გოლფში ევროპამ თასი დაიბრუნა

AutoSharing Option

ევროპის ნაკრებმა დაიბრუნა პროფესიულ გოლფში მთავარი გუნდური ტიტული - რაიდერის თასი. ოთხდღიან ტურნირში, რომელიც უელსის ქალაქ ნიუპორტში, გოლფ-კურორტ სელტიკ მენორზში გაიმართა, "ბებერი კონტინენტის" ვარსკვლავებმა თასის მოქმედ მფლობელს - ამერიკის ნაკრებს 14,5:13,5 მოუგეს.
ამერიკელთა რიგებში ირიცხებოდა მსოფლიოს გოლფის ორი მთავარი ვარსკვლავი - ტაიგერ ვუდსი და ფილ მიკელსონი. მაგრამ ამ დუეტმა გუნდს ტიტულის შენარჩუნებაში დახმარება ვერ გაუწია. მიზეზი წყვილებში ამერიკელთა სუსტი გამოსვლა იყო. მიკელსონმა ვერც დასტინ ჯონსონთან და ვერც რიკი ფაულერთან დუეტში ვერ შეძლო თუნდაც ერთი მიკრომატჩის მოგება. მართალია, ვუდსმა სტივ სტრიკელთან

წყვილში სამიდან ორი მატჩი მოიგო, მაგრამ ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმეს ვერ უშველა ვუდსისა და მიკელსონის გამარჯვებებმა ინდივიდუალურ მატჩებში, შესაბამისად იტალიელ ფრანჩესკო მოლინარისა და შვედი პეტერ ჰანსონის წინააღმდეგ. ამერიკელებმა ბოლო მეოთხე სესია 7:5 მოიგეს, მაგრამ თასის მოსაპოვებლად სამქულიანი სხვაობა სჭირდებოდათ.

თასის ბედი ბოლო მიკროდუელში გადაწყდა, რომელშიც ჩრდილოირლანდიელი გრემ მაკდაუელი ამერიკელ ჰანტერ მეიჰენს ხვდებოდა. ძლიერი ნისლის პირობებში ოლსტერის წარმომადგენელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ევროპას რაიდერის თასი დაუბრუნა.

რაიდერის თასი ორ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მინდვრებზე იმართება. ამერიკელი გოლფისტები 1993 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ სტუმრად გამარჯვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული