თუმცა იქამდე მზადების ხანგრძლივი და სპარტანული რეჟიმი იყო - ყოველ დილით რამდენიმე კილომეტრს დარბოდა, ვარჯიშობდა, ფიზიკურად თუ სულიერად იწრთობოდა და თან თანამოაზრეებს ეძებდა. ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე მეც მივიღე შემოთავაზება დამგზავრების შესახებ, მაგრამ მენისკიანი მუხლის გადამკიდემ ვერ გავბედე. მოგვიანებით შევიტყვე, რომ სხვასაც მიმართა მსგავსი თხოვნით, თუმცა საბოლოოდ მაინც მარტო წავიდა. სამაგიეროდ, დღეს იმავე სოციალურ ქსელებში არაერთი წუხს იმის თაობაზე, რომ არ დაემგზავრა. ამ უპრეცედენტო ლაშქრობამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, დარწმუნებული ვარ, გაისად ბევრი მიბაძავს... საქართველოს უახლეს წარსულში ყოფილა შემთხვევები, როცა მომლოცველებს გაუვლიათ ამხელა მანძილი, მაგრამ წმინდა სპორტული თვალსაზრისით - არავის. ლევანმა ხომ ამ მსვლელობას სვანეთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების იდეა დაუდო საფუძვლად.
არღვლიანი თბილისელია და უშგულისკენ სვლაც აქედან დაიწყო - მთაწმინდიდან, აბაკელიას ქუჩიდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა. იმავე წუთიდან მასზე ინტენსიური ლაპარაკი დაიწყო. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, `თბილისის ფორუმზე~ თუ სხვაგან საგანგებო თემები გაიხსნა მის შესახებ - ასობით ადამიანი ინტერესდებოდა მისი ბედით; მიზეზით, თუ რამ აიძულა ასე თავის გადადება. ბევრს უკვირდა, ბევრი ვერ იგებდა ამ ყველაფრის მიზეზს, მაგრამ ერთში კი თანხმდებოდნენ ყველანი - იგი მიზანსწრაფული ადამიანია, ასეთები კი პატივისცემას იმსახურებენ. თან ამ მოგზაურობას თვალს ადევნებდნენ არა მარტო რიგითი ადამიანები - სახელმწიფო სტრუქტურების, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, სპორტისა და კულტურის, სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებიც და ეკონტაქტებოდნენ კიდეც, თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ. მოგვიანებით მეგობრებმა ტვიტერის პროგრამა ჩაურთეს და მსურველები პირდაპირ ადევნებდნენ თვალს მის მსვლელობას, მაგრამ ქომაგთა მესიჯებმა შეაწუხა და ეს პროგრამა ორ დღეში მისივე თხოვნით გათიშეს.
უშგულამდე გაჭიმული 528 კილომეტრიანი გზა გადახვევებით 560 კილომეტრამდე გაიზარდა. მოგზაურმა ეს მანძილი 17 დღეზე გათვალა, მაგრამ მოულოდნელმა პრობლემებმა ვადა ცოტათი გაზარდა. თავიდანვე მცირე ბარგი წაიღო, თუმცა საბოლოოდ კარავი გზიდან უკან დააბრუნა და ღამეს ხან ნაცნობებთან, ზოგჯერ კი ბენზინგასამართ სადგურებთან ან პოლიციის შენობების სიახლოვეს ათევდა. საკვებსაც გზადაგზა ყიდულობდა და ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ.
