სეზონს ეროვნული ჩემპიონატით გახსნიან

AutoSharing Option

წლეულს ნოემბერში ბირმინგემში (ინგლისი) ბატუტზე მხტომელთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი თენგიზ კოშკაძე. ახალ სეზონში პირველი შეჯიბრება, რომელშიც ისინი მოსინჯავენ ძალებს, საქართველოს ჩემპიონატია. 24-25 მარტს იგი თბილისში გაიმართება და მედლებისთვის სპორტის ოსტატის, ოსტატობის კანდიდატისა და პირველი თანრიგის პროგრამით ყველა საუკეთესო სპორტსმენი იასპარეზებს.

- განსაკუთრებით გოლოვინას და კოშკაძის ამჟამინდელი მომზადების დონე გვაინტერესებს, - გვითხრა ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა რუსუდან ხოფერიამ. – წლეულს ორივე სპორტსმენს ვარჯიშები
გავურთულეთ. თუ უწინ ლუბას ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი 13,4-ს არ აღემატებოდა,ახლა 14,2-მდე, ხოლო თენგიზისა – 16,2-დან 16,6-მდე გავზარდეთ. მათი სტაბილურად შესრულება სასურველ შედეგს მოგვცემს. 9 აპრილს ჩვენი სპორტსმენები ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაურ სულაშვილთან და მწვრთნელ ვლადიმირ გოლოვინთან ერთად ვარნას ეწვევიან, 5-დღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან და 14-18 აპრილს იქვე იასპარეზებენ მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე, სადაც მსაჯად ვარ მიწვეული. Mმეორე სათასო შეჯიბრება 25-29 მაისს გაიმართება. მსგავსი ასპარეზობები ზაფხულში ჩინეთსა და იაპონიაში იყო დაგეგმილი, მაგრამ ამომავალი მზის ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ალბათ, ამ ტურნირების ჩატარების ადგილი და ვადები შეიცვლება. Aაგვისტოს მიწურულსა და სექტემბერში მსოფლიოს თასებს ჩეხეთი, გერმანია და დანია უმასპინძლებენ.

ერთი საერთაშორისო ტურნირის მოწყობას ჩვენც ვაპირებთ ბათუმში. ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვთ ბერძნებს, ბულგარელებს, გერმანელებს, ასევე, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. სპორტის სამინისტრო ახალი ბატუტების შეძენას დაგვპირდა. აჭარის მესვეურებიც თუ დაგვიდგებიან გვერდით, ჩანაფიქრსაც განვახორციელებთ. Eეს ჩვენს სპორტსმენებს დაოსტატებაში აუცილებლად დაეხმარება. Lლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ორი საგზურის მოპოვება გვაქვს განზრახული. სათანადო თანადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, ოცნება რეალობად იქცეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული