ევროპაზე... 17 წლის შემდეგ

AutoSharing Option
იყო დრო, საქართველოში სინქრონული ცურვა წარმატებულ სახეობად მიიჩნეოდა. ჯგუფურ ვარჯიშში ქართველ სპორტსმენებს საკავშირო ჩემპიონატში საპრიზო ადგილიც დაუკავებიათ, ოთხმოციანი წლების მიწურულს ქრისტინა ფალასანდისა და ნინო მაისურაძის დუეტმა დონეცკში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. მერე ქრისტინა ათენში გადავიდა საცხოვრებლად და ოლიმპიურ თამაშებშიც მოსინჯა ძალები.

1991 წელს ლიკა ბოკერიამ და ტატიანა პლატონოვამ მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავეს, 1994 წელს კი ჩვენმა გოგონებმა რუსეთის დედაქალაქში იუნიორთა ევროპის პირველობაზე იასპარეზეს.

მას შემდეგ საქართველოში სინქრონული ცურვის ჭაჭანებაც არ ყოფილა. მწვრთნელთა უმეტესობა უცხოეთში წავიდა
სამუშაოდ, მათ შორის საბჭოთა კავშირის პრიზიორი ნინო ლომოური, რომელიც დიდი ხანია, სალონიკში ცხოვრობს და იქაურებს ავარჯიშებს, მათ შორის საკუთარ ქალიშვილს - ქრისტინე ბოჭორიშვილს. ამ უკანასკნელმა წლეულს ლუქსემბურგის საერთაშორისო ტურნირზე 1993 წელს და უფრო გვიან დაბადებულთა შორის 71,1925 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

სწორედ ამ ასაკში გუშინ ქრისტინა ბოჭორიშვილმა (1995 წელსაა დაბადებული) ბელგრადში საქართველოს სახელით იუნიორთა ევროპის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობა. სოლოში მედლების 18 მაძიებელს შორის 76,6700 ქულით (ტექნიკაში-38.2500, არტისტიკაში-38.4200) მე-10 ადგილზე გავიდა. ჩემპიონობა რუსმა ვლადა ჩიგიროვამ (91.9200) მოიპოვა, მეორე-მესამე ადგილები ანასტასია სავჩუკმა (უკრაინა, 87.2000) და ლინდა კერუტიმ (იტალია, 87.1000) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული