამდენი სავარჯიშო ნავი გადაეგზავნა???? და რამდენი შესაჯიბრი???
მარი
10:04 09-01-2015
0
ქუთაის რამდენი სავარჯიშო ნავი გადაეცათ??
მარი
10:06 09-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული