თასს მეზობლებმა უკეთ დაუმიზნეს

AutoSharing Option
გუშინ ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ცნობილი ქართველი მსროლელის, ევროპის სამგზის ჩემპიონისა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან შოთა ქველიაშვილის თასზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

უცხოელთაგან მასში ამჯერადაც მხოლოდ აზერბაიჯანელები მონაწილეობენ, თუმცა ჩვენები სხვების მოწვევაზე დიდად არც ზრუნავენ, რადგან საქართველოში არსებული ეს ერთადერთი კეთილმოწყობილი ტირი, სამწუხაროდ, არც ისე დიდია და ბევრ მონაწილეს ვერც დაიტევს. მართალია, ქვეყანაში არსებობს კიდევ 1-2 დახურული ტირი, მაგრამ იქ არათუ საერთაშორისო, ადგილობრივი მნიშვნელობის შეჯიბრებების გამართვაც კი შეუძლებელია. იმედია, ერთხელ და სამუდამოდ დაადგება საშველი მსროლელთა ბაზის მშენებლობას ვარკეთილში,
სადაც მესტენდურებსაც ეღირსებათ კეთილმოწყობილი სასროლეთი და - ტყვიის მსროლელებსაც.

აზერბაიჯანელები ამჯერადაც მოზრდილი გუნდით ჩამოვიდნენ, რომელსაც ტრადიციულად მსოფლიოს სამგზის ვერცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ირადა აშუმოვა ლიდერობს. გუნდშია მისი დისშვილი ნიგიარ ბაგიროვაც, სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი ჩუბინი კი მათ არავინ ჰყავთ. მთლიანობაში ტურნირში 50-მდე მსროლელი გამოდის.

გუშინ გაიმართა შეჯიბრებები ქალთა და ვაჟთა შორის. ქალებში მასპინძელთაგან სტუმრებს მეტოქეობა მხოლოდ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ გაუწია, თუმცა გამარჯვება მაინც აზერბაიჯანელებს დარჩათ. აშუმოვამ ჯამში 479,7 ქულა დააგროვა და ოქროს მედალსაც დაეუფლა, სალუქვაძემ 477,9-ით ვერცხლი მოიპოვა, ბრინჯაო კი ბაგიროვამ ირგუნა-469,8.

სტუმრების გამარჯვებით დასრულდა ვაჟთა ტურნირიც, თუმცა იქ საპრიზო სამეულში რიცხობრივი უპირატესობა ქართველთა მხარესაა. წინა წლებში აქ აზერბაიჯანელი რუსლან ლინიოვი იმარჯვებდა, რომელიც ახლა ჯარშია გაწვეული და ვერ გვესტუმრა, თუმცა პირველობა მაინც შარშანდელ გამარჯვებულ აზერბაიჯანელ რასულ მამედოვს ხვდა, რომელმაც ჯამში 676,5 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე მასპინძელი ლევან ქადაგიძე გავიდა 665,2-ით, ბრინჯაო კი 658,6-იან მის თანაგუნდელ დავით ახვლედიანს ერგო.

დღეს ქველიაშვილის თასის მოსაპოვებლად ბიჭები იასპარეზებენ, ხვალ - გოგოები. ხვალვე გაიმართება დაჯილდოება და შეჯიბრებაც დაიხურება.

ჩვენი სპორტსმენებისთვის ეს ტურნირი ახალი სეზონისთვის მზადების ერთ-ერთი პირველი ეტაპია. წლეულს მათ წინ აქვთ კიდევ ერთი შეჯიბრება - 17-18 დეკემბერს ისევ სალუქვაძის სახელობის ტირში საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდება. უცხოელთა, კონკრეტულად კი აზერბაიჯანელთა მოწვევა იქაცაა განზრახული, მაგრამ მათი სტუმრობა ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული