ქართველი მანქანა - გურამ გუგენიშვილი

AutoSharing Option
კლუბ "მ-1 გლობალის" ვებგვერდმა mixfight.ru-მ მძიმეწონოსან ქართველ მებრძოლს, M-1 ჩელენჯის ჩემპიონის ქამრის მფლობელ გურამ გუგენიშვილს საინტერესო სტატია უძღვნა.

მასში გურამი საკუთარ საბრძოლო ტექნიკასა და მომავალ ბრძოლაზე საუბრობს, რომელიც აშშ-ში 8 ივლისს იგეგმება. ქართველის მეტოქე ამერიკელი მებრძოლი პეტ ბენეტი (4-2) იქნება.

* * *
- საქართველოდან ნიუ იორკამდე მანძილი დაახლოებით 7.500 კმ-ია. ეს სიშორე ქვეყნებსა და კულტურებს ერთმანეთისგან დიდად განასხვავებს, თუმა მანძილი არ ადარდებს მ-1 ჩელენჯის მძიმეწონოსან ჩემპიონს გურამ გუგენიშვილს (11-0), რომელიც მზადაა ქამარი ნებისმიერი მეტოქისგან დაიცვას. გურამი ივლისში ამერიკის დასაპყრობად
ემზადება.

გუგენაშვილისთვის ოკეანის გადაღმა ბრძოლა სადებიუტო იქნება:

"ეს აშშ-ში ჩემი პირველი ბრძოლა იქნება, ამ დღის დადგომას განსაკუთრებით მოველი, თუმცა სრულებით არ ვნერვიულობ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში მომიწევს ბრძოლა. გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა - იქ გამოსვლა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს".

საერთოდ, ქართველები საბრძოლო ხელოვნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ რომის იმპერიის ზეობის ხანაში რომაელი მეომრები სავარჯიშო გამოცდილებას ქართველებისგან იღებდნენ. სწორედ ამ ქვეყნის შვილია გურამ გუგენიშვილი, რომელიც თბილისიდან უკრაინაში "M-1 უკრაინას" მიწვევით გადაბარგდა, ახლა კი კიევსა და დონეცკში ვარჯიშობს.

გუგენიშვილი სავარჯიშო პირობებით აღფრთოვანებულია:

"მე აქ ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა: თანამედროვე დარბაზი, ახალი ტრენაჟორები, კარგი რინგი და ტატამი".

ცოტა ხნის წინ მან კლუბი და საწვრთნელო ბაზა გამოიცვალა, თუმცა მზადების პროცესის უმთავრესი პირობა უცვლელია:

"ჩემი მთავარი მწვრთნელი იყო და ყოველთვის იქნება იოსებ კობერიძე. ჩემ სავარჯიშო მეთოდიკაში რაიმე საიდუმლო არ იმალება: ის პრაქტიკასა და მუხლჩაუხრელ შრომაზეა აგებული".

არცთუ დიდი ხნის წინ ვებგვერდმა Bloody Elbow-მა ММА-ში მსოფლიოს საუკეთესო ახალაგაზრდა მძიმეწონოსნად სწორედ გურამი დაასახელა. მასზე საუბრისას ყველა მახასიათებელი ერთ სიტყვაში ერთიანდება - პოტენციალი.

გურამის სიმაღლე 195 სმ-ია, წონა 100-ზე მეტი. ის სულ 24 წლისაა. მიქს ფაიტში მისი დებიუტი ორი წლის წინ შედგა. გურამმა ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო.

"ბრძოლისას თავისუფალი ჭიდაობისა და საბრძოლო სამბოს ილეთებს ვიყენებ, რაც კარგი კომბინაციაა ბრძოლაში მომგებიანი პოზიციის მისაღებად. ყოველთვის არ ვეშურები მეტოქის მოგუდვას, არამედ გამარჯვებისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მოქმედებებს მივმართავ. უბრალოდ, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ამ ძალისხმევის შემდეგ მოგუდული მეტოქე მნებდება".

გუგანიშვილის ერთადერთ ნაკლოვანებად ბრძოლის დროს მის საწყის მდგომარეობას ასახელებენ, თუმცა მრავალი ათლეტისგან განსხვავებით, რომლებიც შენიშვნებს უყურადღებოდ ტოვებენ, გურამი მუდმივად განვითარებასა და დახვეწას საჭიროდ მიიჩნევს.

ახალგაზრდა ქართველის სწორედ ეს თვისება აღაფრთოვანებს მის მწვრთნელს იოსებ კობერიძეს:

"მწვრთნელს არ შეუძლია სპორტსმენს შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა ასწავლოს. ეს ინსტიქტებია, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში ან არის, ან არა. გურამის შემთხვევაში, ეს მისი ყველაზე ძლიერი თვისებაა. ყველაფერთან ერთად ის საკმაოდ გონიერია და საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია".

სპორტსმენისთვის ერთერთი უმთავრესი თვისება ხომ ნებისყოფა და გამძლეობაა. გურამი ამ მხრივაც გამორჩეულია. აი, ასე აღწერს ის საკუთარ სტილს:

"კარგად გავითავისე, რომ ბრძოლის დროს არამხოლოდ მე ვკარგავ ენერგიას, იგივე ემართება მეტოქესაც. რა თქმა უნდა, ორივე ვიღლებით, მაგრამ საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ სწორედ ახლაა აუცილებელი ძალისხმევა და შეტევა. საჭიროა მეტოქეზე მეტი გამძლეობის გამოვლენა.

შესაძლოა ეს ყველაფერი სასაცილოდაც ჟღერდეს, თუმცა მინდა ჩემი ბავშვობის ამბავი მოვყვე. პატარაობისას პიტბული მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მასთან დიდ დროს ვატარებდი. გაწვრთნისას ვაკვირდებოდი მის მოქმედებებს და ანალიზს ვუკეთებდი მის შეუპოვრობას.

სიტუაციის შეფასება ფხიზელი გონებითაა საჭირო, ბრძოლა კი მთელი შემართებით უნდა წარმართო. ბრძოლის დროს ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: რინგზე ყოველთვის თავდაჯერებული გავდივარ. არავითარი "შესაძლოა" ან "ვაითუ"... გონებაში ტრიალებს მხოლოდ "გამარჯვება" და "ეს უნდა შეძლო".

სწორედ ამ თვისებების გამო ახერხებს გურამ გუგენიშვილი ბრძოლის დროს ისეთი სახიფათო მდგომარეობებიდან თავის დაძვრენას და გამარჯვებამდე მისვლას, სხვა რომ ფარ-ხმალს დაყრიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიქს ფაიტი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში შორსაა იმ დონისგან, რომელიც ამერიკაშია, გუგენაშვილი სამშობლოში ვარსკლავის სტატუსს ნელნელა, მაგრამ იძენს.

"ჩვენ რინგზე ორი ქვეყნის დროშით გამოვდივართ: ქართულით და უკრაინულით. გურამი საქართველოს მოქალაქეა და თავისი ქვეყნის პატრიოტია. თუმცა, მისთვის დიდი პატივია იბრძოლოს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სახელით.

ბოლო ბრძოლის შემდეგ ჩვენ ტელეჟურნალისტებთან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ახლა საქართველოში იციან, ვინაა გურამი და რას საქმიანობს "M-1 გლობალი".

მომზადებულია mixfight.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა დაგლოცოს გურამ
mzia
23:28 23-06-2012
0
მუდამ გამარჯვებული გევლოს¡¡¡¡¡¡¡¡
otari56
18:44 28-04-2011
0

სიახლეები პოპულარული