უფროსებში პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანმა ლუბა გოლოვინამ მე-12 ადგილი დაიკავა, ხოლო ახალგაზრდებში თამარ კაკაშვილმა და ნანა გოგაშვილმა სინქრონულ ხტომებში ვერცხლის მედალი დაიმსახურეს, ორი სპორტსმენი ინდივიდუალურისა და ერთი წყვილიც სინქრონული ხტომების ფინალში მოხვდა.
ბრიტანულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ბატუტზე მხტომელთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი:
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მონდომებით ვემზადებოდით. ჩვენი ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის, სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებითა და თანადგომით დასკვნითი შეკრება დუშეთში გავიარეთ, სადაც ჩინებული პირობები
ჩვენი დელეგაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლუბა გოლოვინას წარმატებით ასპარეზობა იყო, რადგან ფინალში მოხვედრის შემთხვევაში იგი ლონდონის ოლიმპიადის საგზურს დაიბევებდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუბა სავალდებულო პროგრამის შემდეგ მე-7 ადგილზე იყო. ნებისმიერში 14,4 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიშიც კარგად შეასრულა, მაგრამ დაფიქსირებისას სადაზღვევო ლეიბს ფეხით შეეხო, მსაჯებმა 3 ქულა დააკლეს, რამაც იგი ფინალს მიღმა დატოვა. არადა, ჩემპიონატზე მასზე რთული კოეფიციენტის ვარჯიში მხოლოდ ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ჰი ვიენას ჰქონდა, რომელმაც ბირმინგემში ოქროს მედალი დაიმსახურა.
გოლოვინას ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს: მეცხრე-ოცდამესამე ადგილებზე გასული მხტომელები 13 იანვარს ლონდონის სალიცენზიო ტურნირში 6 საგზურისთვის იბრძოლებენ. იქ ლუბას კონკურენციას გაუწევენ პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი კატერინა ხილკო (უზბეკეთი), ევროპის მესამე პრიზიორები - რუსი გალინა გონჩარენკო და პორტუგალიელი ანა რენტე, ჩეხი ზიტა ფრიდრიჩოვა, უკრაინელი მარინა კუიკო. მათთან პაექრობაში ლუბას საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.
რაც შეეხება თენგიზ კოშკაძეს, მან დუშეთში ბოლო ვარჯიშისას ფეხის ტრავმა მიიღო და ბირმინგემში ვეღარ იასპარეზა.
ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობა ჩვენთვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი რუსუდან ხოფერია შეჯიბრების მთავარ მსაჯად დანიშნეს, რაც ქართული ბატუტზე ხტომის სკოლის აღიარებად მიმაჩნია.
ეტყობა, ამგვარმა სიურპრიზმა კარგად იმოქმედა ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებზე - გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებზე. 17-18-წლიანთა შორის სინქრონულ ხტომებში თამარ კაკაშვილმა და ნანა გოგაშვილმა (183-ე სკოლა) საკვალიფიკაციო ეტაპზე 42.500 ქულით მე-3 ადგილი დაიაკავეს, ფინალში კი ეს მაჩვენებელი გააუმჯობესეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს: გამარჯვებულ ბელარუსებს - ლონსა და ზაიცავას მხოლოდ 0,7 ქულით ჩამორჩნენ.
13-14-წლიანებში სამი ქართველი სპორტსმენი ცდიდა ძალებს. წინასწარ ეტაპზე 12-წლიანთა შორის შარშანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ანა ოდიშვილმა 50.975 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. არადა, იგი ერთი წლით უფროსებს ეჯიბრებოდა. ამ ასაკში კი ამ მცირე სხვაობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ფინალშიც გამოჩნდა.
ანას მეტოქეთა შორის ყველაზე რთული - 13,1 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიში ჰქონდა. მე-4 ელემენტის შესრულებისას სიმაღლე ვერ შეინარჩუნა, რამაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად იმოქმედა. მოგეხსენებათ ახალი წესებით, ვარჯიშის ტექნიკასა და სირთულეს ჰაერში შეყოვნების დროც ემატება. წამის მეასედები დააკლდა და მედალოსნებს 0,24 ქულით ჩამორჩა - მე-4 ადგილზე გავიდა. ოდიშვილმა თეონა ჯანჯღავასთან (ორივე - 49-ე სკოლა) ერთად სინქრონულ ხტომებშიც მე-4 ადგილი დაიკავა - ჩვენს სპორტსმენებს მე-5 ელემენტის შესრულებისას სინქრონულობა დაერღვათ და ბრინჯაოს მედალოსნებმა 0,3 ქულით აჯობეს. ამავე ასაკში გადიოდა ზურაბ ნოზაძე (124-ე სკოლა), რომელიც ფინალში 51.770 ქულით მეექვსე იყო.
მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის წარმომადენლებთან პაექრობაში მიღწეული შედეგებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი სპორტსმენების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს - ზურაბ კიკნაძეს, ვლადიმირ გოლოვინს, ლია ხრიკულსა და რეზო გამხოშვილს. მათი თავდადებული გარჯა იმის საწინდარია, რომ ჩვენი მხტომელები მომავალ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში უფრო თამამად და წარმატებით ისპარეზებენ.
ერთიც მინდა დავძინო: ფედერაციისა და ქართული სპორტის მესვეურთა ძალისხმევით, როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული ნაკრების წევრები, წინა წლებისგან განსხვავებით ახალი სპორტული ფორმით წარსდგნენ ჩემპიონატის საზეიმო გახსნაზე. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენთვის უჩვეულო და სასიამოვნო ფაქტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"