ზაზა ნადირაძე: ჩემი ოცნება რიოს თამაშების კვარცხლბეკზე ასვლაა...

AutoSharing Option
ამას წინათ ნიჩბოსანთა ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირში 23 წლის მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი მე-2 ადგილი დაიკავა და 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა, რაც საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რადგან ჩვენს ქვეყანას ოლიმპიადებზე კანოისტი არასდროს ჰყოლია. სალიცენზიო ტურნირიდან ორიოდე დღეში მცხეთელმა ჭაბუკმა მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე სახელოვან ნიჩბოსნებთან პაექრობაში მე-3 ადგილი დაიკავა.

ზაზა ნადირაძე გერმანიიდან გუშინ დილით ჩამოვიდა, საღამოს კი რედაქციაში გვეწვია.

- ბედნიერი ვარ, რომ დიდი ხნის ოცნება რეალობად ვაქციე, - გვითხრა ზაზამ. - დუისბურგში სერიოზულმა
კონკურენტებმა მოიყარეს თავი. 13 მეტოქე მყავდა, საოლიმპიადედ კი ორი ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი. თავი არ დამიზოგავს, რომ მიზნისთვის მიმეღწია და ქომაგები გამეხარებინა.

არადა, შარშან, 25 ნოემბერს ოპერაცია გავიკეთე და იარამოუშუშებელმა წლეულს, 10 თებერვალს განვაახლე ვარჯიში. სხვა გზა არ იყო, რადგან სალიცენზიო ტურნირამდე ცოტა დრო რჩებოდა. მე და ჩემმა მწვრთნელმა ნიკოლოზ გირდამ მოსამზადებლად სწორი გზა ავირჩიეთ.

დიდი დახმარება გამიწიეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ლომიშვილმა, მცხეთის სანიჩბოსნო სკოლის დირექტორმა ვიტალი გრძელიშვილმა, ბატონმა შალვა მუსოევმა ბაზალეთზე სანიჩბოსნო ბაზა დაგვითმო და თავადაც გვერდით გვედგა რჩევა-დარიგებებით.

ორჯერ საწვრთნელი შეკრება მინგეჩაურში გავიარე. შეჯიბრების წინ უნგრეთში სავარჯიშოდ გამგზავრება შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან შარშან ვიყავი იქ და სიტუაცია არ მომეწონა. მადლობა უფალს, რომ გარჯამ უკვალოდ არ ჩაიარა...

- ზაზა, ბიჭებს უფრო ფეხბურთი და ჭიდაობა იტაცებთ, შენ ნიჩბოსნობა რატომ აირჩიე?
- ბავშვობისას, თანატოლების მსგავსად, კარატეზე დავდიოდი, ფეხბურთსა და რაგბის ვთამაშობდი, მაგრამ საბოლოოდ ვერსად მოვიკიდე ფეხი. ერთხელ მეგობრებს მტკვარზე გავყევი - ნიჩბოსნობაში ვარჯიშობდნენ. მომეწონა. ვასილი პესტოვმა ბატონი ვალიკო გირდა გამაცნო და მეც კანოეს სექციაში ჩავეწერე. ეს იყო ათი წლის წინათ. ერთ წელიწადში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, რამაც კიდევ უფრო გამიძლიერა ლტოლვა ნიჩბოსნობისადმი.

2007 წლიდან ერთადგილიანი კანოეთი საქართველოში არც ერთი შეჯიბრება არ წამიგია, მათ შორის - აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენების მონაწილეობითაც. ორადგილიანი ნავით მე და ჩემი ძმა - ვარლამი ვიყავით პირველები. მერე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ბევრჯერ გავიმარჯვე საერთაშორისო ტურნირებზე. განსაკუთრებით, მინგეჩაურის რეგატაში მონაწილეობა მომწონდა, რადგან იქ მასპინძლების სახელით ნატურალიზებული უძლიერესი ნიჩბოსნები - მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები მონაწილეობდნენ. ჩემს დისტანციაზე - 200 მეტრზე ხან მე ვიყავი პირველი, ხან ისინი მიგებდნენ.