სიჯიუტე და შეუპოვრობა კი ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან ბედმა გამოუცდელს მკაცრი გამოცდაც მოუწყო. პრობლემები პირველივე დღიდან დაიწყო - საგანგებოდ ამ დღისთვის შემონახულმა ფეხსაცმელმა უმტყუნა და სულ რამდენიმე კილომეტრში ფეხებზე პირველი წყლულები გაუჩნდა. არადა, ის ფეხსაცმელი უცხოეთიდან გამოიწერა რჩევით, მაგრამ შეცდომა ის იყო, რომ წასვლამდე თბილისში არ გამოსცადა. შედეგად, აგვისტოს პაპანაქებაში მიაბიჯებდა დასახული მიზნისკენ და ყურადღებას არ აქცევდა არც დაღლას და არც - ტკივილებს ფეხზე, მაგრამ უკან დახევას არც პრობლემა აპირებდა... რაკიღა წყლულების გამო ფეხებს ნორმალურად ვერ აბიჯებდა, ამან მთელი კიდურების გადაღლა გამოიწვია და მესამე დღეს უკვე არა მარტო ტერფების, არამედ მთელი კუნთების, ქვედა სახსრების აუტანელი ტკივილებით მიაბიჯებდა უშგულისკენ... ასე ჩააღწია ხაშურში, სადაც ფეხსაცმელიც შეიცვალა, სამი დღეც დაისვენა და მერე რიკოთის უღელტეხილიც გადალახა. მაგრამ ის სამი დღე ამ მოგზაურობის ყველაზე მწარე მონაკვეთი იყო. კიდევ კარგი, კეთილ ადამიანთა დახმარებით მანამდე გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალეს, საჭირო წამლებიც მისცეს და რჩევა-დარიგებებითაც მოამარაგეს. `უკვე 1001 გამოცდილება დამიგროვდა. ერთი სული მაქვს, როდის გავუზიარებ სხვებს~ - ეს მისი ერთ-ერთი მესიჯია. ეს ტკივილები უკვე იმდენად ჩემია და მშობლიური, მათზე აღარც ვფიქრობო, ეს სიტყვები კი სხვას დაუმესიჯა. სატელეფონო საუბრებში რამდენჯერმე მითხრა, ტკივილებს უკვე არ ვაქცევ ყურადღებას - როგორც უნდა მიმატოს, მე მაინც წავალო. საბოლოოდ, ტკივილებმა უკან დაიხია, გზა დაუთმო შეუპოვრობას, ადამიანურ მიზანსწრაფვას და თანდათან ჩაყუჩდა, მაგრამ არა იმდენად, თავი ყოველდღიურად არ შეეხსენებინა.
ლევან არღვლიანი რამდენიმე მოწვევის დეპუტატ ლია ცინდელიანის დისშვილია, მაგრამ არ გეგონოთ, რაიმე პრივილეგიით ისარგებლა... მან თავიდანვე მიზნად დაისახა, რომ საწადელი მხოლოდ საკუთარი ძალებით აესრულებინა და საამისოდ არაერთ დასახმარებლად გამოწვდილ ხელს უთხრა უარი... ხაიშში ასულს ჭუბერიდან ბიძაშვილი ჩამოეგება მანქანით, ამ 9 კილომეტრს მაინც აგიყვანო, მაგრამ უარი უთხრა, ასევე იუარა პატრულის თუ შემხვედრი მანქანების დახმარება - მას ხომ მიზანი ჰქონდა და ჯიუტად მიიწევდა ამ მიზნისკენ.
სწორედ ამ თვისებების გამო მან ლაშქრობაში რამდენიმე მართლაც რომ გმირობა ჩაიდინა. თავად განსაჯეთ - აბაშის რაიონის სოფელ მარანიდან (არსებითად, ეს სოფელი სამტრედიას ესაზღვრება, აბაშამდე კი ბევრად შორია) ხობში, სოფელ ხეთაში ერთ დღეში ჩავიდა; ჯვარიდან სისხამ დილით გასულმა სამანქანო გზიდან ჭუბერისკენ გადაუხვია და საღამოს უკვე იქ იყო, თუმცა მთავარი გმირობა თურმე ჯერ კიდევ წინ იყო - ჭუბერიდან ასევე ერთ დღეში გადავიდა ბეჩოში... თუ მანამდე ჩვეულებრივ გადიოდა 40-45 კმ-ს, იმ დღეს 58 კილომეტრზე ცოტა მეტი გაიარა! ბეჩოდან მესტიაში გადაინაცვლა და, სეირნობით გადმოვედი აქამდეო, მითხრა. 58 კილომეტრთან შედარებით, ბეჩო-მესტიის 18-კილომეტრიანი გზა მართლაც სეირნობაა მისთვის.
