სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოთხგზის რონი

AutoSharing Option
შეფილდში დასრულდა მსოფლიოს რიგით 75-ე ჩემპიონატი. ფინალური მატჩით დამთავრდა არა მარტო ტურნირი, არამედ მთელი სეზონი, რომელიც არაჩვეულებრივად გრძელი გამოვიდა.

საინტერესოა, რომ რეიტინგულ ტურნირებს სხვადასხვა მოთამაშე იგებდა და მხოლოდ რონი ო’სალივანს შეეძლო გამხდარიყო პირველი და ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც სეზონში ორ ტიტულს აიღებდა. სპეციალისტთა უმრავლესობა ალი კარტერთან ფინალის წინ ფავორიტად სწორედ რონის მიიჩნევდა.

ორი ინგლისელი სარეიტინგო ტურნირებში მეთერთმეტედ ხვდებოდა ერთმანეთს - რონის ყველა მატჩი ჰქონდა მოგებული. კიდევ სამი მატჩი გაიმართა პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში. ასეთი "ხმაურიანი" სათაურების მიუხედავად, ეს ტურნირები პრესტიჟულად არ
მიიჩნევა და მათ სნუკერისტები ვარჯიშებად იყენებენ, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგას.

სწორედ აქ მოუგო კარტერმა ერთადერთხელ ო’სალივანს. რაც შეეხება მნიშვნელოვან სტარტებს, რონი ყოველთვის დამაჯერებლად ამარცხებდა ალის: 9:2 2001 წელს ბრიტანეთის ჩემპიონატზე, 6:1 და 6:2 2007 და 2009 მასტერსებზე, 13:7 და 18:8 მსოფლიოს 2005 ლა 2008 წლების ჩემპიონატებზე. ოთხი წლის წინ ისინი ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ალიმ ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია რონის.

მაგრამ წლევანდელი ფინალის წინ კარტერმა განაცხადა, რომ ის უკვე აღარ იქნება კმაყოფილი მხოლოდ გადამწყვეტ მატჩში თამაშით.

* * *
ფინალი ფავორიტის სცენარით დაიწყო. ო’სალივანმა მოიგო დაძაბული ფრეიმი და შემდეგ თავის სტიქიაში შევიდა - ბრწყინვალე ასიანი ბრეიკი შეასრულა. კარტერმა თავისი სერიოზული განწყობა დაგვანახა და ორჯერ გაათანაბრა ანგარიში - 2:2 და 3:3. მეშვიდე ფრეიმი კი ისტორიაში შევიდა.

რონი იგებდა 16:0-ს. შემდეგ მისმა მეტოქემ წითელი ბურთი ვერ ჩააგდო და ო’სალივანმა დაიწყო სერია, რომლის ყოველი დარტყმა უდიდეს ოსტატობას მოითხოვდა. მართალია, ბრეიკი 92-ქულიანი იყო, მაგრამ ბევრმა სპეციალისტმა ამ ფრეიმს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო "კლირენსი" უწოდა.

პირველ სესიაში ო’სალივანი ისეთ მაღალ დონეზე მოქმედებდა, რომ მეშვიდე ფრეიმის შემდეგ 141-ქულიანი "სენჩური" გააკეთა - მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში ასეთი სერია არავის ჰქონია. საბოლოოდ ანგარიში 5:3 სამართლიანად გამოხატავს ძალთა თანაფარდობას.

სნუკერისტები საღამოს დაუბრუნდნენ მაგიდას და იქ უკვე გამოჩნდა, რომ ალი კარტერი თანდათან უკლებდა თამაშს. რონიმაც ოდნავ უკლო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის პირველად მატჩში ოთხფრეიმიანი უპირატესობისთვის მიეღწია. შეიძლებოდა სხვაობა ხუთიც ყოფილიყო, მაგრამ კარტერმა ბოლო ფრეიმისთვის ძალები მოიკრიბა - 7:10.

დიდი შესვენების შემდეგ ბევრს იმედი ჰქონდა, რომ დასვენებული კარტერი ბრძოლას მოახვევდა თავს რონის, მაგრამ პირიქით გამოვიდა: ო’სალივანმა ზედიზედ ოთხი ფრეიმი აიღო და 14:7 წაიყვანა ანგარიში, რაც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა. მართალია, ალიმ მონახა საკუთარ თავში ძალა ზედიზედ სამი ფრეიმის მოსაგებად, მაგრამ ფინალური სესიის წინ ანგარიში მაინც არადამაიმედებელი იყო - 10:15.

ბოლო სესია საკმაოდ სწრაფად დასრულდა. რონის მეტი ძალა ჰქონდა შერჩენილი, კარტერი კი მონდომებით ამზადებდა ყველა დარტყმას, მაგრამ თითქმის ყველა ელემენტში ჩამორჩებოდა მეტოქეს. საბოლოოდ 18:11 - რონიმ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.

* * *
რონისთვის სეზონი რთულად მიმდინარეობდა - ხშირად თამაში არ მისდიოდა. ზოგიერთი ტურნირიდან ავადმყოფობის გამო მოიხსნა, მაგრამ თებერვალში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი ტიტული აიღო - გერმანიის მასტერსი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მას რთული ბადე შეხვდა. პირველივე რაუნდში მსოფლიოს ჩემპიონი უპირისპირდებოდა. სულ კი ხუთ მატჩში მან მსოფლიოს სამი ჩემპიონი და ორი ფინალისტი დაამარცხა: ასეთი რთული ბადით "კრუსიბლში" არასოდეს არავის გაუმარჯვია.

ფინალი
ო'სალივანი (14)-კარტერი (13) 18:11 (5:3, 5:4, 5:3)
სენჩური ბრეიკები: 3-1
მაქსიმალური ბრეიკი: 141 (ო'სალივანი)
პრიზი გამარჯვებულს: 250 000 ფუნტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული