ბატუტზე ხტომა: ლუბა გოლოვინა ფინალშია

AutoSharing Option
რუსულ სანკ-პეტერბურგში გრძელდება ბატუტზე მხტომელტა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

უკვე გაუწყეთ, რომ ახალგაზრდებში ანა ოდიშვილი, რომელიც 12-წლიანთა შორის 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, ინდივიდუალურ ხტომებში მესამე შედეგით შევიდა ფინალში. მანვე თეონა ჯანჯღავასთან ერთად სინქრონულ ხტომებში საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-5 ადგილი დაიკავა და დღეს ამ სახეობაშიც მედლებისთვის იბრძოლებს.

ნევისპირა ქალაქიდან 13 აპრილს კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ: პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანმა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატმა ლუბა გოლოვინამ შესანიშნავად შეასრულა ვარჯიშები, 101.660 ქულით პირველი ადგილი დაიკავა (მეორე-მესამე ადგილებზე ბრიტანელი ამანდა პარკერი-100.075 და პორტუგალიელი
ანა პენტე-99.605 გავიდნენ) და ფინალში ოქროსთვის დაუპირისპირდება მეტოქეებს.

უფროსებში მას ევროპის ჩემპიონატის მედალი ჯერ არ მოუპოვებია, ახალგაზრდებში კი კონტინენტის ჩემპიონიცაა და მსოფლიოსიც.

საგულისხმოა, რომ სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე ლუბამ ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ოდიშვილი და ჯანჯღავა გავიდნენ, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენებურთაგან სწორედ ეს სამეული შემორჩა მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს.

13 აპრილს ქალთა შორის იასპარეზა სინქრონულ ხტომებში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა (ახალგაზრდებში) თამარ კაკაშვილმა, რომელმაც 86.970 ქულით 33-ე ადგილი დაიკავა.

ფინალში ვერ მოხვდა ოლიმპიური ჩემპიონი ანა დოღონაძეც (გერმანია), რომელიც 98.025 ქულით მე-10 იყო, სამაგიეროდ, იგი სინქრონულში იბრძოლებს ტიტულის შესანარჩუნებლად.

მძიმე ტრავმის შემდეგ პირველად გამოვიდა სარბიელზე თენგიზ კოშკაძე. 50 მონაწილეს შორის მას 38-ე შედეგი (76.405) ჰქონდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ადგილი დმიტრი უშაკოვმა (რუსეთი, 112.350) დაიკავა.

ნევისპირა ქალაქში 14 აპრილს ევროპის ჩემპიონატის ფინალური პაექრობები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა საყვარელი გოგონაა . ყოჩაღ ვოვა კარგი ქალიშვილი გაზარდეთ, ლუბა დეიდა ნამდვილად იამაყებდა ამ წარმატებით, გისურვებთ წინსვლას და ახალ ახალ გამარჯვებებს
cisana
13:23 14-04-2012
0

სიახლეები პოპულარული