სენსაცია მოახლოვდა

AutoSharing Option
შეფილდში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც გამოცდილი შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი 21 წლის ინგლისელ ჯად ტრამპს ხვდება. ჰინგისი მეოთხე ტიტულისთვის იბრძვის, ტრამპი კი 1990 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი გახლავთ.

გაიმართა ორი სესია და ჯერჯერობით ახალგაზრდობა ამარცხებს გამოცდილებას. პირველ ნაწილში დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშის (4:4) შემდეგ, მეორე სესია ტრამპის ბენეფისად იქცა. 21 წლის სნუკერისტი სასწაულებს ახდენდა - ურთულეს ბურთებს აგდებდა ნებისმიერი დისტანციიდან და მისმა ასეთმა თამაშმა თვით ჰიგინსიც კი დააბნია.

თუმცა ამ სესიაში პირველი პარტია სწორედ შოტლანდიელმა აიღო 60-ქულიანი ბრეიკის
წყალობით. მაგრამ ჯადმა ანგარიში გაათანაბრა, როცა მისმა მეტოქეს მწვანე ბურთი ვერ ჩააგდო შუა ლუზაში - 5:5. ამას მოჰყვა სამგზის ჩემპიონის კიდევ ერთი შეცდომა, ამჯერად წითელი ბურთით და ტრამპმა 58-ქულიანი ბრეიკით ანგარიში წაიყვანა.

ჯონმა ორ პარტიაში ვერც ერთი ქულის აღება ვერ შეძლო. ტრამპმა კი მე-12 ფრეიმში ამ ტურნირზე მეცხრე "სენჩური-ბრეიკი" (103 ქულა) დააფიქსირა და კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა - 7:5!

რა თქმა უნდა, გონებაში არავის გაუვლია იმის შესახებ, რომ ჰიგინსი ასე იოლად დანებდებოდა. მან თავი ხელში აიყვანა და თანაფარდობა აღადგინა. მაგრამ ეს მონდომება დასაწინაურებლად საკმარისი არ აღმოჩნდა - ინგლისელმა 49-ქულიანი ბრეიკით რიგით მერვე ფრეიმი აიღო - 8:7. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჯერ ჯადმა მოიგო ფრეიმი, რომელშიც ჯონმა აღიარა დამარცხება იმის მიუხედავად, რომ მაგიდაზე საკმარისი რაოდენობის ბურთები იყო, შემდეგ კი ჰიგინსი მარტივ სიტუაციაში შავი ბურთის დარტყმისას შეცდა და ინგლისელმა ეს შანსი კარგად გამოიყენა. 10:7 ორი სესიის შემდეგ და ახლა ჯადისთვის საკმარისია შვიდი ფრეიმის მოგება, რითაც სტივენ ჰენდრის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული