ქართველმა აკრობატებმა ბულგარეთის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
იყო დრო, სპორტულ აკრობატიკაში ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო სარბიელზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ - მსოფლიოს ჩემპიონატების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც არაერთხელ ასულან.

კარგა ხანს სპორტის ეს სახეობა ჩვენთან უსახსრობის გამო მივიწყებული იყო. რამდენიმე წელიწადია, გამოცოცხლება დაეტყო.

შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზეს, მაგრამ საპრიზო ადგილებს ვერ მისწვდნენ, რადგან საამისოდ ოსტატობა და გამოცდილება არ ეყოთ. სამაგიეროდ, ახლა გაგვახარეს ახალგაზრდებმა.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც 13 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის.

ქართველმა სპორტსმენებმა (დელეგაციის ხელმძღვანელი - ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ინგა გიორგობიანი, მსაჯები -
საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები: ნინო ბერიანიძე და დალი ფეიქრიშვილი) საერთაშორისო ტურნირში დებიუტი ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით აღნიშნეს.

გოგონათა წყვილებში ანი ჯოხაძე და ნინო სირაძე დინამიკურ ვარჯიშში მეორე ადგილზე გავიდნენ, აბსოლუტურში კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ვაჟთა წყვილებში გიორგი ოქროპირიძემ და ტარიელ სირაძემ, როგორც დინამიკურ და სტატიკურ ვარჯიშებში, ისე აბსოლუტურში მესამე ადგილები დაიკავეს. გოგონათა სამეული (გვანცა მურღულია, თინათინ პარწიკანაშვილი, მარიამ ფოფხაძე) მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა.

ქართველი აკრობატები, როგორც ნინო ბერიანიძემ გვითხრა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. ეს შეჯიბრება კი ოქტომბერში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული