სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასასრულს უახლოვდება პირველი წრე. გუშინ შეფილდი დატოვა კიდევ ერთმა ადგილობრივმა ტრიუმფატორმა - მოქმედი ჩემპიონის ნილ რობერტსონის ბედი გაიზიარა პიტერ ებდონმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში წააგო სტიუარტ ბინემთან.
უკვე პირველმა სესიამ აჩვენა, რომ "ებდომინატორს" რთული მატჩი ელოდა, რადგან პირველი ნაწილი ბინემმა 5:4 მოიგო. მეორე სესიაც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ის უკეთ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა დაიწყო - კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომები და ზედიზედ სამი ფრეიმი აიღო. მაგრამ სტიუარტი თავის შანსს დაელოდა: პიტერმა მწვანე ბურთი ააცილა და ბინემმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა
ამის შემდეგ ებდონმა მომდევნო პარტია აიღო, საპასუხოდ მისმა ოპოპნენტმა ორ ფრეიმში გაიმარჯვა (ერთ-ერთში ბინემმა 88-ქულიანი ბრეიკი შეასრულა) - 8:8.
სტიუარტი ამაზე არ გაჩერდა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. პიტერს ჰქონდა გადარჩენის შანსი, მაგრამ შავი ბურთის დარტყმისას შეცდა - 10:8.
დღის ბოლოს შეუჩერებელი იყო ლეგენდარული რონი ო'სალივანი. რთული სათქმელია, ბოლომდე მოაგვარა თუ არა თავისი პრობლემები მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - პირველ წრეში ის შეუდარებელი იყო დომინიკ დეილის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ რონი პირველი სესიის შემდეგ 7:2-ს იგებდა, მეორე დღეს კი ერთი ფრეიმიც არ დაანება მოწინააღმდეგეს. მეათე პარტიაში ო'სალივანმა 115-ქულიანი ბრეიკი გააკეთა და შემდეგაც განაგრძო დომინიკის მასხრად აგდება - 96 და 100-ქულიანი ბრეიკები მიითვალა. მატჩის ანგარიშია 10:2!
კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონს (და მოქმედ ვიცეჩემპიონს) გრემ დოტს არ ჰქონია პრობლემა მარკ კინგთან დაპირისპირებაში. პირველი სესიის შემდეგ ის წინ არის - 6:3.