- 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედალზე მინდა გკითხო...
- 2014 წელს, იმ შეჯიბრებამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოვედი. ნახევარფინალურ გაცურვაში უძლიერესმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. ფინიშთან მეოთხე ვიყავი და A ფინალში ვერ მოვხვდი. სამაგიეროდ, B ფინალი იოლად მოვიგე და მე-10 ადგილი დავიკავე, რამაც ბაქოს პირველი ევროპული თამაშების საგზური მომიტანა.

საინტერესო ის არის, რომ საფრანგეთის თუ გერმანიის აეროპორტში ნიჩაბი გამიტეხეს. ამიტომ ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდი დღე ნავით წყალზე არ მივარჯიშია, თორემ უკეთესი შედეგი მექნებოდა. ლიტვური ფირმა "ბრაჩას" წარმომადგენლებმა ახალი ნიჩაბი ჩამომიტანეს.

უნგრულ სეგედში 23-წლამდელთა მსოფლიოზე უფრო თავისუფლად ვიასპარეზე, რადგან ნიჩაბსაც შევეჩვიე და ბაქოს ლიცენზიის მოპოვებით ფსიქოლოგიური წნეხიც მომეხსნა. ფინალში ლიტველმა ჰენრიკას ჟუსტაუსკასმა და რუსმა ანდრეი კრაიტორმა მაჯობეს. მართალი გითხრათ, ბრინჯაოს მედლითაც კმაყოფილი დავრჩი. შარშან მსგავს შეჯიბრებაზე მე-4 ადგილი დავიკავე - ჩეხმა მარტინ ფუქსამ მცირედით მაჯობა.

- შენ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის შანსიც გქონდა...
- დიახ, 2012 წელს ევროპის სალიცენზიო ტურნირზეც ორი საგზური თამაშდებოდა. ფინალის დღეს ქარიშხალი ამოვარდა. თავს ძლივს ვიმაგრებდით. მაღალი ტალღების გამო წყალი ნავში იღვრებოდა. სხვებს საშუალება ჰქონდათ და ნავები გამოცვალეს, მე კი წყალში ვტოპავდი. პირველი 100 მეტრი ვლიდერობდი. მერე დაღლა დამეტყო. საბოლოოდ მე-8 ადგილს დავჯერდი.

- ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ვიცით, რომ მშენებლობაზე მუშაობდი ფიზიკურად...
- მართალია. მაშინ არავინ მეხმარებოდა, მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტი მიხდიდა ყოველთვიურად 185 ლარს. ამით კი თავს ვერ ვირჩენდი. სწავლის ქირაც შესატანი მქონდა. კარგა ხნის განმავლობაში დილით ლექციებზე მივდიოდი, მერე - მშენებლობაზე, საღამოს კი დაღლილ-დაქანცულს ვარჯიშის თავი არ მქონდა, მაგრამ რა მექნა.

მადლობა ღმერთს, ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა. ახლა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც მეხმარება, სპორტის სამინისტროცა და მცხეთის მუნიციპალიტეტიც გვერდში მიდგას.

- სულ ნიჩბოსნობაზე ვსაუბრობთ. კანოეს გარდა, რა გიტაცებს?
- მთელი ოჯახი რაგბის ვქომაგობთ. გვახარებს "ბორჯღალოსნების" წარმატებები. სპორტის არც სხვა სახეობებისადმი ვარ გულგრილი, თუმცა მოცალეობის ჟამს უფრო ნაკვეთში მუშაობა მიყვარს: ან რაღაცას ვაშენებ, ან ვენახს ვუვლი, ყოველწლიურად კარგი მოსავალი მოგვყავს.

- დალევა გიყვარს?
- იშვიათად ვსვამ - კვირაში ერთხელ ჩემს დაწურულ ჭიქა ღვინოს თუ დავლევ. ჭამაც მიყვარს გემოზე, მაგრამ ზომიერებას ვიცავ, რადგან ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ოლიმპიადაა და იქ წარმატების მისაღწევად არაფერს დავიშურებ.

- რას გეგმავ?
- ჩემი ოცნებაა რიოს თამაშების კვარცხლბეკზე ასვლა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი ზაზა გვასახელე ქარტველები გმერტმა ხელი მოგიმარტოსსს
kakula
17:08 25-05-2016
0
სულ გამარჯვებულს გევლოს და გეცურაოს, ვაჟკაცო კაცო!
giglia
21:46 25-05-2016
0

სიახლეები პოპულარული