არღვლიანი მესტიის რაიონის სოფელ ცხუმარიდანაა, თუმცა ჭუბერში მისი დედულეთია. ამ სოფელთან ცხოვრების დიდი ნაწილი და საუკეთესო მოგონებები აკავშირებს. პირველი გამორჩეული შეხვედრაც იქ მოუწყვეს - სოფლის შესასვლელთან მთელი სოფელი დახვდა გამოფენილი. ოლიმპიურ ჩემპიონებს რომ ეგებებიან, უცებ ის გამახსენდაო, მითხრა სატელეფონო საუბრისას. ყველას უნდოდა გამოლაპარაკება, მასთან სურათის გადაღება, ის კი ისე იყო ამდენი დღის სიცხეში, მტვერსა და ქარში მგზავრობით დაღლილი, სახიდან მზის სათვალესაც ვერ იხსნიდა. დაახლოებით ამ პერიოდში მასზე ტელევიზიაში სიუჟეტიც გავიდა და ამ საოცარი მგზავრობის ამბავი უკვე მთელმა სვანეთმა გაიგო. ადამიანური გმირობის გამოვლენის ამ მაგალითმა თვით დინჯი და სიტყვაძვირი სვანებიც აღაფრთოვანა და გზად შემხვედრი მანქანები სვანურად ესალმებოდნენ, კარგ სვანს გაუმარჯოსო, ბეჩოსკენ მიმავალს კი სოფლებში მართლაც გმირივით ეგებებოდნენ. რაიმეს ყიდვა თუ მინდა, ფულს არ მართმევენ, მაგრამ მე არ ვეშვებიო, ესეც მისი სიტყვებია.
ამ მგზავრობისას მან ბევრი დადებითიც დაინახა, რაც იქნებ ჩვეულებრივ ყოფაში ვერ ეხილა. თან იმდენად ამაღლებული სიუჟეტები, შეუძლებელია, ამ ზნეობადაკარგულ ეპოქაში გული არ გაგითბოს და არ გაფიქრებინოს, რომ, რაკი ასეთი რამეები ისევ ხდება, გადაშენება არ გვიწერია. ეს იყო ალალი გულით გამოწვდილი დახმარების ხელი სრულიად უცნობი, უბრალო ადამიანებისა, რომელთაგან ზოგს ის უცხოელიც კი ეგონა და ინგლისურად ესალმებოდა - რას ვიზამთ, საქართველოში ასეთი რამეები უცხოა. მაგრამ თავად ყველაზე მეტად საპატრულო პოლიციის მადლობელია იმ ადამიანური ყურადღებისთვის, რასაც მთელი გზა მის მიმართ იჩენდნენ - ვგრძნობდი, რომ ერთი რაიონიდან მეორეში გადასვლისას ჩემს თავს ესტაფეტასავით გადააბარებდნენ იქაურ საპატრულო პოლიციასო, მითხრა ერთხელ. გზაშიც მორიგე მანქანები თავისით უჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. მათ ყველაფერზე ეტყობოდათ, რომ ბოლომდე იყვნენ ინფორმირებულნი. ერთხელ სამეგრელოში საღამოს მიაკითხეს და პაპანწყუეს ტბაზეც გაასეირნეს... სულ სხვა კუთხით შეიცნო საკუთარი სამშობლო. თუდაც სვანეთი. ჩემი კუთხეა და მანქანით აქ ხშირად დავდივარ, მაგრამ ჯვარიდან ჭუბერში მიმავალმა სულ სხვა, მართლაც საოცარი სვანეთი ვნახეო, მითხრა და აღტაცებას ვერ ფარავდა იქაურობით, რომელსაც, თუ არა ეს გასვლა, სხვა დროს ვერც იხილავდა. იქ რამდენიმე საათი აღმართზე იარა, ვიდრე უღელტეხილს გადალახავდა, მაგრამ ისეთ სილამაზეში მივდიოდი, ტკივილები არც მახსოვდაო.
სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიკვირდა ისტორიაში ამოკითხული, როგორ ახერხებდნენ ადამიანები შორეულ ქვეყნებში წასვლას, თუმცა არღვლიანის მაგალითმა დამარწმუნა, რომ ადამიანურ შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია. მთავარია, გქონდეს მიზანი და შეუპოვრობა, სულის სიმტკიცე, პრობლემები კი დაიძლევა. თავიდან არც მე მეგონა, თბილისიდან უშგულამდე ფეხით ასვლა თუ შეიძლებოდა, ლევან არღვლიანმა კი ეს თითქოს უცებ გააკეთა - დღეს უკვე უშგულში, ლამარიას ეკლესიის ეზოში იქნება და ეს საოცარი გასვლაც დასრულდება. იგი არა მარტო ჩემთვის იქცა გაუტეხლობის სიმბოლოდ და ამიტომაც მგონია, რომ მას ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება. ამ გასვლის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) მიზანიც ხომ ეს იყო - მოწოდება აქტიური ცხოვრებისკენ, რათა შეძლონ რაიმე ღირებულის, რაიმე ისეთის გაკეთება, რაც დიდხანს დარჩება საზოგადოების მახსოვრობაში. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მთავარია, მიზანი დაისახო და ყველა პრობლემას დაძლევ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"