ანა დოღონაძე ლონდონის კვარცხლბეკზეც ფიქრობს

AutoSharing Option
რუსულ სანკტ-პეტერბურგში 10 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დამთავრდება ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 27 ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ, როგორც ინდივიდუალურ, ისე სინქრონულ ხტომებში.

საქართველოდან (მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი) უფროსებში მედლებისთვის ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ლუბა გოლოვინა, მსოფლიოს თასების მრავალგზის ფინალისტი თენგიზ კოშკაძე და სინქრონულ ხტომებში ახალგაზრდებს შორის შარშანდელი მსოფლიოს პირველობის ვერცხლისპრიზიორი თამარ კაკაშვილი იბრძოლებენ; ხოლო 12-წლიანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა (ორივე - როგორც ინდივიდუალურში, ისე სინქრონში), ნანა გოგაშვილი და ზურაბ ნოზაძე ახალგაზრდებში მოსინჯავენ ძალებს.

ოდიშვილი და ჯანჯღავა სარბიელზე
ხვალ გავლენ სინქრონულ ხტომებში, ხოლო ინდივიდუალურში 12 აპრილს გაუწევენ მეტოქეობას კონკურენტებს გოგაშვილსა და ნოზაძესთან ერთად. უფროსები 13 აპრილს გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ფინალური პაექრობები 14 აპრილსაა დაგეგმილი.

სანკტ-პეტერბურგში კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე იასპარეზებს - ოლიმპიური ჩემპიონი ანა დოღონაძე, ოღონდ გერმანიის სახელით. ანამ ბატუტზე ხტომაში ვარჯიში ძმის ინიციატივით თბილისში დაიწყო.

წლების განმავლობაში ზაურ სულაშვილთან იმაღლებდა ოსტატობას. რუსუდან ხოფერიასთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც ისახელა თავი, თუმცა ხმაურიან გამარჯვებებს მას შემდეგ მიაღწია, რაც გერმანიაში გათხოვდა (ახლა ანას 17 წლის ქალიშვილი ჰყავს, მარიამი): 1998 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო ინდივიდუალურ ხტომებში, სამი წლის შემდეგ მსგავს წარმატებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწია, 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მომდევნო წელს ჯესიკა სიმონისთან ერთად გაიმარჯვა სინქრონულ ხტომებში მსოფლიოს ჩემპიონატზე. შარშან ბრიტანულ ბირმინგემში მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურში მე-6 ადგილი დაიკავა და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მეოთხედ მოიპოვა, ხოლო სინქრონში ჯესიკასთან ერთად ისევ პირველი იყო.

გუშინ ანა დოღონაძეს გერმანიაში შევეხმიანეთ.

- სანკტ-პეტერბურგში ევროპის ჩემპიონატზე როგორც ინდივიდუალურში, ისე სინქრონულსა და გუნდურ პირველობაზეც გამოვალ. ეს არის ოლიმპიური თამაშებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი. ამიტომ საპრიზო ადგილებზე მეტად ახალი ვარჯიშების გამოცდაზე ვფიქრობ, თუმცა არც მედლებზე ვიტყვი უარს. მთავარი მიზანი მაინც ლონდონში სამეულში
მოხვედრაა.

- შარშან თქვენ ბირმინგემში ქართველი მხტომელების გამოსვლაც ნახეთ. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- განსაკუთრებით ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატება გამიხარდა. საქართველოს ნაკრებს კარგი ცვლა ეზრდება. რაც შეეხება ლუბა გოლოვინას, დარწმუნებული ვიყავი, ის უსაგზუროდ არ დარჩებოდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ლუბას დიდი შანსი აქვს, ლონდონში საპრიზო სამეულში შევიდეს.

გული დამწყდა თენგიზ კოშკაძეზე. ბოლო დროს იგი საერთაშორისო სარბიელზე ყოჩაღობს. ფეხის ტრავმა რომ არ ჰქონოდა, ბირმინგემში 2012 წლის ოლიმპიადის საგზურს აუცილებლად მოიპოვებდა. თუმცა იგი ჯერ ახალგაზრდაა და ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრისა და იქ თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემა. ტრავმის შემდეგ მან სპორტული ფორმის აღდგენა თუ მოასწრო, შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგშიც გვასახელოს.

- თბილისში როდის აპირებთ ჩამოსვლას (შეგახსენებთ, რომ ანა დოღონაძის მშობლები, ძმა და დები თბილისში ცხოვრობენ. ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოში უამრავი მეგობარიც ჰყავს)?
- ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან მთელი ჩემი ყურადღება ლონდონისკენაა მიმართული, რათა ბრიტანეთის დედაქალაქში კარგად გამოვიდე. დანარჩენი კი მერე ვნახოთ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, როგორც გითხარით, აქაც ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო. ნევისპირა ქალაქში ქართველ მხტომელებსაც წარმატებით გამოსვლას ვუსურვებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული