მაგიდის ჩოგბურთი: "მორკინალი" გეოგრაფიას ზრდის

AutoSharing Option
შარშან, ოქტომბერში, დედაქალაქის ხუთი საჯარო სკოლის ინიციატივით ჩამოყალიბდა სასპორტო კლუბი "მორკინალი" (პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, ვიცე-პრეზიდენტები - გია ბეგიაშვილი და დავით ხავთასი), რომლის მიზანია დედაქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლე-მასწავლებელთა დაახლოება-დამეგობრება და მათი მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში ჩაბმა.

კლუბის მიერ დღემდე ჩატარებულ შეჯიბრებებში (მინი-ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა, ფრენბურთი, კალათბურთი) უკვე თბილისის ათობით სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

ახლახან მაგიდის ჩოგბურთელთა პაექრობაში 8 საჯარო და 2-მა კერძო სკოლამ (ყოველ გუნდში 5-5 მონაწილე, მათ შორის - თითო ქალ-ვაჟი მასწავლებელი, 2 ბიჭი და 1 გოგონა) იასპარეზა.

ორგანიზატორებმა ისინი ორ ქვეჯგუფში გაანაწილეს. წრიული სისტემით გამართული ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდა ოთხი საუკეთესო გუნდი.

8 მაისს აგრარული უნივერსიტეტის სპორტდარბაზმა ნახევარფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. 115-ე სკოლის წარმომადგენლებმა დიმიტრი ყიფიანის სახელობის კერძო სკოლის ჩოგბურთელებს 4:1 მოუგეს.

ასეთივე ანგარიშით 207-ესკოლელებმა კერძო სკოლა "მარჯის" გუნდს აჯობეს. ფინალში 115-ე სკოლის ნაკრებმა დაძაბულ პაექრობაში 207-ე სკოლის წარმომადგენლები 3:2 დაამარცხა (მასწავლებლები: გია ბეგიაშვილი - გიორგი კალანდაძე 2:3, ნანა ოჩხიკიძე - მზევინარ თავდგირიძე 3:2. მოსწავლეები: ნიკა გობეჯიშვილი - მიხეილ კობალაძე 3:1, გიორგი ჯაოშვილი - გიორგი მეტრეველი 3:2, მარიამ ხმალაძე - ზინაიდა ორუჯოვა 1:3).

მესამე ადგილი ყიფიანის სახელობის სკოლამ დაიკავა.

წლის ბოლომდე "მორკინალი" კიდევ ორ სახეობაში ჩაატარებს შეჯიბრებებს. სექტემბრიდან კი ტურნირებში რეგიონების წარმომადგენლებსაც მიიწვევენ.

"მორკინალი" გეოგრაფიას ზრდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული