მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
სხვადასხვა კონტინენტის 21 ქვეყნის საუკეთესო ბატუტზე მხტომელები მოიყრიან თავს სანკტ-პეტერბურგში, სადაც 27-28 მაისს მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი გაიმართება. საპატიო პრიზისთვის იბრძოლებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები - ანა დოღონაძე (გერმანია), ჰი ვიენა, შანშანი (ორივე-ჩინეთი), ირინა კარავაევა (რუსეთი), იური ნიკიტინი (უკრაინა), ტატიანა ხილკო (უზბეკეთი) და სხვები. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად დღეს დილით სანკტ-პეტერბურგს გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა, თენგიზ კოშკაძე, ტანვარჯიშულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი რუსუდან ხოფერია (იგი მსაჯად არის მიწვეული), ეროვნული ნაკრების
მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი და მწვრთნელი ლუდა გოლოვინა.

რუსეთში გამგზავრების წინ ზაურ სულაშვილს ვესაუბრეთ:

- მსოფლიოს თასი შვიდი ეტაპისგან შედგება, საიდანაც 4 საუკეთესო შედეგი გამოავლენს საპატიო ჯილდოს მფლობელსა და პრიზიორებს. წლეულს პირველი ეტაპი ვარნაში გაიმართა. იქ ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება გავიარეთ. ლუბა გოლოვინამ ფინალში მეშვიდე ადგილი დაიკავა. საინტერესო ის არის, რომ შარშანდელთან შედარებით ლუბას ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი 13,7-დან 14,1-მდე გავზარდეთ. პირველ ელემენტს, რომელსაც უწინ დაჯგუფებით ასრულებდა, ახლა კეცით აკეთებს, რაც ურთულეს ელემენტად მიიჩნევა. გოლოვინამ იგი ვარნის ტურნირის ფინალში გამოცადა და კარგადაც გამოუვიდა. ეს ელემენტი ვარჯიშებზე უფრო დაიხვეწა.

რაც შეეხება თენგიზ კოშკაძეს, მას ვარნაში ტრავმის გამო არ უასპარეზია. ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ტრავმა მოიშუშა. მონდომებით შეუდგა წვრთნას. შარშან კოშკაძემ პორტუგალიაში მსოფლიოს თასის ეტაპზე 16,2 სირთულით მე-6 ადგილი დაიკავა. ამჟამად სირთულის ეს მაჩვენებელი 16,4-მდე გავზარდეთ, რაც ზღვარი არ არის. ჩვენი სპორტსმენები მსოფლიოს თასის კიდევ სამ ეტაპზე მოსინჯავენ ძალებს. ყველა ეს შეჯიბრება გამიზნულია სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად. ამ ასპარეზობას კი 27-30 ნოემბერს ბირმინგემი უმასპინძლებს. ინგლისში ქალ-ვაჟთათვის ლონდონის ოლიმპიადის 8-8 საგზური გათამაშდება. დანარჩენი ლიცენზიების მფლობელები კი გაისად გამოვლინდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული