რთული ცოცვის კონკურსში პირველი ადგილი 18 წლის გიორგი გაბულდანმა დაიკავა

AutoSharing Option
ქართული ალპინიზმის ისტორიაში ბევრ ჩვენებურს ჩაუწერია სასახელო ფურცლები. ერთ-ერთი იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გრიგოლ გულბანი.

1951 წელს მან ალექსანდრე ნემსიწვერიძესთან, რამინ კვიციანთან და ლევან ახვლედიანთან ერთად უშბის ორივე მწვერვალზე სარეკორდო ასვლა განახორციელა. იმავე წელს აილამას ცენტრალური ბასტიონი დაიპყრო.

1952 წელს კავკასიონის ქედის დიდი ტრავერსისთვის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა. ორი წლის შემდეგ საბჭოთა ექსპედიციამ, რომლის შემადგენლობაში ქართველები, მათ შორის - გრიგოლ გულბანიც შედიოდა, პამირის მთიანეთში ორი 7000-იანი მწვერვალი დაიპყრო, მერე გულბანმა, ნემსიწვერიძემ, მაქსიმე გვარლიანმა და კირილ კუზმინმა ენგელსის
პიკი დალაშქრეს, ხოლო ერთ-ერთ 7000-იან მწვერვალზე პირველასვლით ისარგებლეს და მას საქართველოში ალპინიზმის ფუძემდებლის გიორგი ნიკოლაძის სახელი დაარქვეს.

გრიგოლ გულბანის ხელმძღვანელობით გურამ თიკანაძემ, სოზარ და ჯოკია გუგავებმა რამდენიმე ტრავერსი მოაწყვეს კავკასიონის ქედზე, ლენტეხიდან შოვის გავლით თხილამურებით მამისონი განვლეს და ნალჩიკ-ვლადიკავკაზით ყაზბეგში ავიდნენ.

აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგ გრიგოლ გულბანმა მრავალი სპორტსმენი აღუზარდა ქართულ ალპინიზმს. მისმა ჯგუფმა სხვადასხვა მაღალმთიანეთიდან არაერთი დაღუპული მამულიშვილის ცხედარი (მათ შორის - გურამ თიკანაძისა) ჩამოასვენა.

მადლიერი შთამომავლობა სახელოვანი ალპინისტის სახელს არ ივიწყებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მეკლდეურთა კლუბში მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით კლდეზე ცოცვაში თბილისის პირველობა გაიმართა გრიგოლ გულბანის თასზე.

რთული ცოცვის კონკურსში პირველი ადგილი 18 წლის გიორგი გაბულდანმა დაიკავა, რომელმაც მემორიალური ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ გუგა დაბრუნდაშვილს აჯობა.

ეს უკანასკნელი მეორე ადგილზე გავიდა სწრაფ ცოცვაშიც, სადაც ყველას გიგა ჯანხოთელმა სძლია. გოგონებში წარმატებით იასპარეზეს ანა შაქარაშვილმა და თამარ მელაძემ. რთულ ცოცვაში შარშანდელივით პირველი იყო მელაძე, მეორეზე შაქარაშვილი გავიდა, სწრაფში კი მათ ადგილები გაცვალეს.

სურათზე - გიორგი გაბულდანი
ღვაწლის არდავიწყება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უდიდესი პიროვნება იყო. ასეთი ბუმბერაზი ადამიანების უკვდავყოფა ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დათო
15:41 17-01-2013
0
ძალიან კარგია რომ ყურადღება ექცევა ასეთ ეროვნულ სახეობებს და ისიც რომ ღვაწლმოსილ სპორტსმენებს არ ვივიწყებთ
0

სიახლეები პოპულარული